Skip to main content

აგვისტოს ომი და საქართველოს პასუხისმგებლობა





კონფლიქტს, ჩვენ ქვეყანასა და რუსეთს შორის ხანგრძლივი ისტორია აქვს. ისტორიის მანძილზე კი კონფლიქტის გამოსავლიანობა, ჩვენი ქვეყნისთვის დამაკმაყოფილებელი არასდროს ყოფილა. საქართველოს მოქალაქეებისთვის, პრაქტიკულად ისტორიული კანონია, რომ რუსეთი და საქართველო მუდმივ კონფლიქტში უნდა იყვნენ ერთმანეთთან, აქედან გამოსავალი კი მხოლოდ ერთერთის გამარჯვებაა. ერთ მხარეს არის საქართველო, რომელიც ბოლო წლებია ილტვის უფრო დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების შექმნისკენ, მეორე მხარეს კი- რუსეთი, რომელიც ოდითგანვე ავტორიტარული იყო და მსოფლიოს დომინირების ამბიცია ამოძრავებდა. თავისუფალი საზოგადოების შენარჩუნების ერთადერთ გზად ისახება ნატოს წევრობა. ეს მოსაზრება იმდენად გაბატონოებულია ქართულ ინტელექტუალურ წრეებში, პოლიტიკურ ელიტებში და უბრალო საზოგადოებაშიც, რომ სხვა გზა, რომელიც წარმატებით დანერგავს მშვიდობას, უბრალოდ არც განიხილება. ნებისმიერი მცდელობა, ქართული საზოგადოების იმ ნაწილისა, რომელიც ეწინააღმდეგება ნატოში გაწევრიანებას, წარმოადგინოს ალტერნატივა, მომენტალურად იგმობა, განსაკუთრებით კი საზოგადოების იმ ნაწილის მიერ, რომელიც საკუთარ თავს თავისუფლების მოყვარულს ან მისთვის მებრძოლს უწოდებს.
ჩემი ესეის მიზანია, იმ რამდენიმე მკითხველს რომელიც კითხულობს ჩემს სტატიებს ავუხსნა, თუ რატომ არის ნატოში გაწევრიანება ყველაზე უაზრო მისწრაფება რაც კი შეიძლება ქვეყანას ჰქონდეს, თუ რა თქმა უნდა მას მშვიდობა სურს. ეს აზრს მოკლებულია როგორც დიპლომატიურ, ისე ეთიკურ კონტექსტშიც. ორივეს განყენებულად განვიხილავ, თუმცა დიპლომატიური და ეთიკური, ვფიქრობ, თავისუფალი საზოგადოების თვალში, გადაჯჭვული უნდა იყოს. დღეს, სამწუხაროდ ჩვენი მთავრობის საგარეო პოლიტიკაზე, ეს არ ისახება.

1.    მცდარი შეხედულებები და მათი საფრთხე

ოკუპაცია ან უფრო ზოგადად საგარეო „საფრთხე“, საზოგადოებრივი აზრის მართვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იყო და არის მთავრობებისთვის. ეს უკანასკნელი მუდამ გამოიყენება აზრის გამოხატვის და დისიდენტური კულტურის შეზღუდვისთვის. ფიდელ კასტრო და მისი მემკვიდრე, რაულ კასტრო, აშშ-ისგან წამოსულ საგარეო საფრთხეს მუდამ იყენებდნენ პოლიტიკური დისიდენტების დევნისთვის. ვენესუელაში, ჩავესიც და მადუროც, მთავრობის ავტორიტარულულობას და საშიშ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს მუდამ აშშ-ისგან წამოსულ საფრთხეს აწერენ. მნიშვნელოვანი აქ ის არის, რომ ჩავესის და კასტროს მტკიცებები, სიმართლის მარცვლის მატარებელნი იყვნენ, თუმცა არასდროს ასახავდნენ სრულ ჭეშმარიტებას. დისიდენტური კულტურის და აზრის გამოხატვის შეზღუდვის მცდელობები, მასობრივი სამთავრობო პროპაგანდის შედეგად, ხშირად საზოგადოებაშიც ჯერდება ხოლმე.

წინა ხელისუფლება, მისი წარმომადგენლები და განსაკუთრებით კი მიხეილ სააკაშვილი, საკმაოდ დიდ დროს უთმობდა იმის მტკიცებას, რომ ბადრი პატარკაციშვილიდან დაწყებული, ლევან გაჩეჩილაძით დამთავრებული (ბოლოს ბიძინა ივანიშვილიც), ყველა პუტინის ვასალები იყვნენ ან რუსეთის დაკვეთებს ასრულებდნენ, რაც საბოლოო მიზნად ისახავადა მთავრობის გადატრიალებას. ტელევიზია იმედი და მრავალი ოპოზიციონერიც, საქართველოს ეროვნული უშიშროებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. შესაბამისად, წინა მთავრობის მომდევნო ქმედებებმა წყალში ჩაყარა ყოველივე ის მიღწევა, მთავრობის და პრესის გამჭირვალეობის კუთხით, რომლითაც ამაყობდნენ სახელმწიფოს წარმომადგენლები და საზოგადოებაც. მთავრობა ამისთვის დაისაჯა, სამართლიანად.
ამგვარი ანტი-ოკუპუნატური რიტორიკის შედეგია, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, იმ ისტორიული „კანონის“ რწმენის დანერგვა, რომელსაც შესავალში შევეხე. ხშირად, როდესაც საუბრობენ რუსულ ოკუპაციაზე, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებენ, თითქოს 90იანების კონფლიქტი და საბოლოოდ 2008 წლის აგვისტოს ომი, დიდად არ განსხვავდება უფრო ადრეული ოკუპაციების შემთხვევებისგან. კონფლიქტი რუსეთსა და საქართველოს  შორის და ზოგადად რუსული იმპერიალიზმი ახალი მოვლენა არაა, ის გრძელდება უკვე ასწლეულებია. ამას, ზოგი გულუბრყვილოდ ამბობს ან პროპაგანდას ეწევა. მიზეზებს ამ შემთხვევაშ მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი ისაა, რომ დებულება საფუძვლიანად არასწორ მიდგომას აყალიბებს ჩვენი მეზობლის და ზოგადად საგარეო პოლიტიკისადმი.

რუსეთის პოლიტიკაზე საუბრისას, შეუძლებელია ვისაუბროთ რამე ისტორიულ კანონზომიერებაზე. კერძოდ, ბოლშევიკური ოკუპაცია 1921 წელს და სეპარატისტების მხარდაჭერა 1991-92 წლებში განყენებულ მოვლენებად უნდა იქნას განხილული. ისევე როგორც არ შეიძლება სრულად ავხსნათ რუსეთის ამჟამინდელი საგარეო პოლიტიკა, საბჭოთა კავშირის საგარეო პოლიტიკის საფუძველზე. ეს ცხადია იმიტომ, რომ პოლიტიკური სისტემა რუსეთში მნიშვნელოვანდ შეიცვალა. მაგალითისთვის, იგივე შეიძლება ითქვას გერმანიის საგარეო პოლიტიკაზე. არცერთ მთვარეულს თავში აზრად არ მოუვა იმის მტკიცება, რომ გერმანიის ამჟამინდელი საგარეო პოლიტიკა რამენაირად მაინც დაუკავშიროს ჰიტლერის დროინდელ საგარეო პოლიტიკას. ცხადია, რუსეთში საუკუნეების მანძილზე ინსტიტუციებში გამჯდარი იმპერიალიზმი არსად გამქრალა, თუმცა, ვფიქრობ ეს ნაკლებად რელევანტურია, როცა საქმე ეხება 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტს.32წ სხვა ქვეყნების, მაგალითად აშშ-ის, ისრაელის ან ჩრდილოეთ კორეის შემთხვევაში, ისტორიული პარალელების გავლება დასაშვებია იმიტომ, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა, ისევე როგორც იდეოლოგია რომელზეც ეს ორი არის დაშენებული, პრაქტიკულად უცვლელია უკვე დიდი ხანია. ისრაელის საგარეო პოლიტიკის გულში ისევ ზიონიზმია, აშშ-ისაში კი ისევ „ამერიკული ინტერესების“ ან „ამერიკული“ ცხოვრების წესის „დაცვა“, ჩრდილოეთ კორეის საგარეო პოლიტიკის გამართლება კი ისევ „ამერიკული იმპერიალიზმისგან“ თავდაცვაა.
 ისტორიციზმი, რომელზეც ახლა ვსაუბრობ საკმაოდ მავნე რამ არის იმიტომ, რომ საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც მისი სწამს, ნაკლებად გახსნილია სხვა შეხედულებებისადმი და მათ ავტომატურად, პრაქტიკულად სამშობლოს ღალატად აღიქვამს. მაგალითად, დიალოგის მცდელობა რუსეთის მთავრობასთან ან პოლიტიკოსებთან, მუდამ იგმობა (მეტწილად არასწორი მიზეზების გამო).
ერთერთი საზიზღარი რამ, რაც მოსდევს მხურვალე დაპირისპირებას მსოფლმხედველობებს შორის, არის „იარლიყების“ მიკერება იმ ადამიანებზე, ვისი იდეებიც, საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის მიუღებელია. ამის ნათელი დემონსტრაციაა, ქართული ნაციონალისტური დაჯგუფებები, რომლებიც სხვადასხვა ადამიანების და მათი მოსაზრებების დისკრედიტაციისთვის, მათ უბრალოდ „ლიბერასტებად“ მოიხსენიების. ასეთ სტილში, გულანთებული მემარცხენეები, მემარჯვენეებს ფაშისტებს ეძახიან, მემარჯვენეები მემარცხენეებს კი, კომუნისტებს. ერთერთი ასეთი ტერმინი, რომელსაც ხშირად იყენებენ, არის „რუსეთუმე“. ყველა ვინც კი გაბედავს გააკრიტიკოს დასავლური საზოგადოება, ავტომატურად რუსულის დამცველია და შესაბამისად ოკუპანტის მხარდაჭერია და საბოლოოდ, ცხადია რუსეთუმეც. ამის შედეგი კი საბოლოოდ ის არის, რომ დასაშვებია მხოლოდ რამდენიმე შეხედულების ქონა, დანარჩენი ყველაფერი რუსეთის ინტერესებს ემსახურება, შესაბამისად კი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგაა. ის კი საერთოდ არ განიხილება, რომ შეიძლება რაღაც, რაც საქართველოს ინტერესებში შედის, რუსეთსაც აწყობს, ან პირიქით. ამის ჭეშმარიტება სადაოა, თუმცა გამორიცხული ნამდვილად არ არის.


2.    აგვისტოს ომი

როდესაც საქართველოს შეიარაღებული ძალები შევიდნენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ამის წინაპირობა იყო ძალიან მარტივი;
რუსეთის რეგულარული არმია სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზეა და სრულმასშტაბიან სამხედრო ოპერაციას იწყებს.

ეს წინაპირობა, წინააღმდეგობაში მოდის ყველა შესაძლო საერთაშორისო ორგანიზაციის გაკეთებულ ყველა დასკვნასთან. ანუ, რუსეთის რეგულარული არმია საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ მაშინ შემოვიდა, როცა საქართველოს მთავრობამ, სამხედრო იერიშით გადაწყვიტა სამხრეთ ოსეთის დაბრუნება. ამის ყველაზე მოცულობით საბუთს, ევროკავშირის დაკვეთილი კვლევა იძლევა.  წარმოებულ ანგარიშში, ცალსახად არის გამოკვეთილი, რომ იმ მასშტაბის სამხედრო ინტერვენცია, რომელიც პასუხად მოჰყვა, რამდენიმე თავდასხმას ქართულ პოლიციაზე (რომელიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა), შემდგომ კი სამხრეთ ოსეთის მხრიდან წამოსულ საარტილერიო ცეცხლს,  საკმაოდ გადამეტებული იყო. ეს ცხადია, არანაირ გამართლებად არ გამოდგება რუსეთის შემდგომი ქმედებებისთვის.
 წინა ციტატაში ნახსენები დებულებები, მეტწილად ეყრდნობა ევროკავშირის მხარდაჭერილ კვლევას, Independent International Fact-Finding Mission on the Conflict in Georgia-ის შეგროვებულ და გადამოწმებულ მასალას. რომლის შეფასებითაც, საქართველოს შეიარაღებული ჯარების შესვლა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და ცხინვალის დაბომბვა იყო არაადეკვატური პასუხი,  ქართულ სოფლებზე შეტევაზე. ამავე კვლევის მიხედვით, რუსული რეგულარული არმია არ ყოფილა შემოსული საქართველოში 2008 წლის 7 აგვისტოს.

2012 წელს, საერთაშორისო და ევროპის სამართლის ჟურნალში-Merkourios-ში გამოქვეყნებული სტატია მოკლე, ანოტირებულ და შედარებით მიუკერძოებელ ანალიზს გვთავაზოს ზემოხსენებული კვლევისა (თან მისი კრიტიკულია), რომლის დასკვნაც, ქართული მხარის მოქმედების ლეგიტიმურობაზე შემდეგნაირად არის შეჯამებული;
the purported large-scale presence of Russian armed forces in South Ossetia prior to the Georgian offensive was not verified. Likewise, the Tagliavini Report did not ascertain that Russia was on the verge of such attack. Third, no evidence supported claims that Russian peacekeeping contingent in South Ossetia had been in flagrant breach of their obligations under international agreements. In essence, the Tagliavini Report noted that Russia had the right to defend its peacekeeping contingent using proportionate military means, whereas its claims in support of humanitarian intervention and for the protection of its own citizens were not legitimate under international law.[1]

ტალიავინის ანგარიშის გასაჯაროების შემდეგ, საერთაშორისო გამომცემლობებში შეხვდებოდით სტატიებს მსგავსი სახელებით;
Georgia started war with Russia: EU-backed report[2] (reuters)
EU blames Georgia for starting war with Russia[3] (telegraph)
Georgia 'started unjustified war'[4] (bbc)

უშუალოდ ტალიავინმა შემდეგი განაცხადა;

it was Georgia which triggered off the war," and "none of the explanations given by the Georgia authorities in order to provide some form of legal justification for the attack [on Tshkinvali] lend it a valid explanation."[5]

შეატყობდით, რომ მოყვანილი სტატიებიდან არცერთი არ გამოქვეყნებულა „პრო-რუსულ“ ჟურნალში, როგორიცაა სპუტნიკი ან RT, არამედ პირიქით, გამოქვეყნდა საკმაოდ ანტი-რუსულ მედიაში.
 ცხადია კვლევის ინტერპრეტაცია ბევრნაირია. მაგალითად, ყველაზე პოპულარული მოსაზრება, რომლებსაც ამერიკელი დიპლომატები და „ანტი-რუსული ექსპერტები“ უჭერენ მხარს არის, რომ საქართველო რუსეთის პროვოკაციას წამოეგო და არასაჭირო ომში ჩაერთო. მართლაც, ამის საბუთი ბევრია თუმცა ამ შემთხვევაში, ეს აბსოლუტურად უმნიშვნელოა.

საქმე ისაა, რომ ზემოხსენებულ ფაქტებს და კვლევებს თითქმის არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია ქართულ მასმედიაში (გასაგები მიზეზების გამო). ამ დღემდე, ყველანაირ არგუმენტაციას გამოცლილი პროპაგანდა ისევ საკმაო პოპულარობით სარგებლობს. მაგალითად, თვალში მომხვდა უახლესი სტატია, გამოქვეყნებული On.ge-ზე, სახელწოდებით „კანდიდატი საპირისპირო გუნდიდან“. სადაც, სტატიის ავტორი დავით ბატაშვილი საუბრობს სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატურაზე და ამბობს შემდეგს;

 ...ამ თამაშში მონაწილეობს სალომე ზურაბიშვილიც. ოღონდ, ნაცვლად იმისა, რომ "ითამაშოს" საკუთარი ქვეყნის სასარგებლოდ, იგი ამას რუსეთის მხარეს აკეთებს. მისი როგორც პოლიტიკოსის კონკრეტული ქმედებები ობიექტურად არის სასარგებლო რუსეთისთვის და საზიანო საქართველოსთვის. ქართული შიდა, პარტიული პოლიტიკისგან დამოუკიდებლად, სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება იქნებოდა მარცხი საქართველოსთვის, როგორც რუსეთთან დაპირისპირებაში ჩართული მხარისთვის.

ეს დებულება ცხადია ეხება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ აგვისტოს ომის პასუხისმგებლობა საქართველოს ეკისრება და რომ საქართველომ დაბომბა „მძინარე ცხინვალი“. ეს ესეი სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს არ განიხილავს, ამიტომ მათზე ყურადღებას არ გავამახვილებ. საინტერესო ისაა, რომ ომის დაწყების საკითხზე საუბრისას ბატაშვილს მოჰყავს შემდეგი წყაროები;
თავისივე სტატია „საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდიდან“, სადაც ის ამბობს, რომ
„7 აგვისტო არის დღე, როცა რუსული ჯარი რეალურად შემოიჭრა საქართველოში და ამით დაიწყო ომი საქართველოს წინააღმდეგ. 8 აგვისტო კი არის თარიღი, რომელსაც მოსკოვი იტყუება - თითქოს სამხედრო ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ მან სწორედ ამ დღეს დაიწყო და არა - მანამდე.“[6] რაც სრულიად უგულებელყოფს ყველაზე სანდო და ჩვენივე მოკავშირეების მხადაჭერილ კვლევას და არანაირ საერთაშორისოდ აღიარებულ ემპირიულ საბუთს არ ეყრდნობა.

და ცხადია თავისივე კვლევა.[7] რომელიც გაგიკვირდებათ და გამოიცა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. წინაპირობა ამ კვლევაში იგივეა, რომ რუსეთი ემზადებოდა საქართველოზე თავდასხმისთვის.

3.    ომის წინაპირობა

ომის წინაპირობაზე საქართველოში ერთგვარი კონსენსუსი არსებობს. რუსეთი წლების მანძილზე ემზადებოდა საქართველოსთან ომისთვის და 2008 წლის აგვისტოში განვითარებული მოვლენები გარდაუვალი იყო.
 „გარდაუვალი ომის“ მთავარი საბუთი, ცხადია რუსეთში ჩატარებული მასობრივი სამხედრო წვრთნების სერიაა, სახელწოდებით „კავკაზ-2008“, რომელიც ამავე წლის 2 აგვისტოს დასრულდა და სამხედრო დანაყოფთა რაღაც ნაწილი თავის ბაზაში არ დაბრუნებულა, არამედ საქართველოს საზღვართან ახლოს დარჩა.
 2008 წლის მარტში, რუსეთი გამოვიდა დსთ-ის 1996 წლის ხელშეკრულებიდან, რომლის მიხედვითაც დსთ-ის ქვეყნებს ეკრძალებოდათ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკდიებლობის აღიარება და სეპარატისტულ რეჟიმებთან ეკონომიკური კავშირი.
 ზემოხსენებული მოქმედებები და მათთან ერთად რუსეთის მხრიდან საქართველოს საჰაერო სივრცის გადაკვეთის ფაქტები, სეპარატისტების იარაღებით აღჭურვა და ყველაფერი დანარჩენი, ერთი შეხედვით ლოგიკურ საბუთად გამოდგება იმ ვარაუდისთვის, რომ რუსეთი საქართველოსთან ომს გეგმავდა. ამ უკანასკნელი დებულების არგუმენტაცია, ბატაშვილის ზემოხსენებულ კვლევაში შემდეგნაირია (ციტატა ვრცელია, მაგრამ მისი დეკონსტრუქცია აუცილებელია);
 2008 წელს, მოვლენების მკვეთრი ესკალაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც 17 თებერვალს კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და დასავლეთის სახელმწიფოთა დიდმა ნაწილმა ეს აღიარა. ეს თითქოს სიგნალი იყო რუსეთისთვის საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებებში ახალ ეტაპზე გადასასვლელად. შემდგომი ნაბიჯები მოსკოვმა სწრაფად, ერთმანეთის მიყოლებით გადადგა. 6 მარტს რუსეთი გამოვიდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) 1996 წლის შეთანხმებიდან, რომელიც კრძალავდა დსთ-ის წევრ სახელმწიფოთა სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებს აფხაზეთის სეპარატისტებთან. 21 მარტს, რუსეთის დუმამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებდა მთავრობას აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარებისკენ და ამ რეგიონებში რუსეთის „მოქალაქეების“ დაცვისკენ.[8]
 
აქ საინტერესო ისაა, რომ ამავე გვერდზე, ნახსენებია რომ რუსეთის მხრიდან კონფლიქტის ესკალაცია ასევე განაპირობა საქართველოს ნატოსთან დაახლოებამ;

„რუსეთის აქტიურობის კიდევ ერთი საბაბი იყო საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა. 11 მარტს ნატოში რუსეთის წარმომადგენელმა დიმიტრი როგოზინმა განაცხადა; „როგორც კი საქართველო ვაშინგტონისგან მიიღებს ნატოს წევრობის რაიმე პერსპექტივას, მეორე დღესვე დაიწყება საქართველოსგან ამ ორი ტერიტორიის [აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის] რეალური სეცესიის პროცესი“

ერთი შეხედვით, ორივე ციტატა არსებული ფაქტების კონსტატაციაა და შეუძლებელია მისი ორგვარი ინტერპრეტაცია. თუმცა, მოგიწოდებთ კარგად დააკვირდეთ კვლევის ამ მონაკვეთში მოვლენათა ქრონოლოგიას და არგუმენტირებას;

პირველ რიგში, აღსანიშნავია რომ კოსოვოს დამოუკიდებლობა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების ამბიციები თანაბრად არის განხილული, რუსეთის მხრიდან დიპლომატიური კონფლიქტის ესკალაციის წინაპირობად. ეს ორი მოვლენა თითქოს თანაბარი წონისაა. შემდეგ საინტერესოა აღწერილ მოვლენათა ქრონოლოგია; 17 თებერვალს, კოსოვოს აღიარებას მოჰყვა რუსეთის, დსთ-ის ხელშეკრულებიდან გამოსვლა 6 მარტს და შემდგომ 21 მარტს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლად აღიარება. ცოტა უცნაურია, რომ იმავე გვერდზე აღნიშნულია 11 მარტს, ნატოში რუსეთის წარმომადგენლის განცხადება; სადაც ის აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების სეცესიაზე საუბრობს საქართველოს ნატოში გაწევრიანების კონტექსტში. თუმცა მკითხველისთვის ისე ჩანს, თითქოს 21 მარტს სეპარატისტული რეგიონების აღიარება, უკავშირდება კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას.

 მოყვანილ ციტატებს კიდევ მივუბრუნდებით. თუმცა, საინტერესოა რის საფუძველზე დაასკვნა ბატაშვილმა, რომ რუსული არმია სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სწორედ 7 აგვისტოს შემოიჭრა? ამის მთავარი საბუთი, როგორც ჩანს არის საქართველოს დაზვერვის მიერ მოპოვებული, სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეების სატელეფონო ჩანაწერები;

 „ქართული მხარის მიერ ჩაწერილი სატელეფონო ზარები ეკუთვნით ცხინვალის რეჟიმის „მესაზღვრეებს“ როკის გვირაბთან 7 აგვისტოს, 03:41 და 03:52 საათზე. ამ სატელეფონო საუბრებში როკის გვირაბთან მყოფი „მესაზღვრე“, გვარად გასიევი, ატყობინებს თავის უფროსს რუსული სამხედრო მანქანების, მათ შორის მძიმე ტექნიკის შესახებ, რომელთაც „გაავსეს“ [როკის] გვირაბი. მეორე საუბარში გასიევი ეუბნება უფროსს, რომ რუსულმა სამხედრო კოლონიამ როკის გვირაბი უკვე გამოიარა“[9]

მას შემდეგ რაც ზემოხსენებული ინფორმაცია ვანო მერაბიშვილმა გადასცა საქართველოს იმდროინდელ პრეზიდენტს, სააკაშვილმა მიიღო ცხინვალზე იერიშის მიტანის გადაწყვეტილება. ყოველ შემთხვევაში ასეთია ბატაშვილის მიერ შემოთავაზებული ვერსია ომის 7 აგვისტოს დაწყებასთან დაკავშირებით.

 ამ ვერსიას უამრავი პრობლემა აქვს. ღირს განვიხილოთ თითოეული;

 პირველ რიგში, ცოტა უპასუხისმგებლოა სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის წამოწყება ერთი სატელეფონო საუბრის გამო, საქართველოს არცერთ მოკავშირე ქვეყნის დაზვერვას არ ჰქონია ინფორმაცია რუსეთის შეტევაზე და საქართველოსაც სხვა საბუთი არ წარმოუდგენია. კიდევ უცნაურია თუ გავითვალისწინებთ რუსული სამხედრო დანაყოფის ზომას, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა. მოგეხსენებათ მას შემდეგ რაც ქართული ძალები შევიდნენ ცხინვალში, ქართული მედია იუწყებოდა იმის შესახებ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები ცხინვალს სრულად აკონტროლებდნენ. იგივე განაცხადა იმ პერიოდში საქართველოს პრეზიდენტმა. ასევე საინტერესოა, რომ აღნიშნულის გასამართლებლად ბატაშვილი იშველიების წყაროს New York Times-იდან[10], სადაც ამ ჩანაწერებზე ნათქვამია, რომ ისინი ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა ჩვენი მოკავშირეების უშიშროების სამსახურებს არასრულად აქვთ. ამერიკული მხარის კომენტარი ამ სამხილებზე, შემდეგია;

 …while the conversations appeared to be from genuine cellphone intercepts, no complete or official assessment could be made without access to the entire file of cellphone audio”

 ამავე სტატიაში აღნიშნულია, რომ ამერიკელი დეპუტატი მეთიუ ბრაიზა (mathew Bryza) რომელიც 7 აგვისტოს გამუდმებით ესაუბრებოდა ქართულ მხარეს, მოუწოდებდა ქართველ პოლიტიკოსებს, რომ თავი შეეკავებინათ რუსეთთან შეტაკებისგან;

 “I said, under instructions, that we urge you not to engage these Russians directly.”

 ზემოხსენებულს ისიც ემატება, რომ სტატიაში განმარტებულია, რომ რუსული მხარე საერთოდ არ უარყოფს რუსული ჯავშან-ტექნიკის და „მშვიდობისმყოფელი“ კონტიგენტის გადაადგილებას როკის გვირაბში;

 According to the cease-fire agreement signed in the 1990s after the first war between Georgia and South Ossetia, Russia was allowed to maintain a 500-member peacekeeping force in the region, he said. And 300 reserve peacekeepers can be deployed in emergency situations, he said.

As the Georgians began their attack, about 100 reserve peacekeepers from the 135th Regiment were put on alert and moved close to the tunnel, he said. They were ordered through the tunnel to reinforce forces in Tskhinvali around dawn on Aug. 8, he said.

მნიშვნელოვანია, რომ სტატიაში ნახსნებია ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, გაფორმებული 1990 წელს სახელწოდებით

„ხელშეკრულება ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანი რეგულაციის პრინციპების შესახებ“
Cоглашение о принципах мирного урегулирования грузино-осетинского конфликта

ხელშეკრულების მიხედვით, რუსეთის „მშვიდობისმყოფელებს“ ჰქონდათ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება, რადგან მშვიდობისმყოფელი ორგანიზაციის კონტიგენტი თანაბრად უნდა ყოფილიყო დაკომპლექტებული სამხრეთ ოსეთის, საქართველოს და რუსეთის წარმომადგენლებით, რომლებიც იქნებოდნენ ზემოხსენებული ორგანიზაციის დაქვემდებარებაში. 2008 წელს, ქართული მხარე ოფიციალურად გადავიდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში და საქართველო ოფიციალურად ეწინააღმდეგებოდა ამ ხელშეკრულებას და მოითხოვდა, მათ შორის რუსული მხარის ამერიკული და ევროპული დელეგაციით ჩანაცვლებას, რაც არანაირ დიპლომატიურ ლოგიკაში არ ჯდება. 

პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომ სამხრეთ ოსეთი „კონტროლის ქვეშაა” და შემდგომი განცხადება, რომ დამყარდა კონსტიტუციური სამართლიანობა, ნაწილობრივ ამტკიცებს რუსეთის მხარის ჩვენებას, რომ როკის გვირაბის გავლით მცირე „მშვიდობისმყოფელი“ კონტიგენტი შევიდა და არა რეგულარული არმია. ასევე ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ბატაშვილი სატელეფონო საუბარს განიხილავს როგორც უეჭველ მტკივებულებას იმისა, რომ რუსული არმია შემოიჭრა სამხრეთ ოსეთში და შესაბამისად ომი 7 აგვისტოს დაიწყო, როცა ის ამერიკელი სამხედრო ექსპერტები, რომლებიც New York Times-ში არიან მოხსენებულნი, სურათს სხვაგვარად ხატავენ. ზემოხსენებულ სტატიაში ისიც მნიშვნელოვანია, რომ ამერიკული მხარე, ქართველ პოლიტიკოსებს გამუდმებით მოუწოდებდა თავდასხმისგან თავის შეკავებაში, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში, სამხრეთ ოსეთში რომც ყოფილიყო სრული რუსული ჯავშან-ტექნიკა და ქვეითი არმია (რისი მტკიცებულებაც არ არსებობს ტალიავინის და სხვა კვლევების მიხედვით), ცხინვალზე თავდასხმა იქნებოდა საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევა (რაც იყო კიდეც).

გაეროს ქარტიის მიხედვით

“The Security Council shall determine the existence of any threat to peace, breach of the peace, or act of aggression, or decide what measures shall be taken in accordance with articles 41 and 42”[11]

მეორენაირად რომ ითქვას, თუ საქართველოს მთავრობა „გრძნობს“, რომ ეროვნული უშიშროება საფრთხის ქვეშ არის, ის ვალდებულია მიმართოს უშიშროების საბჭოს, რათა ამ უკანასკნელმა გასცეს შემდგომი მოქმედებების ავტორიზაცია და/ან დაადასტუროს სამხედრო იერიშის აუცილებლობა. ერთადერთი გამონაკლისია ქარტიის 51-ე პუნქტი, რომლის მიხედვითაც ქვეყანას შეუძლია ძალა გამოიყენოს თუ საშიშროება გარდაუვალია უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების მიღებამდე.

 მაგალითად რომ არსებულიყო რეალური საბუთი იმისა, რომ რუსული არმია საქართველოს თავს დაესხა და მის [საქართველოს] სუვერენიტეტს შეექმნა საფრთხე, მას შემდეგ რაც საქართველოს მხარემ მიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს, თუმცა დროული პასუხი არ მიუღია, ძალის გამოყენება ცხინვალში, (საქართველოს მხრიდან) გამართლებული იქნებოდა.

როგორც ხედავთ რეალობა ასეთი არ ყოფილა.

ისიც მეტად საინტერესოა, რომ რუსეთის სამხედრო წვრთნები კონფლიქტურ რეგიონთან, სიახლოვეში და მათი მხრიდან, დარიგებული ბიულეტენები „ჯარისკაცო იცოდე შენი მტერი“, დსთ-ის ხელშეკრულებიდან გამოსვლა და სამხრეთ ოსეთი-აფხაზეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება განხილულია, როგორც რუსეთის აშკარა მზადება შეიარაღებული დაპირისპირებისთვის, თუმცა იგივე სტანდარტით არ არის განხილული საქართველოს მხარის მოქმედებები.

ამ მომენტისთვის მკითხველისთვის ცხადი უნდა იყოს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა რუსეთისთვის რეალური საბაბი იყო სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის და ასევე კავკაზ 2008-ის წრთვნებისთვის. აქ უნდა დაისვას საკმაოდ მნიშვნელოვანი კითხვა, რამდენად სწორი დიპლომატიური გადაწყვეტილებაა საქართველოს ნატოში გაწევრიანება? ან მეორენაირად რომ დავსვათ შეკითხვა, რა მიზანს ემსახურება საქართველოს ნატოში გაწევრიანება?
 ისინი ვინც ნატოში გაწევრიანებას ემხრობიან, მარტივ პასუხს გვთავაზობენ. საქართველო ანექსიის და რუსეთის მხრიდან აგრესიის საფრთხის ქვეშ არის და ამიტომ ის საჭიროებს ძლიერ სამხედრო ალიანსს, რომელიც დაიცავს საქართველოს რუსეთისგან.
 ეს პასუხი ოდნავ არაადეკვატური მეჩვენება თუ გავითვალისწინებთ, რომ 1992 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც სამოქალაქო ომი რუსეთის მხარდაჭერილ აფხაზებთან და ოსებთან დამთავრდა, ბევრად მშვიდობიანი პერიოდი იყო ვიდრე 2003 წლიდან დღემდე. მაშ რატომ უნდა განიხილებოდეს ნატოს წევრობა მშვიდობის პერსპექტივად თუ ნატოს წევრობაა ის, რაც საფრთხეს უქმნის მშვიდობას? ამ მომენტისთვის აშკარა უნდა იყოს, რომ ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაა ის, რამაც განაპირობა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუარესება.

საქართველოს მთავრობა (წინაც და ამჟამინდელიც), 2002 წლიდან მნიშვნელოვნად არის ჩართული ნატოს სამხედრო წვრთნებში, დაწყებული ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებით, დამთავრებული სამხედრო სწავლებებით საქართველოს ტერიტორიაზე. ქართული ჯარი იმყოფებოდა კოსოვოში, ავღანეთში და ერაყში. ამ უკანასკნელში, სამხედრო საერთო კონტიგენტის რაოდენობით, საქართველო მესამე ადგილს იკავებდა (აშშ-ის და ბრიტანეთის შემდეგ). მოკლედ, რომ შევაჯამო ასე ვიტყოდი;
 მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი წარმოადგენდა საფრთხეს საქართველოს სუვერენიტეტისთვის, 1992 წლიდან მოყოლებული არ არსებობდა. შესაბამისად ნატოს წევრობა არ წარმოადგენდა რუსეთთან და სეპარატისტულ რეჟიმებთან კონფლიქტის გადაწყვეტის ლეგიტიმურ საშუალებას. რუსული სამედრო წვრთნების გაძლიერება კავკასიის რეგიონში და საქართველოს ტერიტორიაზე რუსული სამხედრო აღჭურვილობის შემოსვლის ინტენსიობა გაიზარდა 2003 წლის მერე. ისიც გასაოცარ ფარისევლობად მეჩვნება, რომ საქართველოს მთავრობა, წინაც და ამჟამინდელიც მუდმივად აკეთებს განცხადებებს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მშვიდობიან დაბრუნებაზე, როცა თან სურს ნატოს, სამხედრო ალიანსის წევრობა. კიდევ უფრო მარტივად რომ ვთქვა, ნატოში საქართველოს გაწევრიანება არანაირად არ მიმაჩნია დიპლომატიურად ან ეთიკურად გამართლებული, თუმცა ამ უკანასკნელზე მოგვიანებით ვისაუბრებ.
 თუ თქვენ დროებით გვერდს აუვლით ბატაშვილის განცხადებას, რომ საქართველოს მთავრობის ოფიციალური პოზიციის უარყოფა არის „სასარგებლო რუსეთისთვის და საზიანო საქართველოსთვის“, და გადაწყვეტთ რომ სიმართლე იყოს დაფუძნებული ფაქტებზე და არსებულ მონაცემებზე, აღმოაჩენთ რომ ომის სურათი განსხვავებულია. მართლაც, ერთადერთი მიზეზი რატომაც ბატაშვილის მიერ განხილული „დიპლომატიური ესკალაცია“ განიხილავს პრაქტიკულად ექსკლუზიურად რუსეთის წილს და ტოვებს ქართული მხარის „ესკალაციას“, არის ის, რომ ბატაშვილისთვის, პოლიტიკური პოზიცია ან გადაწყვეტილება რომელიც სასიკეთოა რუსეთისთვის, ავტომატურად საზიანოა საქართველოსთვის. ეს დამოკიდებულება პრობლემურია არა მხოლოდ იმიტომ, რომ რეალურად ლოგიკურ არგუმენტაციას მოკლებულია (ამაზე ოდნავ მოგვიანებით), არამედ იმიტომაც, რომ ის იძლევა საკმაოდ ვიწრო წარმოდგენას განვითარებულ გლობალურ მოვლენებზე. ვეცდები უკეთ ავხსნა რას ვგულისხმობ;
 ბატაშვილს, თავის კვლევაში ნახსენები აქვს რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება ერთერთი ფაქტორი გახდა რუსეთის მხრიდან სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სეცესიის რეალური მხარდაჭერისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს მეტწილად მართალია, არ არის განხილული რეალურად, პოლიტიკურად გამართლებულია თუ არა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სეცესია. ამაზე ბატაშვილი არ საუბრობს თუმცა წარმომიდგენია, რომ მას არ სურს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად იყონ აღიარებული, მეორემხრივ სავარაუდოდ მხარს უჭერს კოსოვოს დამოუკიდებლობას.

4.    დამოუკიდებლობის პრობლემა და საბჭოთა კონტექსტი

კოსოვოს, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის შემთხვევების ერთმანეთთან შედარება საინტერესოა. რადგან თუ რაიმე მორალური არგუმენტაციით, ვინმე მხარს უჭერს კოსოვოს დამოუკიდებლობას, იმავე მორალური პრინციპების გათვალისწინებით ის მხარს უნდა უჭერდეს სამხრეთ ოსეთის და სავარაუდოდ აფხაზეთის დამოუკიდებლობასაც (ნაწილობრივ ამ მიზეზით საქართველო კოსოვოს არ აღიარებს);
 ისტორიულად, საბჭოთა კავშირის დაფუძნებამდე არც კოსოვო, არც სამხრეთ ოსეთი და არც აფხაზეთი დამოუკიდებელი ქვეყნები არასდროს ყოფილან. სამხრეთ ოსეთიც და აფხაზეთიც, შედიოდნენ საქართველოს პირველი რესპუბლიკის შემადგენლობაში. მას შემდეგ, რაც ბოლშევიკური არმია შემოიჭრა საქართველოში, ცენტრალურმა მთავრობამ დაიწყო საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების გამოყოფა. საბჭოთა კავშირის ფარგლებში გამოყოფილ რესპუბლიკათა საზღვრები ხშირად ცვალებადი იყო. მაგალითად, აფხაზეთი გამოყოფილი იყო როგორც ცალკე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა 1921 წლიდან 1931 წლამდე. სამხრეთ ოსეთი, მიუხედავად იმისა რომ ცალკე რესპუბლიკად არ განიხილებოდა, მას მიენიჭა ავტონომია. იგივენაირად, კოსოვოს მიენიჭა ადმინისტრაციული ავტონომია სერბეთის ხალხთა რესპუბლიკის ფარგლებში 1945 წელს.
 კოსოვოს შესახებ ნაკლებად ვიცი, თუმცა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ფარგლებში, ეთნიკურად აფხაზები და ოსები დამოუკდებლობის სურვილს მანამდეც გამოთქვამდნენ, თუმცა მათი მცდელობები მოეპოვებინათ დამოუკიდებლობა საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობამ არაერთხელ ჩაახშო. აჯანყებების ჩახშობის ზომაზე ინფრომაცია არ მაქვს, თუმცა ეს აღნიშნულია ყველა სერიოზულ ქართული ისტორიის პუბლიკაციაშიც კი. მაგალითად, პროფესორი მაყვალა ნათმელაძის რედაქტირებულ საქართველოს ისტორიის მეოთხე ტომში ნახსენებია, რომ 1918 წელს აფხაზეთის სამხედრო-რევოლუციურმა კომიტეტმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, „საქართველოს მთავრობამ აფხაზეთში ჯარის საკმაოდ მსხვილი ერთეული გაგზავნა, მაგრამ სამხედრო მოქმედებისაგან თავი შეიკავა და ადგილობრივ პოლიტიკურ ძალებთან მშვიდობიანი მოლაპარაკება გაიმართა“.  ქართული მხარე აფხაზეთს ავტონომიას სთავაზობდა, თუმცა „აფხაზთა სახალხო საბჭოს ლიდერებმა მეტი მოითხოვეს. მათ მიზნად დაისახეს თავიანთი უფლებამოსილების მაქსიმალური გაფართოება, სრული დამოუკიდებლობის მოპოვება. კონფლიქტის მშვიდობიანი მეთოდებით მოგვარება არ მოხერხდა.“[12]

1919 წელს, საქართველოს რესპუბლიკის არმიამ ჩაახშო აგრარული აჯანყებები „მდინარე ლიახვის ზემო წელში“ (ანუ სამხრეთ ოსეთი).

როდესაც ნებისმიერი სამხედრო აქტივობა მიმართულია კონკრეტული ეთნოსის წინააღმდეგ, არ აქვს მნიშვნელობა რა მიზნით (ანუ ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა მიზნად ეთნიკურ წმენდას არ ისახავდა, ის უბრალოდ ომში იყო ჩართული აჯანყებულებთან), იმ ეთნოსის წარმომადგენლები ნაკლები სიმპათიებით არიან განწყობილნი სამხედრო მეტოქეებთან. შესაბამისად აფხაზეთშიც და სამხრეთ ოსეთშიც, საბჭოთა კავშირის მხარდაჭერა ბევრად საგრძნობი იყო ვიდრე საქართველოს დანარჩენ ნაწილებში. გასათვალისწინებია, რომ საქართველო როგორც პოლიტიკური ერთეული 1918 წლამდე, საუკუნეების მანძილზე არ არსებობდა, ეს ფაქტი რატომღაც რუსულ პროპაგანდად საღდება ხოლმე, თუმცა ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს.  
 მიზეზი რატომაც განვიხილავ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ისტორიას შედარებით დეტალურად არის ის, რომ შევძლოთ ამ ორი შემთხვევის შედარება კოსოვოს შემთხვევასთან. მათზე დაკვირვებით, მარტივი აღმოსაჩენია, რომ თუ ვსაუბრობთ დამოუკიდებლობის ლეგიტიმურობაზე, აფხაზეთის და განსაკუთრებით სამხრეთ ოსეთის (რადგან ამ უკანასკნელში ეთნიკურად ოსი მოსახლეობა უმრავლესობას წარმოადგენდა) დამოუკიდებლობა საკმაოდ გამართლებულია იმავე მორალური არგუმენტაციის საფუძველზე, რომლის მიხედვითად კოსოვოს ეკუთვნოდა დამოუკიდებლობა.
 სამივე ტერიტორია (აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, კოსოვო) არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი, სამივეგან ადგილობრივ ეთნიკურ ჯგუფებს სურდათ დამოუკიდებლობა, სამივეგან იყო ადგილობრივი მთავრობის დაარსების სურვილი.
 საბოლოოდ ვიღებთ უცნაურ მორალურ პარადოქსს, რომლის წინაშეც დგას იგივე ბატაშვილი ან ნებისმიერი ის მავანი, რომელიც ნატოში გაწევრიანებას უჭერს მხარს (საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა). ერთი მხრივ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ცუდია, არსწორია, მეორემხრივ კოსოვოს დამოუკიდებლობა იმდენად კარგი იდეაა, რომ მზად ვართ სამხედრო კონტიგენტიც კი გავგზავნოთ ნატოს ჯარის დაქვემდებარებაში. ერთი მხრივ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო სამართლის დაცვას და სტრასბურგში ვასაჩივრებთ იმ ფაქტს, რომ რუსეთმა უკანონოდ დაბომბა საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობა, ამოწყვიტა ასობით ადამიანი, გადმოწია საზღვრები და საფუძველი დაუდო ეთნიკურ წმენდას, ქართველი ჯარისკაცების წამებას და ასე შემდეგ, თუმცა მეორე მხრივ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო სამართლის ბევრად სერიოზულ დარღვევას, მასშტაბურ ომს ერაყში, ასობით ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიკვდილს, დისიდენტების და ერაყელი სამხედროების სასტიკ წამებას და ასე შემდეგ. მგონი ახლა კარგი დროა ნატოში გაწევრიანების ეთიკურ პრობლემაზე სასაუბროდ.


5.    მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის და ნატოს შესახებ

მიმაჩნია, რომ პოლიტიკაში ჩართული ადამიანისთვის მთავარი კრიტიკის ობიექტი უნდა იყოს ის, რაზეც მას ყველაზე მეტი გავლენა აქვს. მაგალითად თუ მავანს იმის ილუზია მაინც აქვს, რომ მას თავისუფალ საზოგადოებაში სურს ცხოვრება და მაშასადამე სურს შეზღუდოს ყოველივე რაც ეფუძნება და/ან გამოიწვევს ძალადობას, ან თავისუფლების შეზღუდვას, მან უნდა სცადოს რაც კი სძალუძს იმისთვის, რომ თავისუფალ საზოგადოებას მიაღწიოს.

თუ მე მიმაჩნია, რომ სამთავრობო რეპრესიული ნარკოპოლიტიკა, რაც უამრავ ქვეყანაში არსებობს და რომლის გამოც ათასობით უდანაშაულო ადამიანს იჭერენ ციხეში, უსამართლოა, პირველი რაც მმართებს, არის დანაშაულში ვამხილო ის მთავრობა რომელზეც ყველაზე მეტი გავლენა მაქვს, ანუ საკუთარი. ჩემი მცდელობა გავლენა ვიქონიო მაგალითად იაპონიის ნარკოპოლიტიკაზე, ნაკლებად წარმატებული იქნება. მგონი ეს საკმაოდ აშკარაა. მაშასადამე, მიმაჩნია რომ საქართველოს მოქალაქე, ყველაზე მეტად კრიტიკული უნდა იყოს საქართველოს მიმართ და შემდგომ ყველა დანარჩენი მთავრობის, ხოლო შემდეგ იმ მთავრობების, რომლებთანაც უშუალო დიპლომატიური კავშირი გვაქვს. სწორედ ამიტომ, როდესაც ვსაუბრობ აგვისტოს ომზე ან ნებისმიერ საკითხზე, პირველ ყოვლისა ყურადღებას ვამახვილებ საქართველოს ქმედებებზე და იმაზე, რაც მგონია რომ საქართველოს მთავრობამ და/ან ქართველმა ხალხმა გააკეთა არასწორად. რუსულ ოკუპაციაზე და მათი მხრიდან საერთაშორისო სამართლის დარღვევებზე შეიძლება ტომები გამოიცეს, თუმცა იმ მორალური პრინციპიდან გამომდინარე რომლითაც ვსარგებლობ, რუსეთის ქმედებები მეორეხარისხოვანია. იგივენაირად მიმაჩნია რომ რუსეთის მოქალაქისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს რუსეთის მთავრობის ქმედებების კრიტიკა, არა საქართველოსი და/ან მისი მოკავშირეების.
 იმ ელემენტარული მორალური პრინციპიდან გამომდინარე, რომელიც ვახსენე, შემდეგი კრიტიკის საგანი უნდა იყვნენ ის მთავრობები, რომლებსაც მოკავშირეებს ვეძახით. ამ არგუმენტაციის ლოგიკური ჯაჭვი საკმაოდ მარტივია და ვიტყოდი რომ ფართოდ გაზიარებული საზოგადოების იმ ნაწილში, რომელიც თავის თავს ლიბერალურს ან თავისუფლების მოყვარულს ეძახის. თუმცა როდესაც საქმე მიდგება საქართველო-რუსეთის კონფლიქტზე ან ზოგადად საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ეს მარტივი მორალური პრინციპი მთლიანად უჩინარდება როგორც მეტწილად საზოგადოებაში, ისე მთავრობაში და ცხადია მედიაში. ეს მხოლოდ საქართველოს სენი არ არის, ის გავრცელებულია დანარჩენ მსოფლიოშიც. სამწუხაროდ ეს უკუღმართი პატრიოტიზმი, რომელიც რეალურად თვითკრიტიკას აქცევს სამშობლოს ღალატად, ადამიანებს უბიძგებს ყველა პრინციპის ღალატისკენ რაც სხვაგვარად მათ პასუხისმგებელ მოქალაქეებად აქცევთ. მაგალითისთვის ის, რომ საქართველო უზარმაზარი შემადგენლობით იყო ჩართული 21-ე საუკუნის ერთერთ ყველაზე სისხლიან ომში, რომელსაც გაეროს თითქმის ყველა წევრი ქვეყნა გმობს ამჟამად და უამრავი ეწინააღმდეგებოდა თავის დროზე (ერაყი), ეს ფაქტი პრაქტიკულად დავიწყებულია. PLOS Medicine-ის მიახლოებით, პირდაპირი ძალადობის მსხვერპლი 450,000-ია, საიდანაც (70%მდე მშვიდობიანი მოქალაქეა). საქართველოს ჩართულობა საგარეო პოლიტიკაში მხოლოდ ამერიკის ომებში მონაწილეობით არ შემოიფარგლება. რატომღაც ჩვენმა მთავრობამ მიზნად დაისახა, რომ ქვეყანა გახდეს ყველა იმ ქვეყნის მოკავშირე, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები უჭერს მხარს. მაგალითად, საქართველოში წარმოებული ჯავშან-ტექნიკა „დიდგორი“ საკმაოდ დიდი რაოდენობით (თუ გავითვალისწინებთ წარმოებას) შეისყიდა საუდის არაბეთმა. აქვე აღვნიშნავ, რომ საუდის არაბეთი აქტიურად არის ჩართული იემენის სამოქალაქო ომში, სადაც იემენზე დაწესებული ბლოკადის (მათ შორის სამედიცინო დახმარების შეზღუდვა), ქვეყნის მოსახლეობა ყველაზე დიდი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა.[13] ყველა სიკეთესთან ერთად, საუდის არაბეთი გამიზნულად ბომბავს პირველადი დახმარების ცენტრებს, რაც საკმაოდ სერიოზული საომარი დანაშაულია და სასკოლო ავტობუსებს.[14] ნატოს და აშშ-ის მხრიდან საერთაშორისო სამართლის დარღვევების და დანაშაულების ჩამოთვლას/განხილვას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება, ამიტომ ახლა ამას არ ვიზამ. ჩემი მთავარი სათქმელი ის არის, რომ აშშ-სთან და ნატოსთან სამხედრო მოკავშირეობა ნიშნავს ყველაზე გრანდიოზული მასშტაბების ტერორისტული აქტების და სისხლისღვრების ლეგიტიმაციას, რომლებიც ათწლეულებია მიმდინარეობს. რომლებთანაც შედარებით, რუსეთის სამხედრო თავდასხმები და ანექსიები თანამედროვე ისტორიაში, საბავშვო ბაღის ქილიკს გავს.

6.    და მაინც, ვინ დაიწყო ომი ?

ჩემი ესეის მთავარი მიზანი იყო საქართველოს პასუხისმგებლობის განხილვა აგვისტოს ომში, შესაბამისად ომის დაწყების რაობა ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია, თუმცა საკითხი მაინც მნიშვნელოვანია. უნდა აღინიშნოს რომ ტალიავინის კვლევაში არსად არ არის ნახსენები ვინ დაიწყო ომი.  მეტწილად იმიტომ, რომ კვლევა ამის გამოვლენას მიზნად არ ისახავდა, (ტალიავინი თავის პირად მოხსენებაში მხოლოდ იმას ამბობს, რომ „საქართველომ გამოიწვია ომი“) მაგრამ კიდევ იმიტომ, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია. რა იგულისხმება ომის დაწყებაში? პირველი გასროლა თუ ტერიტორიის გადაკვეთა და/ან უშუალოდ დაკავება?

მაგალითისთვის, 2017 წლიდან მოყოლებული, ისრაელმა განახორციელა საჰაერო თავდასხმები სირიის სამხედრო ბაზებზე და იარაღის საწყობებზე[15], მიუხედავად ამისა ოფიციალურად, სირია და ისრაელი ერთმანეთთან არ ომობენ. ანუ მსგავსი თავდასხმები ქვყნების შორის საომარ მოქმედებად არ განიხილება. ტალიავინის კვლევის მიხედვით, სამხრეთ ოსეთის თავდასხმა ქართულ სოფლებზე არ შეიძლება განიხილებოდეს ომის დაწყებად. ისიც აღსანიშნავია, რომ კვლევის მიხედვით საქართველოს მიერ განხორციელებული საარტილერიო თავდასხმა ცხინვალზე 7/8 აგვისტოს, ქართული სოფლების დასაცავად, არ შეიძლება განხილული იქნას პროპორციულ პასუხად. შესაბამისად იერიშის გამართლება არ არის გამყარებული;
 
There is the question of whether the use of force by Georgia in South Ossetia,
beginning with the shelling of Tskhinvali during the night of 7/8 August 2008, was
justifiable under international law. It was not... 
It is not possible to accept that the shelling of Tskhinvali
during much of the night with GRAD multiple rocket launchers (MRLS) and heavy
artillery would satisfy the requirements of having been necessary and proportionate in
order to defend those villages. [16]

საქართველოს მხარის ოფიციალური განცხადების მიხედვით, ცხინვალში დიდი რაოდენობით სამხედრო კონტიგენტის შეყვანა გამართლებული იყო იმიტომ, რომ რუსეთი საქართველოზე თავდასხმას გეგმავდა და რომ რუსეთის შეირაღებული ძალები დიდი ოდენობით იმყოფებოდნენ ცხინვალში. კვლევაში შემდეგს ვკითხულობთ;

 At least as far as the initial phase of the conflict is concerned, an additional legal
question is whether the Georgian use of force against Russian peacekeeping forces on
Georgian territory, i.e. in South Ossetia, might have been justified. Again the answer is in
the negative. There was no ongoing armed attack by Russia before the start of the
Georgian operation. Georgian claims of a large-scale presence of Russian armed forces in
South Ossetia prior to the Georgian offensive on 7/8 August could not be substantiated by
the Mission. It could also not be verified that Russia was on the verge of such a major
attack.[17]

 იმის გამო, რომ საქართველოს პასუხი არანაირად არ იყო სამხრეთ ოსეთის სეპარატისტების აგრესიის პროპორციული და საქართველომ ვერ წარმოადგინა საკმარისი საბუთები საკუთარი ქმედებების გასამართლებლად, ტალიავინი პირად მოხსენებაში ასკვნის, რომ ომის დაწყების პასუხისმგებლობა საქართველოს ეკისრება. ამას ემატება საქართველოს მხარის წინააღმდეგობრივი ჩვენებები ცხინვალზე თავდასხმის გასამართლებლად;
 საქართველოს პრეზიდენტის განმარტებით, ცხინვალზე შეტევა აუცილებელი იყო საქართველოს მოსახლეობის დასაცავად (არ საბუთდება), თუმცა ყურაშვილის ჩვნებით ცხინვალზე იარიშის მიზანი იყო კონსტიტუციური სამართლის აღდგენა;

 There is convincing evidence that the Georgian operation of August 2008 was not meant only
as a defensive action. A first indication is that the responsible commander of the Georgian
peacekeeping troops Brig. Gen. Kurashvili stated immediately after the attack that the aim
was the “restoration of the constitutional order.” But he later withdrew the statement and
President Saakashvili explicitly contradicted it. More important is the targeting of the capital
of Tskhinvali. This indicates that the action was not only meant as an immediate reaction to
the preceding incidents, but had rather a political objective.[18]

ძალიან მნიშვნელოვანია შევეხოთ ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა გამოაცხადა 7 აგვისტოს, 19:00ზე. მან მხოლოდ რამდენიმე საათი გასტანა, რის შემდეგაც საქართველომ დაწყო ცხინვალის მასობრივი დაბომბვა. იმდროინდელი მინისტრის, თემურ იაკობაშვილის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია სამხრეთ ოსეთის მხარემ, რასაც მოჰყვა ქართული საარტილერიო იერიში ცხინვალზე. თუმცა, ამის საბუთი არ არსებობს, მეტიც, Organization for Security and Co-operation in Europe-ის მიხედვით, რომელსაც რამდენიმე შტაბი ჰქონდა სამხრეთ ოსეთში, ცხინვალის ჩათვლით, და რომლის ოფისიც დაზიანდა საქართველოს საარტილერიო ცეცხლით, სამხრეთ ოსეთს არ დაურღვევია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.[19]
 მესამე თავში ვახსენე, რომ ბატაშვილის კვლევაში თანაბრად არ არის განხილული საქართველოს ქმედებები რომელიც შეიძლება საქართველოს მხარის ომისთვის მზადებად ჩაითვალოს. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან თუ გვინდა რომ თავი დავაღწიოთ უაზრო პატრიოტიზმის მორალურ პარადოქსებს, რომლებიც ამ ესეის წინა ნაწილებში განვიხილეთ, უნდა ვცადოთ მოვლენების განხილვა, „ეროვნულ ინტერესებს“ მიღმა. მაგალითისთვის თუ რუსეთის სამხედრო წვრთნები, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სცესიის მხარდაჭერა, პასპორტიზაცია და ა.შ, კონფლიქტის პროვოკაციად განიხილება, საქართველოს სამხედრო წვრთნები და აშშ-ის სამხედრო ოპერაციების სერიოზული მხარდაჭერა უნდა განიხილებოდეს იგივე კონტექსტში. შეგახსენებთ, რომ ნატოს და საქართველოს კავშირი, შესაბამისი სამხედრო წრთვნების ჩათვლით, რუსეთის მხრიდან „კონფლიქტის ესკალაციამდე“ ბევრად არე დაიწყო. ამას გარდა, კავკაზ 2008-ის წრთვნები (რომელიც საქართველოსთან კონფლიქტის მზადებად განიხილება ბატაშვილის კვლევაში), საქართველოში ჩატარებული „Immediate response 2008წლის საპასუხოდ ჩატარდა (ამ უკანასკნელს ადგილი ჰქონდა 2008 წლის 17 ივლისს).[20] კონფლიქტის ესკალაციაში პასუხისმგებლობა, როგორც მინიმუმ ორივე მხარეს ეკისრება.
 აქამდე არ მიხსენებია თუმცა უნდა აღინიშნოს, აგვისტოს ომის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიება, რომელიც დიდი ხანია მიმდინარეობს. ბევრს რატომღაც აქვს ილუზია, რომ სასამართლოს დასკვნა და განაჩენი საბოლოოდ გასცემს ყველაზე დამაჯერებელ პასუხს კითხვაზე, ვინ დაიწყო ომი. ეს ტყუილია.
 სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო იკვლევს საომარ დანაშაულებს როგორიცაა ეთნიკური წმნედა, წამება და ა.შ, ის არ იკვლევს ომის დაწყების პასუხისმგებლობას. პროკურორის განცხადებით;
 ეს არ არის გეოპოლიტიკის ან პოლიტიკური სხვაობების გადაჭრის საკითხი. იგი მიზნად არ ისახავს სამხრეთ ოსეთის სტატუსის დადგენას ან 2008 წლის აგვისტოში დაპირისპირების გამოწვევისთვის ვინმეს დადანაშაულებას.[21]

საბოლოო შენიშვნები

ცხადია რამდენიც არ უნდა ვისაუბრო საქართველოს წილ პასუხისმგებლობაზე აგვისტოს ომში, ის საოცრად მცირეა რუსეთის ქმედებებთან შედარებით. საქართველოს ქმედებები, მასშტაბით ვერც კი შეედრება იმას, რაც რუსეთმა გააკეთა საქართველოს ტერიტორიაზე, დაწყებული კონფლიქტის სერიოზული ესკალაციით, დამთავრებული მასშტაბური და გამიზნული თავდასხმებიტ მშვიდობიან მოქალაქეებზე. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, რუსეთის ქმედებები ამ შემთხვევაში ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია.
 საქართველოს ქმედებების შეფასებიდან, მარტივი დასკვნების გამოტანა გვმართებს;
1.      ცხინვალზე თავდასხმის გადაწყვეტილება იყო გაუმყარებელი
2.      ის სცდებოდა „საქართველოს მოქალაქეების დაცვას“;
3.      
არ არსებობს ლეგიტიმური საბუთი, რომ რუსეთი გეგმავდა საქართველოს ოკუპაციას.
4.      ნატოში გაწევრიანება არის არასწორი დიპლომატიური გადაწყვეტილება.
 ყველა ზემოხსენებულ პუნქტს ასე თუ ისე შევეხე, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი აქ მეოთხე პუნქტი მიმაჩნია, რადგან მჯერა რომ აგვისტოს ომის, ისევე როგორც დიპლომატიური ესკალაციის თავიდან აცილება სავსებით შესაძლებელი იყო.
 თუ ნატოს წევრობის პერსპექტივა მთავარი რამ არის, რაც მეტ საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას, მაშინ მის ლეგიტიმურობას ვერ ვხედავ. აქ შეიძლება გაჩნდეს საკმაოდ გამართლებული შენიშვნა; რა აუცილებელია ფუნდამენტური საგარეო საფრთხის არსებობა, იმისთვის რომ ქვეყანა გაწევრიანდეს იმ სამხედრო ალიანსში, რომელშიც მას სურს? კითხვაზე პასუხი საკმაოდ მარტივია; რა თქმა უნდა ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს უფლება თავი დაიცვას ისე, როგორც საჭიროდ მიიჩნევს, ცხადია საერთაშორისო სამართლის ფარგლებში. ეს ნებისმიერი ქვეყნის ფუნდამენტური და ამასთანავე კანონიერი უფლებაა. თუმცა, უფლებების და კანონების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ისინი უნივერსალურნი არიან. უფრო მცირე მასშტაბებში რომ ვისაუბროთ, ნებისმიერ რესპუბლიკის კანონმდებლობა, თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს ყველა მოქალაქეზე. აქედან გამომდინარე, იმისთვის რომ მოსამართლეს ჰქონდეს უფლება, პასუხისმგებლობა დააკისროს მოქალაქეს, კანონის წინაშე, თვითონ მოსამართლე უნდა იყოს კანონმორჩილი. წინააღმდეგ შემთხვევაში სასჯელის ლეგიტიმურობის მიუხედავად, მოსამართლე კარგავს ლეგიტიმაციას. ვფიქრობ ამავე პრინციპით უნდა შეფასდეს, საერთაშორისო პოლიტიკაც, თუმცა სამწუხაროდ ეს ასე არ ხდება.

ძალიან აშკარაა, რომ იგივე გეოპოლიტიკური სურათის სხვა რეგიონში გადატანით, მსგავსი სენტიმენტები წამოიჭრება. მაშ, რუსეთი რომ გეგმავდეს კუბაში სამხედრო ბაზების განთავსებას და კუბა მიზნად ისახავდეს გუანტამოს მშვიდობიანად დაბრუნებას იმის ფონზე, რომ მისი ჯარისკაცები მასშტაბურ წვრთნებს გადიან აშშ-ის მოწინააღმდეგე სახელმწიფოს არმიასთან ერთად, ამას ცხადია საერთაშორისო დაგმობა მოყვებოდა და რთული წარმოსადგენია აშშ-ის რეაქცია მსგავს ვითარებაზე. ამ მხრივ უკრაინის და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივა სერიოზული გეოპოლიტიკური საფრთხეა რუსეთისთვის, რომელსაც იმპერიალისტური იდეოლოგია ინსტიტუციურად აქვს გამჯდარი. ასეთ ვითარებაში ნატო და ნებისმიერი სამხედრო ალიანსი რეგიონში მთლიანად კლავს დიპლომატიური მოლაპარაკებების იმედს და მნიშვნელოვნად ზრდის რეგიონში კონფლიქტის რისკს. საბედნიეროდ რუსეთს არ აქვს იმის რესურსი, რომ იგივე მასშტაბის საომარი მოქმედებები აწარმოოს რაც სსრკ-ს ჰქონდა და ამიტომ რაც არ უნდა იყოს რუსეთის იმპერიალისტური ამბიცია, დავუშვათ პოსტ-საბჭოთა სივრცის "კონტროლი" (ეს ცოტა ბუნდოვანი ცნებაა), ის მნიშვნელოვნად შეზღუდულია. ეს შეზღუდვები უკრაინამ და საქართველომ სათავისოდ უნდა გამოიყენონ და განვითარების ფრთხილი დიპლომატიური გამოსავალი იპოვონ. რამდენადაც არ უნდა მოგვწონდეს ეს, ჩვენს გეოპოლიტიკაში რუსეთს აქვს როლი და ის ერთ-ერთი აქტორია, რომელიც ვერ დაუშვებს მის საზღვრებთან აშშ-ის გლობალურ ჰეგემონიაში სრულად ინტეგრირებულ საქართველოს და უკრაინას. 

რუსეთი საკუთარი პროპაგანდისტული მიზნებისთვის ხშირად იყენებს ორმაგი სტანდარტის ფაქტს სათავისოდ, თუნდაც ავიღოთ ისრაელის ბოლო დროინდელი თავდასხმები სირიაზე. ისრაელის მთავრობა ამ იერიშებს იმ მიზეზით ამართლებს, რომ სირია და ირანი საფრთხეს წარმოადგენენ ისრაელის უშიშროებისთვის. ამ პოზიციას, აშშ-ის მთავრობა სრულებით ამართლებს. თუმცა როდესაც საქმე მიდგება რუსეთზე, მისი ქმედებები ყოვლად მიუღებელია. შესაბამისად, ვხედავთ სურათს, სადაც ერთიდაიგივე ქმედება, ერთ შემთხვევაში განიხილება დანაშაულად, მეორე შემთხვევაში კი საქებ საქმედ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, უცნაურია რომ ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ აშშ უნდა იყოს „მსოფლიოს პოლიცია“, როცა იდეაში პოლიციის ფუნქციაა დაიცვას კანონის უზენაესობა.

საქართველოს მშვიდობიანი განვითარების ერთადერთი გამართლებული პერსპექტივა, დიპლომატიურად და ეთიკურად, შესაბამისად, არის ნატოს წევრობაზე უარის თქმა.
  



[1] Merkourious Utrecht Journal of International and European Law, 2012 – Volume 28/Issue 74, Article, The Tagliavini Report Revisited: Jus ad Bellum and the Legality
of the Russian Intervention in Georgia გვ.6
[2] https://www.reuters.com/article/us-georgia-russia-report/georgia-started-war-with-russia-eu-backed-report-idUSTRE58T4MO20090930
[3] https://www.telegraph.co.uk/news/worldnews/europe/georgia/6247620/EU-blames-Georgia-for-starting-war-with-Russia.html
[4] http://news.bbc.co.uk/2/hi/europe/8281990.stm
[5] https://www.rferl.org/a/EU_Report_On_2008_War_Tilts_Against_Georgia/1840447.html
[6] https://www.gfsis.org/ge/blog/view/855
[7] https://www.gfsis.org/files/library/opinion-papers/103-expert-opinion-geo.pdf
[8] იგივე, გვ.5-6
[9] იგივე, გვ.13
[10] https://www.nytimes.com/2008/09/16/world/europe/16georgia.html
[11] Charter of United Nations And Statue Of The International Court of Justice, გვ.9
[12] საქართველოს ისტორია, 19-20 საუკუნეებში, ტომი 4, რედაქტირებული მაყვალა ნათმელაძის მიერ, 2012 წ, გვ.221-222
[13] https://news.un.org/en/story/2018/09/1020232
[14] https://www.theguardian.com/world/2018/aug/16/yemen-school-bus-bombing-one-of-50-strikes-on-civilian-vehicles-this-year
[15] https://www.timesofisrael.com/idf-says-it-has-carried-out-over-200-strikes-in-syria-since-2017/
[16] Independent International Fact-Finding Mission on the Conflict in Georgia Vol 1, გვ. 22
[17] იგივე, გვ.23
[18] იგივე, Vol 2, გვ.251
[19] https://www.nytimes.com/2010/12/02/world/europe/02wikileaks-georgia.html
[20] იგივე Vol 2, გვ. 47
[21] http://liberali.ge/news/view/21699/fatu-bensudas-statia-Guardianze-ratom-idziebs-sasamartlo-omis-danashauls

Comments

Popular posts from this blog

გლობალური დათბობა, პოლიტიკა და მეცნიერება

ეძღვნება ვატოს 2019 წლის 23 სექტემბერს, 16 წლის აქტივისტი- გრეტა ტუნბერგი გაეროში სიტყვით გამოვიდა. გამოსვლა საკმაოდ ბანალური იყო, როგორც ეს ზოგადად გაეროში სიტყვით გამოსვლებისთვისაა დამახასიათებელი, თუმცა აქტივისტის სიტყვებს საკმაოდ საინტერესო რეაქცია მოჰყვა. კლიმატის ცვლილების „სკეპტიკოსებმა“ მალევა დაიწყეს 16 წლის ბავშვის ლანძღვა და მისთვის ბრალდებების წაყენება, თითქოს ტუნბერგს „იყენებდნენ“, თითქოს მისი ემოციურობა ფარსი იყო. ზოგს აქტივისტის გულწრფელობაში ეჭვი არ შეჰპარვია, მაგრამ იმ ფაქტმა გააღიზიანა, რომ სიტყვით ბ ა ვ შ ვ ი გამოვიდა და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ მოსაზრებას, რომ ტუნბერგი უბრალო თოჯინაა. ისინი ვინც, ამას ამტკიცებენ რატომღაც მიიჩნევენ, რომ 16 წლის ადამიანს არ შეუძლია ჰქონდეს დამოუკიდებელი აზროვნების უნარი ან არ შეუძლია იყოს ემოციური. უშუალოდ ის ფაქტი, რომ ემოციურობა საჯარო სივრცეში ავტომატურად მონათლულია არაგულწრფელობად, საკმაოდ შემაძრწუნებელი ფაქტია და კარგად მიანიშნებს საზოგადოების ამჟამინდელ მდგომარეობაზე.   ტუნბერგის გამოსვლამ, უფრო სწორად მისი გამოსვ

ედვარდ ჰოპერის მხატვრობა

 ბლოგებს და ბლოგერებს ზოგადად ძალიან ირონიულად ვუყურებდი, თუმცა ეჭვი მქონდა, რომ ოდესმე მეც მოვირგებდი "ბლოგერის" სტატუსს, რადგან უმეტეს შემთხვევებში რასაც დავცინი, ბოლოს სწორედ ის ვხდები. თავის გამართლებად ეს საკმარისი იქნება, ახლა დროა საქმეს შევუდგეთ.  დღეს ჩემი განხილვის საგანი იქნება ამერიკელი რეალისტი მხატვრის, ედვარდ ჰოპერის ესთეტიკა. ანუ ვეცდები ავხსნა რა მხატვრულ ხერხებს ხმარობს ის გარკვეული ეფექტის მისაღწევად.   სანამ უშუალოდ რამის გარჩევას დავიწყებდე, მინდა ავღნიშნო რომ მეოცე საუკუნის ამერიკულ მხატვრობაში, ყველაზე მეტად გავრცელებული თემატიკებია; მარტოობა და გაუცხოება. ეს "ტრენდი" ალბათ გამოწვეულია მეორე მსოფლიო ომით, საბჭოთა კავშირთან იდეოლოგიური ჭიდილით და რა თქმა უნდა წარმოუდგენლად დაჩქარებული ეკონომიკური ზრდით. (დეტალებს შემდეგი პოსტისთვის შემოვინახავ)  დასავლური მხატვრობის ისტორიაში გაუცხოების განცდის შესაქმნელად მხატვრები ძალიან კონკრეტულ ხერხებს მიმართავდნენ. პირველ რიგში ფერები უნდა ყოფილიყო ცივი, მაგრამ ძალიან კონტრასტული. სინათლე უნდა მოდ

თანამედროვე სექსიზმი და ევოლუციური ფსიქოლოგია (feat.Jordan Peterson)

 21-ე საუკუნის დებატები პოლიტიკურ და სოციალურ ფილოსოფიაში ნამდვილად აქამდე არნახულია. იმიტომ არა, რომ 21-ე საუკუნეში ახალმა დებატებმა იჩინეს თავი (მცირე გამონაკლისების გარდა; გლობალური დათბობა, მასობრივი მიგრაცია) არამედ იმიტომ, რომ დებატები განახლდა ისეთ საკითხებზე, რომლებიც თითქოს წარსულს ჩაბარდა და ამჟამად მათზე თითქოს კონსენსუსი არსებობს. მაგალითად განახლდა დებატები ეთნოსახელმწიფოების არსებობის ლეგიტიმაციაზე, ინტელექტის რასობრივ განსხვავებებზე და ბოლოს ფემინიზმის ლეგიტიმურობაზე. ახლად აღმოცენებული (ძველი) საკითხების აქტუალობას ბევრი უკავშირებს კაპიტალიზმის ან ლიბერალიზმის კრიზისს, ზოგი სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიების ერას და ა.შ. ეს მოსაზრებები თავისთავად საინტერესოა, თუმცა ერთი რამ მაინც აშკარაა. რაც არ უნდა განაპირობებდეს ანტი-ფემინისტური, ანტი-პლურალისტური და ანტი-ინტერნაციონალისტური განწყობების აღმოცენებას, ის ცუდი არგუმენტები რომლებსაც ეს დისკურსები ემყარებოდა, ისევ ცუდი არგუმენტებია და ამას დრო, კარგად აჩვენებს.  ანტი-ფემინისტური დისკურსის მთავარი არგუმენტის კარიკატ