Skip to main content

როგორ იტყუება ოცნება აგვისტოს ომზე (და არამარტო)




ქართული ოცნების ბოლო პერიოდის პროპაგანდა საინტერესოა, ნაწილობრივ იმიტომ რომ თანამედროვე საქართველოს ისტორიაში საგარეო კურსის ასეთი სწრაფი ცვლილება უპრეცედენტოა. მეორემხრივ, ოცნებამ ისევ დღის წესრიგში დააყენა აგვისტოს ომის საკითხი, კერძოდ კი საქართველოს იმდროინდელი მთავრობის პასუხისმგებლობა. ნაციონალური მოძრაობის “გასაშავებლად” აგვისტოს ომის თემატიკა ქ.ოცნებას მანამდეც გამოუყენებია, მათ შორის პრეზიდენტ ზურაბიშვილსაც. ამ წინასაარჩევნო კამპანიაში აგვისტოს ომი “გლობალური ომის პარტიის” და “გარე ძალების” კონტექსტში განიხილება, რაც შედარებით ახალია. ოცნების და პროსახელისუფლებო მედიების მტკიცებით, სააკაშვილი “გარე ძალების” ინსტრუქციებს ასრულებდა. მაშ, ომიც დიდწილად ამ “გარე ძალების” დამსახურებაა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა:

“დავალების შესაბამისად, მოღალატე ‘ნაციონალურმა მოძრაობამ’ 2008 წელს ცეცხლის ალში გაახვია ჩვენი ოსი დები და ძმები”. პრაქტიკულად იგივე გაიმეორეს კალაძემ და სხვებმაც. 


მავანი შეიძლება ფიქრობდეს, რომ აშშ-ის სამხედრო მოკავშირეობა, საქართველოსთვის არაა მიზანშეწონილი. შეიძლება იმასაც ამბობდეს, რომ აგვისტოს ომი საქართველომ “დაიწყო”, თუმცა აღნიშნულს საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს “გარე ძალების დავლებებთან”. მეტიც, ყველა შესაძლო მტკიცებულება იმას მოწმობს, რომ სააკაშვილის მთავრობის მიერ კონფლიქტის ესკალაცია არათუ დაკვეთილი იყო, არამედ აშშ-ის (ვაღიაროთ რომ გარე ძალებში ამერიკა იგულისხმება) ინსტრუქციების საპირისპიროდ მოხდა.



აშშ-ის როლი აგვისტოს ომში


სამხრეთ ოსეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების შეყვანამდე, ამერიკის მთავრობის წარმომადგენლები ქართულ მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდებდნენ. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის, მეთიუ ბრაიზას თქმით: “მე ვუთხარი, არავითარ შემთხვევაში არ ჩაერთოთ პირდაპირ კონფლიქტში რუსებთან”. Civil Georgia-სთან მიცემულ ინტერვიუში კი ბრაიზა იხსენებს:


“ჩემი ლიდერების დავალებით რამდენიმე წელი დავუთმე სააკაშვილის დარწმუნებას, რომ ცოტა გაჩუმებულიყო და არ ებრძოლა საქართველოს გაერთიანებისთვის”.


შეიძლება ბრაიზას სიტყვაზე არ ენდობით, თუმცა ვიკილიქსის მიერ გამოაშკარავებული საკაბელო ჩანაწერები, მის მტკიცებებს ადასტურებს.  ერთ-ერთი დოკუმენტის მიხედვით, ვანო მერაბიშვილი ყველაზე რადიკალური (hawkish) იყო აფხაზეთის დაბრუნების საკითხზე. ბრაიზამ მას 12 მაისს განუცხადა, რომ “ომი საქართველოსთვის ძალიან ცუდი არჩევანი იყო” და რომ “[ომი] გაანადგურებდა ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების შანსებს და აშშ-ისგან და ევროპისგან მხარდაჭერის ფასად დაუჯდებოდა”.  


ორი თვის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეტყობინება მიიღო, რომ “რუსეთს აქვს ინფორმაცია, რომელიც მიანიშნებს, რომ საქართველო ‘მნიშვნელოვან სამხედრო მოქმედებებს’ გეგმავდა”. აგვისტოში, როდესაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტებს შორის სროლები დაიწყო, ჯონ ტეფტმა, ვიკილიკსის გამოაშკარავებული საკაბელო ჩანაწერების მიხედვით, აშშ-ის მთავრობის დავალებით “საგარეო საქმეთა მინისტრს და თავდაცვის მინისტრს სიმშვიდისკენ და კონფლიქტის დეესკალაციისკენ მოუწოდა”. 


საკაბელო ჩანაწერებში წარმოჩენილი აშშ-ის მთავრობის სულისკვეთებას ადასტურებს იმდროინდელი სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის მემუარიც, სადაც ის ომამდე სააკაშვილთან შეხვედრას იხსენებს:


“ის [სააკაშვილი] ამაყია და შეიძლება იმპულსურიც იყოს, ჩვენ ყველა ვნერვიულობდით, რომ შესაძლებელი იყო მოსკოვის პროვოკაციას აყოლოდა და ძალა გამოეყენებინა. რეალურად, მან თვითონ შეძლო კონფლიქტის წარმატებით პროვოცირება ქვეყნის სხვა ნაწილში, აჭარაში და შედეგად აჭარის საქართველოში რეინტეგრაცია, საშინაო და საერთაშორისო წნეხით განხორციელდა. ჩვენ ვშიშობდით, რომ ეს პრეცედენტი მას აფიქრებინებდა, რომ იგივე შედეგის მიღწევა შესაძლებელი იყო სხვა, პუტინის საყვარელი სოჭის მახლობელ ტერიტორიებზე”. 


რაისის თქმით, მან სააკაშვილს პირდაპირ განუცხადა:


“ბატონო პრეზიდენტო, რაც არ უნდა ქნათ, არ მისცეთ რუსებს თქვენი პროვოცირების საშუალება. გემახსოვრებათ, პრეზიდენტმა ბუშმა გითხრათ, რომ მოსკოვი ეცდებოდა რაღაც სისულელე გაგაკეთებინოთ. არ დაუპირისპირდეთ რუსულ სამხედრო ძალებს. არავინ მოვა თქვენ საშველად და წააგებთ”. 


საინტერესოა რაისის კომენტარები ომის დასასრულის შემდეგ, ბრუსელში გამართულ NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე:


“მოკავშირეები უცნაურად კეთილგანწყობილები იყვნენ სააკაშვილის მიმართ, მაგრამ უთხრეს, რომ სააკაშვილმა აჩვენა რატომ არის MAP ცუდი იდეა [საქართველოსთვის]”. 



რატომ იტყუება ქართული ოცნება (უნიჭოდ)


ტალიავინის ანგარიში მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც საფუძველს უმაგრებს მათ არგუმენტებს, ვინც მიიჩნევს რომ ნატოს ექსპანსია დიპლომატიურად მიზანშეწონილი არ არის. ქართულ ოცნებას შეეძლო ატნი-ექსპანსიონისტურ სენტიმენტებზე და ტალიავინის ანგარიშზე აეგო პროპაგანდა და საგარეო კურსის ცვლილება ასე გაემართლებინა, ეს საკმარისი იქნებოდა, თუმცა ბოლო წლებში ქ.ოცნების პროპაგანდა სულ უფრო პარანოიდული გახდა. თუნდაც ავიღოთ ე.წ რუსული კანონის “შემობრუნება”, რომელიც მოულოდნელი აღმოჩნდა ბევრი ქ.ოცნების მხარდამჭერისთვისაც კი. ბიძინა ივანიშვილის ცნობილ გამოსვლამდე, სადაც პირველად წამოიჭრა “გლობალური ომის პარტიის” საკითხი, იაკობ ჯანგავაძესთან ინტერვიუში, მეცნიერების ჟურნალისტმა ზაზა დობორჯგინიძემ სწორი შეფასება გააკეთა:


“რატომ უღირთ ამხელა წინააღმდეგობა და რატომ მიდიან ამხელა რისკზე? ამის კარგი ახსნა ამ დრომდე ვერ მოვისმინე… ერთი შეგვიძლია ვივარაუდოთ რუსეთის წნეხი, რომ სხვა გზა არ აქვთ და ამიტომ შემოაბრუნეს ან მეორე, უბრალოდ შიში ბიძინა ივანიშვილის, რომ CIA გადაყირავებას უპირებს და ამიტომ აუცილებელია ბოლომდე აკონტროლოს NGO სექტორი სახელმწიფომ”.  


სხვა ავტორიტარული მთავრობების მსგავსად, ქ.ოცნებას სჭირდება ყოვლისმომცველი მითოლოგია, სადაც 7 ნოემბერი, გირგვლიანის მკვლელობა, ცხინვალის დაბომბვა, ეპშტეინის კუნძული, სოროსი, ენჯეოები, გახარია, ხაზარაძე და გამხმარი ბაობაბის ხეები ერთიანი ბოროტი ძალის ნაწილია. დროთა განმავლობაში, რაც უფრო იკლებს ქ.ოცნების ლეგიტიმაცია, მისი პროპაგანდაც უფრო აბსტრაქტული ხდება. კობახიძე იტყვის რაღაც უაზრობას “გლობალური ომის პარტიაზე” და შემდეგ PosTV-ზე, მემარცხენე ვიდეო-ესეებზე შემჯდარი ფილოსოფოსები ამ ბოდვის რაციონალიზებას თავგამოდებით ცდილობენ. 


ქ.ოცნება ცდილობს თავისი პროპაგანდა დასავლეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს მოარგოს. ქ.ოცნების გათვლაა, რომ ე.წ far-right (ტრამპი, ლე პენი და ა.შ) გაიმარჯვებს. დასავლეთში ამგვარი პოპულიზმი მთლიანად აგებულია ანტი-ლგბტ, ანტი-გლობალისტურ სენტიმენტებზე, შესაბამისად ქ.ოცნება ცდილობს რომ იგივე გადმოიტანოს საქართველოში, რაც ხშირად ძალიან კომიკურია. საქართველოში ე.წ ტრანს-პოზიტიური ჰორმონალური თერაპია თუ ზოგადად, ლგბტ საკითხები პოლიტიკურ დისკურსში უბრალოდ არ არსებობს. ამიტომ PosTV-ის თავის ჰომოფობიურ გადაცემებში, მაკდონალდსის ელტონ ჯონის სათამაშოს ერთიდაიგივე კადრის ჩვენება უწევს საათების განმავლობაში. მსგავსად, უკრაინის ომმა ბიძგი მისცა ქ.ოცნებას, რომ ისტორიის რევიზიონიზმი დაეწყო და აგვისტოს ომსაც ამ შეთქმულების თეორიაში ადგილი მიუჩინა. 



რა არ გვესმის აგვისტოს ომზე და ტალიავინის ანგარიშზე


ტალიავინის ანგარიში მეტწილად იურიდიული დოკუმენტია. მისი ავტორები ამტკიცებენ, რომ საქართველოს მხრიდან ესკალაციაზე საპასუხოდ, რუსეთს ჰქონდა უფლება ეწარმოებინა სამშვიდობო მისია ს.ოსეთში და არა მის საზღვრებს მიღმა. ცხადია, რუსეთს მსგავსი თავშეკავება არ გამოუჩენია და ქართველი ხალხის წინაშე, კიდევ ერთხელ, წარმოუდგენელი სისასტიკები ჩაიდინა. კონფლიქტის ესკალაცია სააკაშვილის ბრალი რომც ყოფილიყო, ეს საერთოდ არ ამართლებს არც ს.ოსეთის ოკუპაციას და არც რუსეთის მომდევნო ქმედებებს. ანგარიშში ანალისტები თავს ნაკლებად იწუხებენ ისეთი კითხვებით როგორებიცაა: იყვნენ თუ არა რუსი სამშვიდობოები გულწრფელი აქტორები? აქეზებდა თუ არა რუსული მთავრობა სეპარატისტებს? და ა.შ. როგორც ჰეიდი ტალიავინი ამბობს:


“სამართლებრივი გადმოსახედიდან, თუ შენი სამშვიდობოები სხვა ქვეყანაში არიან, საქართველოში - მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა კითხვები მათ ნეიტრალურობასთან დაკავშირებით, რუსეთს ჰქონდა გადარჩენის და დაცვის უფლება…”


ომის დაწყებასთან დაკავშირებით კი, 2024 წელს მიცემულ ინტერვიუში, ტალიავინი ისევ იმეორებს:


“ჩვენ მკაფიოდ ვთქვით ყველაფერი ანგარიშში - ქართული მხარისგან არ მიგვიღია არცერთი დოკუმენტი, რაც დანამდვილებით დაამტკიცებდა, თუნდაც ერთი ისეთი რუსული ტანკის სამხრეთ ოსეთში ყოფნას, რომელიც სამშვიდობოებს არ ეკუთვნოდა”. 


სამწუხაროდ, ეს ანგარიში აღიქმება როგორც “მტრის წისქვილზე წყლის დასხმა”, რადგან ბევრისთვის შეუძლებელია კრიტიკული პოზოცია გქონდეს აგვისტოს ომის მოვლენებზე ისე, რომ ქოცი ან რუსეთუმე არ იყო. ფაქტია, რომ აქამდე, არავის არ წარმოუდგენია არცერთი დამაჯერებელი საბუთი, რომელიც ტალიავინის ანგარიშის დასკვნებს უარყოფდა - ფორმულას ინსტაგრამ პოსტები და ერთი ს.ოსეთის მესაზღვრის სატელეფონო სარუბრის არასრული ჩანაწერი არ ითვლება. ტალიავინის ანგარიშს და ზოგადად აგვისტოს ომს უფრო ვრცლად აქ განვიხილავ. სააკაშვილის მთავარი მტკიცება, რომელსაც ის 2008 წელს აჟღერებდა, რომ რუსეთი საქართველოში იმიტომ შემოიჭრა, რომ პატარკაციშვილი-გაჩეჩილაძე-ბურჯანაძის მარიონეტი მთავრობის დასმას აპირებდა, დღეს კიდევ უფრო კომიკურია. 


აგვისტოს ომში საქართველოს წილი პასუხისმგებლობის უარყოფა ბუნდოვანი პატრიოტიზმის თუ პრო-ევროპულობის ან პრო-ნატოობის გამო ძალიან უცნაურია. მეტიც, ჯიუტად იმის გამეორება, რომ სააკაშვილის, ოქრუაშვილის და მერაბიშვილის ნარატივი აგვისტოს ომზე ჭეშმარიტია, ქ.ოცნებას მხოლოდ წაადგება. კრიტიკას იმსახურებს არა ტალიავინის ანგარიში და კონდოლიზა რაისი, არამედ ქ.ოცნების ბუნდოვანი დაპირებები და მინიშნებები რაღაც ფედერაციულ სახელმწიფოზე. სამოქალაქო საზოგადოების ენერგიის ამ კუთხით მიმართვა, ბევრად სასარგებლო მგონია.





Comments

Popular posts from this blog

აგვისტოს ომი და საქართველოს პასუხისმგებლობა

ახალი წინასიტყვაობა (2023 წელი) ეს სტატია 2017 წელს დავწერე და მიუხედავად იმისა, რომ სტილისტურად ძალიან ცუდად გამოიყურება, ვფიქრობ რაც აქ მიწერია დღემდე რელევანტურია. ქ.ოცნების ბოლო დროინდელი რეპრესიული პოლიტიკა ხშირად ეყრდნობა იმ არგუმენტებს, რომლებიც აგვისტოს ომის შესახებ აქ მომყავს. ცხადია აგვისტოს ომი ძალიან ტრაგიკული მოვლენაა და უამრავი ადამიანი სამუდამოდ დაზარალდა რუსეთის აგრესიით. თუმცა, იმისთვის რომ სამომავლოდ საქართველოს მოქალაქეობა მზად იყოს მსგავსი და სავარაუდოდ უფრო რთული გამოწვევების წინაშე, ვფიქრობ მნიშვნელოვანია არ დავხუჭოთ თვალი უტყუარ ფაქტებზე იმ იმედით, რომ მხოლოდ პატრიოტული სულისკვეთებით და სამყაროს კეთილ-ბოროტის ბრძოლის მითოსად წარმოდგენით, შევძლებთ უკეთესი მომავლის შექმნას. ძალიან აშკარაა, რომ იმდროინდელი მთავრობა გეგმავდა ს.ოსეთზე იერიშს და სამწუხაროდ ჯერ არავის წარმოუდგენია დამაჯერებელი საბუთი იმისა, რომ რუსეთის რეგულარული არმია მართლაც შემოსული იყო სამხრეთ ოსეთში 7 აგვისტოს, საქართველოს მხრიდან კონფლიქტის ესკალაციამდე. ამ სტატიაში ვეყრდნობი მხოლოდ საერთა...

გლობალური დათბობა, პოლიტიკა და მეცნიერება

ეძღვნება ვატოს 2019 წლის 23 სექტემბერს, 16 წლის აქტივისტი- გრეტა ტუნბერგი გაეროში სიტყვით გამოვიდა. გამოსვლა საკმაოდ ბანალური იყო, როგორც ეს ზოგადად გაეროში სიტყვით გამოსვლებისთვისაა დამახასიათებელი, თუმცა აქტივისტის სიტყვებს საკმაოდ საინტერესო რეაქცია მოჰყვა. კლიმატის ცვლილების „სკეპტიკოსებმა“ მალევა დაიწყეს 16 წლის ბავშვის ლანძღვა და მისთვის ბრალდებების წაყენება, თითქოს ტუნბერგს „იყენებდნენ“, თითქოს მისი ემოციურობა ფარსი იყო. ზოგს აქტივისტის გულწრფელობაში ეჭვი არ შეჰპარვია, მაგრამ იმ ფაქტმა გააღიზიანა, რომ სიტყვით ბ ა ვ შ ვ ი გამოვიდა და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ მოსაზრებას, რომ ტუნბერგი უბრალო თოჯინაა. ისინი ვინც, ამას ამტკიცებენ რატომღაც მიიჩნევენ, რომ 16 წლის ადამიანს არ შეუძლია ჰქონდეს დამოუკიდებელი აზროვნების უნარი ან არ შეუძლია იყოს ემოციური. უშუალოდ ის ფაქტი, რომ ემოციურობა საჯარო სივრცეში ავტომატურად მონათლულია არაგულწრფელობად, საკმაოდ შემაძრწუნებელი ფაქტია და კარგად მიანიშნებს საზოგადოების ამჟამინდელ მდგომარეობაზე.   ტუნბერგის გამოსვლამ, უფრო სწორად მისი გა...