Skip to main content

თავისუფალი ბაზარი?



შესავალი:

 სანამ რამის განხილვას დავიწყებდე, მგონი ჯობს რამოდენიმე ტერმინი განვმარტო; მაგალითად „კაპიტალიზმი“ და „ნეო-ლიბერალიზმი“. ბოლო დროს საქართველოში ამ ორ სიტყვას ისე ისვრიან, ეჭვი არ მეპარება ბევრი დაფიქრდა თუ რეალურად რას ნიშნავს ან ერთი ან მეორე. კაპიტალიზმი ძალიან მარტივად რომ შევაჯამო, არის იდეოლოგია რომელიც აქცენტს აკეთებს ინდივიდუალურ თავისუფლებაზე და წარმოების საშუალებები იდეალურ შემთხვევაში არის კერძო. ტრანზაქციები, პროდუქტების, სერვისების გაცვლა და სიმდიდრის აღრიცხვა კი ხდება ფულის ერთეულით.
 “ნეო-ლიბერალიზმის თანახმად სახელმწიფოს ან კოლექტივების მიერ კონტროლირებადი საწარმოო საშუალებები და ბიზნესები უნდა გადავიდეს კერძო საკუთრებაში. ნეო-ლიბერალიზმის ფარგლებში სახელმწიფოს ჩარევა კერძო სექტორის ფუნქციონირებაში მიჩნეულია არა-მომგებიანად როგორც მიმწოდებლებისთვის და მომხმარებლებისთვის, ასევე ზოგადად საზოგადოებისთვის. „პროტექციონიზმი“ ნიშნავს რაიმე კერძო ბიზნესის გამოსყიდვას ან სუბსიდირებას სახელმწიფოს მიერ. „თავისუფალი ბაზარი“ გულისხმობს პროდუქტის და კაპიტალის თავისუფალ მოძრაობას, ტარიფების/გადასახადების მინიმალური ოდენობით არსებობის ან საერთოდ არ-არსებობის პორობებში.
 აწი ზემოთხსენებული ტერმინები გამოყენებული იქნება მხოლოდ/მკაცრად ისე როგორც განვმარტე.

 ეს ესეი არ ემსახურება ზემოთხსენებული იდეოლოგიების კრიტიკას ან რაიმენაირ შეფასებას.  ჩემი მიზანი აქ სულ სხვაა... მე უბრალოდ ვეცდები მაქსიმალურად მარტივად წარმოვადგინო ემპირიული, ისტორიული მონაცემები იმის შესახებ, თუ რა ტიპის ეკონომიკურმა პოლიტიკამ წარმოშვა გლობალიზაცია ან რა ტიპის ღონისძიებებმა გახადა შესაძლებელი ერთ დროს ჩამორჩენილი, განვითარებადი ქვეყნების თავბრუდამხვევი ეკონომიკური ზრდა-განვითარება და რატომ უჭირთ განვითარებად ქვეყნებს განვითარება დღეს.


პოპულარული ისტორია

 ფართოდ აღიარებული ეკონომიკური ლიბერალიზაციის ისტორია დაახლოებით ასე გამოიყურება;

 მეთვრამეტე საუკუნის მიწურულს, ბრიტანეთმა პრაქტიკაში დაამკვიდრა თავისუფალი ბაზარი, რის შემდეგაც მისი ეკონომიკური წინსვლა იმდენად აშკარა და გარდაუვალი ჩანდა, რომ სხვა ქვეყნებმაც ამ მაგალითს მიბაძეს ანუ დაიწყეს ვაჭრობის ლიბერალიზაცია და სახელმწიფოს მიერ დაწესებული ტარიფების დერეგულაცია. პირველ მსოფლიო ომამდე, გლობალურად შემცირდა ბარიერები კაპიტალის და წარმოებული პროდუქციის თავისუფალი მოძრაობის სასარგებლოდ. ხოლო პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ქვეყნებმა ისევ აღმართეს ბარიერები ვაჭრობაზე. იაპონიაში და გერმანიაში დამყარდა ფაშისტური რეჟიმები, სადაც მოხდა ზოგი პრივატული საწარმოო საშუალებეის  სახელმწიფოში ინტეგრაცია. მათ ასევე გაზარდეს ტარიფები და რეგულაციები იმპორტირებულ პროდუქციაზე. რუსეთი აგრარული საზოგადოებიდან გადაიქცა მაღალ-ინდუსტრიულ ქვეყანად, სადაც ეს ინდუსტრიები შედიოდა სახელმწიფო კუთვნილებაში.
 ეკონომიკური ლიბერალიზაცია განახლდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. გამდიდრებულ ქვეყნებს შორის დაარსდა GATT (General Agreement on Trade and Tariffs.) 1980 წელს კი დაიწყო ნეო-ლიბერალიზმის აღორძინება, განვითარებად ქვეყნებმა აღმოსავლეთ აზიაში, შეამჩნიეს თუ რამხელა წარმატება მოყვა „თავისუფალი ბაზრების“ იმპლემენტაციას, რის შემდეგაც გადაწყვიტეს რომ სხვა ქვეყნების მაგალითით ესარგებლათ, შესაბამისად ჩაერთვნენ საერთაშორისო ვაჭრობაში.
 განვითარებადი ეკონომიკების უკეთესი ინტეგრაციისთვის, 1995 წელს GATT გადაიქცა „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციად.“ (World Trade Organization.)
  დღეს, WTO-ს გარდა გლობალურ ეკონომიკურ ლიბერალიზაციას ხელს უწყობს IMF (International Monetary Fund), ანუ საერთაშორისო მონეტარული ფონდი და მსოფლიო ბანკი (World Bank.) პოპულარიზებული ისტორიის თანახმად, ამ ეკონომიკურმა რეორგანიზაციამ შექმნა პოტენციალი საყოველთაო გამდიდრების. WTO-ს პირველმა დირექტორმა, რენატო რუგიერომ სახალხოდ გამოაცხადა, რომ არსებობდა „გლობალური გაჭირვების აღმოფხვრის პოტენციალი ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში.“

 კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ რაც მოხდა, იყო ISI-ის (Import substitution industrialization) გაუქმება განვითარებად ქვეყნებში. ეს უკანასკნელი, როგორც სახელი გვკარნახობს, ითვალისწინებდა ქვეყანაში რაიმე პროდუქტის იმპორტს შეზღუდვას, იმ მიზნით რომ ქვეყანას თავისით ეწარმოებინა იგივე პროდუქტი. ეს პრაქტიკა მეტწილად გავრცელებული იყო 1930-იან წლებში სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში.


არც ისე პოპულარული (ჭეშმარიტი) ისტორია

  ესეის ამ ნაწილში გადავამოწმებთ ბაზრების ლიბერალიზაციის პოპულარულ ისტორიას რამოდენიმე ქვეყნის მაგალითზე;


·         ინგლისი

 ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბრიტანეთის საერთაშორისო ვაჭრობის ისტორია დავიწყოთ ჰენრი VII-ის და ელიზაბედ-I-ის ეპოქიდან, რადგან 1512 წლამდე ბრიტანეთის ექსპორტირებული პროდუქცია მეტწილად ნედლი მატერიებით შემოიფარგლებოდა. ამ მატერიებიდან კი ყველაზე მომგებიანი დაუმუშავებელი მატყლის ექსპორტი იყო. ჰენრი VII-მ შექმნა სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლიდა სხვა, იმ დროს  უფრო წარმატებული ქვეყნების (ბელგია, ჰოლანდია) წარმოებას. ამ კომისიამ აღმოაჩინა, რომ ნაწილობრივ კონკურენტული ბაზარის პირობებშიც კი, მატყლის ნაწარმის ექსპორტი ბევრად მომგებიანი იყო ქვეყნებისთვის ვიდრე დაუმუშავებელი მატერიით ვაჭრობა. ამ დაკვირვებების საპასუხოდ ჰენრი VII-მ მაღალი ტარიფები დააწესა დაუმუშავებელი ნაწარმების ექსპორტზე, 1513 და 1536 წელს მსგავსი პროდუქციის ინგლისის საზღვრებს გარეთ გატანაც კი აკრძალა.
 ამ ეკონომიკური გადაწყვეტილების მთავარი მიზანი იყო, ნედლი პროდუქტის დაგროვება ქვეყნის საზღვრებს შიგნით, რის შედეგადაც გაჩნდებოდა გარკვეული მუხტი ფერმერებს დაეწყოთ მატყლისგან მრავალფეროვანი, უფრო მომგებიანი პროდუქცია ეწარმოებინათ. 1558-1603 წლებში, ელიზაბედ I-ის მეფობის პერიოდში, თითქმის ასი წლის შემდეგ, დაუმუშავებელი მატყლის საერთაშორისო ბაზარზე გატანა პრაქტიკულად აკრძალული იყო. (ეს ნაბიჯი „კონკურენტ“ ქვეყნებს, რომლებსაც მატყლი ინგლისიდან შემოსდიოდათ ძალიან ძვირად დაუჯდათ.)
 ეკონომიკური გათვლა წარმატებული გამოდგა, ბრიტანეთმა ამ და სხვა პროდუქციით ვაჭრობით უზარმაზარი კაპიტალი დააგროვა, რამაც შემდეგ საკმაოდ მყარი ფუნდამენტი ჩაუყარა ინდუსტრიულ რევულუციას. ეს „წახალისება“ (რეალურად იძულება) მძლავრი იმპული აღმოჩნდა ადგილობრივი ფერმერებისთვის მაქსიმალურად ოპტიმალურად მოეხდინათ ნედლი პროდუქტების დამუშავება. რამაც თვისმხრივ დასაბამი დაუდო მექანიკური ხელსაწყოების და დანადგარების განვითარებას, რის სუბსიდირებას სახელმწიფო რეგულარულად ახდენდა.
 შემდეგი მნიშვნელოვანი თავი ბრიტანეთის ეკონომიკის ისტორიაში, დაიწერა 1721 წელს, ბრიტანეთის პირველი პრემიერ-მინისტრის, რობერტ ვალპოლის მიერ. ვალპოლის პირველი მნიშვნელოვანი ლეგისლაცია რომელიც გატარდა, თავისი არსით გულისხმობდა შემდეგს;
 ბრიტანეთი „იცავდა“ თავის მწარმოებელ ინდუსტრიებს უცხოური კონკურენციისგან. ნედლი პროდუქციის იმპორტზე ტარიფებმა კოლოსალურად იკლეს, ხოლო ტარიფები დამუშავებულ ნაწარმის შემოტანაზე მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამას გარდა ბრიტანეთმა დანერგა ერთგვარი ხარისხის კონტროლის ინსპექცია ნაჭრებზე და ქსოვილებზე, იმ მიზნით რომ „უხარისხო“ პროდუქტი საერთაშორისო ბაზარზე არ გასულიყო და ბრიტანეთის რეპუტაცია არ შეელახა. ბრიტანეთმა ასევე აკრძალა იგივე პროდუქციის წარმოება, (რის ექსპორტსაც თვითონ ახდენდა) თავის კოლონიებში, რათა კოლონიებს სპეციალიზირება მოეხდინათ სხვა ინდუსტრიებში.
 ამ ყოველივეთი ვალპოლმა თავის მიზანს მიაღწია, ბრიტანელი მეწარმეები მნიშვნელოვნად გამდიდრდნენ და სახელმწიფოს ბიუჯეტშიც უფრო მეტი ფული შემოდიოდა. ის ქვეყნები, რომლებმაც რეგულაციების მსგავსი პოლიტიკა არ გაატარეს, ბევრად გაჭირვებულ ერებს მიეკუთვნებოდნენ, მაგ. გერმანია, შვეიცარია და საფრანგეთი. ოდესღაც ეკონომიკურად უფრო განვითარებული ქვეყნები. თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ პროტექციონიზმ-სუბსიდირებას თავისი გვერდითი ეფექტები და ლიმიტები აქვს.
 1776 წელს გამოქვეყნებული “Wealth of Nations”-ში, ადამ სმიტი საკმაოდ ვრცლად წერს სუბსიდირების უკუჩვენებებზე, იმაზე თუ როგორ ვნებს ხანგრძლივი პროტექციონიზმი ეკონომიკას. სმიტის იდეები რადიკალურად ანტი-მერკანტილისტური იყო. მის გარდა ვალპოლის დანერგილ მერკანტილიზმს ებრძვოდა ეკონომისტი დევიდ რიკარდო. ამ კრიტიკაზე და მის მართებულებაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ.

·         სამხრეთ კორეა

 სამხრეთ კორეის „ეკონომიკური სასწაულს“ საფუძველი ჩაეყარა 1961 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ, როდესაც მთავრობაში გენერალი პარკი მოვიდა. მან წარადგინა 5-წლიანი ეკონომიკური გეგმა, რომლის მთავარი კომპონენტი იყო “Heavy and Chemical Industrialization” (HCI). ამ პროექტის ფარგლებში სამხრეთ კორეამ დაახლოებით იგივე ტაქტიკას მიმართა რაც ინგლისმა, ჰენტრი VII-ს და რობერტ ვალპოლის დროს. პარკის მთავრობა დიდი რაოდენობით ფულს დებდა მეტალურგიურ და ელექტრონული დანადგარების წარმოებაში. 1981 წელს, სამხრეთ კორეაში GDP per Capita 1000 ამერიკულ დოლარს შეადგენდა, რაც უდაოდ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკონომიკური სასწაული იყო მეოცე საუკუნის ისტორიაში.
 ქვეყანა რომელიც 70-იან წლებამდე ძირითადად თევზეულის ექსპორტიორი იყო, აღმოჩნდა სრულიად სხვა ეკონომიკურ საფეხურზე. ეს კი, როგორც ისტორია გვაჩვენებს ბაზრების ლიბერალიზაციის დამსახურებით არ მომხდარა.

  ჰონ -კონგი

ჰონ-კონგის ისტორია, ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა. მის მაგალითზე შეგვიძლია შევაფასოთ გლობალური ნეო-ლიბერალური ბაზრების წამოწყება.
 ჰონ-კონგი 1842 წლის, ნანკინგის ზავის შემდეგ გახდა ბრიტანეთის კოლონიის ნაწილი. საქმე იმაშია, რომ ბრიტანეთი განიცდიდა „სავაჭრო დეფიციტს.“ (სავაჭრო დეფიციტი მარტივად ნიშნავს, რომ ქვეყნის იმპორტირებული პროდუქციის ღირებულება ფულის ერთეულში, აჭარბებს ექსპორტირებულისას.)
 ამის შედეგად, ბრიტანეთი ინდოეთის კოლონიის მიერ წარმოებული ოპიოიდური პროდუქციისთვის ახალს საექსპორტო გზებს ეძებდა. პრობლემა იმაში იყო, რომ ჩინეთის სამეფო კრძალავდა ოპიუმის გადატანას თავის ტერიტორიაზე. შესაბამისად, რამოდენიმე სასტიკი ბრძოლის, უდანაშაულო სოფლების გადაწვის შემდეგ, ჩინეთმა ჰონ-კონგი დროებით დათმო.
 1870-1913 წლები, რომელიც გლობალიზაციის და საერთაშორისო თავისუფალი ბაზრების ჩამოყალიბების პერიოდად ითვლება, საკმაოდ რთული დრო იყო იმ ქვეყნებისთვის, რომლებზეც ახალი  სავაჭრო გზები გადიოდა. ისტორია საკმაოდ ნათლად გვაჩვენებს თუ რამხელა როლი ჰქონდა დომინანტი სახელმწიფოების ძალადობას ადრეული თავისუფალი ბაზრების ჩამოყალიბებაში. ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ ყველაზე პოპულარული იდეა, რასაც ეკონომიკის ლექციებზე და სემინარებზე მოისმენთ, თითქოს თავისუფალი ბაზარი არის ტექნოლოგიური წინსვლის გარდაუვალი შედეგი, თითქოს ნეო-ლიბერალიზმი და ლიბერტარიანიზმი, სხვა პოლიტიკური იდეოლოგიებისგან განსხვავებით არის ერთადერთი ბუნებრივი ცხოვრების წესი და ა.შ... სრულ შეუსაბამობაში მოდის ემპირიულ ფაქტებთან.
 მოდით ჰონ-კონგის შედარებით თანამედროვე ისტორიას დავუბრუნდეთ, კონკრეტულად კი 60-70-იანების ექსპერიმენტს“, რომელსაც მილტონ ფრიდმანმა ჰონ-კონგის კაპიტალიზმის, ბრიტანულ სოციალიზმზე გამარჯვება უწოდა. სანამ განვიხილავთ ამ დებულებას, პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ მილტონ ფრიდმანი ამ კონტექსტში, სოციალიზმში მოიაზრებს „welfare State”-ს. ანუ სახელმწიფოს, სადაც მთავრობა მოსახლეობის დაბეგვრით აგროვებს კაპიტალს, შემდეგ კი ამ კაპიტალის დიდ ნაწილს ახმარს სახელმწიფო სოციალურ სერვისებს; ჯანდაცვა, პენსიები, სოციალური დახმარება, თავშესაფარების მშენებლობა და ა.შ. კაპიტალიზმში კი ფრიდმანი რეალურად გულისხმობს ნეო-ლიბერალურ პოლიტიკურ სტრუქტურას, რომელიც ამ ესეის შესავალში აღვწერე.
 საქმე იმაშია, რომ ჰონ-კონგი დღესაც ძალიან შორს არის იმ ნეო-ლიბერალური სამოთხისგან, რომელსაც ფრიდმანი აღწერს. პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ ჰონ-კონგის ეკონომიკის, ინგლისის ან საფრანგეთის ეკონომიკასთან შედარება მხოლოდ ვიწრო ჭრილში შეიძლება. ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ჰონ-კონგი რეალურად ჩვეულებრივი ქალაქია. მას საერთოდ არ აქვს აგრარული ტერიტორიები ან აგრარული წარმოება. ის კი ცნობილი ფაქტია, რომ ცალკე აღებულ ინდუსტრიულ ქალაქებს, ნიუ-იორკს, ლონდონს, პარიზს და ა.შ უფრო მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლები აქვთ ვიდრე ქვეყნებს, რომლებშიც ისინი არიან განთავსებულნი.
 მეორე რასაც უნდა შევხედოთ, არის ის რომ ჰონ-კონგში რეალური, ფიზიკური პროდუქციის წარმოება პრაქტიკულად არ არსებობს.
 მესამე და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, ფრიდმანის არგუმენტის გასამტყუნებლად არის ის, რომ ჰონ-კონგის მთავრობა კოლონიის ავტონომიური მთავრობა მთლიანად განაგებს საკუთარ ტერიტორიის მიწებს. ეს ნიშნავს, რომ თქვენ არ შეგიძლიათ იყიდოთ ნაკვეთი და იქ ააშენოთ ბიზნესი ან რაიმე მსგავსი. ჰონ-კონგის მთავრობა თავის მიწებს და ბიზნეს-კომპლექსებს აქირავებს. (ძირითადად უცხოურ კომპანიებზე.) როგორც ვიცი ფრიდმანისეული ნეო-ლიბერალიზმი და თავისუფალი ბაზარი, სახელმწიფოს კუთვნილ მიწებს სრულიად უარყოფს. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ ჰონ-კონგი მაინც სთავაზობს იქ მცხოვრებთ გარკვეული ტიპის სოციალურ დაცვას.
 1995-1996 წლებში, ჰონ-კონგის მთავრობის დანახარჯების 47 პროცენტი სწორედ სოციალურ სერვისებში მიდიოდა.
 China: An International Journal, 2004 წლის გამოცემის თანახმად კი, ჯანდაცვაში მთლიანი შიდა პროდუქტის 11.6 % დაიხარჯა.
 მკითხველს შეიძლება გაუჩნდეს შეკითხვა; კი მაგრამ, ჰონ-კონგს ხომ არ აქვს პროტექციონისტური პოლიტიკა? საქმე იმაშია, რომ თუ მთავრობა ფლობს მიწებს, გამოდის თვითონვე წყვეტს ვის მიაქირაოს მიწა და ვის გააკეთებინოს მოგება. ამას გარდა, როგორც უკვე აღვნიშნე ჰონ-კონგს არანაირი საკუთარი წარმოება არ აქვს, რომლის დაცვაც დასჭირდება.

·         პროტექციონიზმის კრიტიკა

 ამ ესეის დიდი ნაწილი დაეთმო იმის განხილვას, თუ როგორ დაეხმარა პროტექციონიზმი და სახელმწიფო ინტერვენციები ერთ დროს ჩამორჩენილ ქვეყნებს, ეკონომიკურ განვითარებაში. მართალია განხილული შემთხვევების რაოდენობა საკმაოდ მცირეა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მეტი მაგალითის განხილვას ზედმეტად დიდი დრო დასჭირდება. ამასთანავე თითქმის ყველა განვითარებული ქვეყანა რომელიც კი დღეს არსებობს, იქნება ეს ა.შ.შ, გერმანია, სინგაპური თუ იაპონია, თავიანთ გამდიდრებას უფრო მეტად პროტექციონიზმს უნდა უმადლოდნენ ვიდრე ბაზრების ლიბერალიზაციას. ეს არის ობიექტური დასკვნა, რომელიც გაკეთებულია ზუსტ ემპირიულ და ისტორიულ მონაცემებზე დაყრდნობით. მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე, პროტექციონიზმს აქვს თავისი უკუჩვნებები და ლიმიტები. ეს პირველად გააცნობიერეს ადამ სმიტმა და დევიდ რიკარდომ.
 მიკრო-ეკონომიკაში არსებობს კონსენსუსი, იმის შესახებ თუ როგორ იწვევს სუბსიდირება ჭარბ წარმოებას და როგორ იწვევს სახელმწიფოს ჩართულობა ვაჭრობაში ბიზნესის ციკლის რღვევას. (ეს უკანასკნელი ჰაიეკის შესწავლის საგანი იყო.) იმისითვის რომ საქმე გავიმარტივო, ისევ რიკარდოს და ადამ სმიტს მივუბრუნდები.
 დევიდ რიკარდომდე, მიიჩნეოდა, რომ სხვა ქვეყანასთან პროდუქტის გაცვლას ქვეყნისთვის მხოლოდ მაშინ ჰქონდა აზრი, როდესაც მას შეეძლო ეწარმოებინა იგივე პროდუქტი ნაკლები ხარჯით. როგორც აღმოჩნდა ეს მიდგომა ჭეშმარიტებისგან საკმაოდ შორს არის. რიკარდოს აზრით, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა გამართლებულია მაშინაც კი, როცა ერთ ქვეყანას ყველა პროდუქტის წარმოება უფრო იაფადაც შეუძლია.
 რიკარდოს თეორია ცხადია ჭეშმარიტია. თუმცა მას ერთი პრობლემა აქვს; ის მკაცრად შეზღუდულ პირობებშია მომგებიანი. კერძოდ, ქვეყანას თუ უნდა რომ აწარმოოს უფრო „დახვეწილი“ პროდუქტი, სახელმწიფოს მოუწევს დააფინანსოს იმ მომენტში უფრო წამგებიანი წარმოება, იმ მიზნით რომ რაღაც ეტაპის შემდეგ ეს „დახვეწილი“ ნაწარმი უფრო მაღალ ფასად გაყიდოს.
 თავისუფალ ბაზარზე კონკურენციის არგუმენტზეც იგივე შეიძლება ითქვას. აი მაგალითად, შესაძლოა ბრიტანეთის მთავრობა რომ არ ჩარეულიყო მატყლის წარმოებაში, ამ პროდუქტის წარმოება ისე განვითარებულიყო, რომ ბევრად მეტი ადამიანი გამდიდრდებოდა. თუმცა ახლა თქვენთვის აშკარა უნდა იყოს, რომ ბევრად უფრო მომგებიანი ბაზრებიც არსებობს, რომლებიც სახელმწიფოს ინტერვენციის გარეშე ვერ განვითარდებოდა.
 და ბოლოს, არ მინდა მკითხველს ისეთი შთაბეჭდილება დარჩეს, თითქოს თავისუფალი ბაზარი არ იძლევა უზარმაზარი კაპიტალის დაგროვების საშუალებას. ამას ნამდვილად არ ვამტკიცებ. მხოლოდ იმის თქმას ვცდილობ, რომ განვითარებული ქვეყნებისთვის თავისუფალი ბაზარი, დაბალი ტარიფები და გადასახადები ყოველთვის მომგებიანი არ არის. ანუ ერთი ეკონომიკური მოდელის მორგება ყველა ქვეყნისთვის ძალიან არაპრაქტიკულია. ისტორია ნათლად მოწმობს, რომ პრაქტიკულ სუბსიდირებას და პროტექციონიზმს შეუძლიათ კარგი შედეგები მოიტანონ, განსაკუთრებულად განვითარებადი ქვეყნებისთვის. ამის არ-შემჩნევა საკმაოდ დიდი შეცდომა იქნება.

P.S


 საერთოდ არაფერი მითქვამს იმაზე თუ რამდენად ეთიკურია მთავრობის ასეთი სასტიკი ინტერვენცია კერძო მეწარმეებს შორის ვაჭრობაში (არ არის ეთიკური). არც ის მითქვამს, რამდენად ეთიკურია გიგანტური კორპორაციების მიერ კაპიტალის დაგროვება საშუალო კლასის ხარჯზე (არ არის ეთიკური). ეს საკითხები შემდეგი ბლოგპოსტისთვის იყოს.

Comments

Popular posts from this blog

გლობალური დათბობა, პოლიტიკა და მეცნიერება

ეძღვნება ვატოს 2019 წლის 23 სექტემბერს, 16 წლის აქტივისტი- გრეტა ტუნბერგი გაეროში სიტყვით გამოვიდა. გამოსვლა საკმაოდ ბანალური იყო, როგორც ეს ზოგადად გაეროში სიტყვით გამოსვლებისთვისაა დამახასიათებელი, თუმცა აქტივისტის სიტყვებს საკმაოდ საინტერესო რეაქცია მოჰყვა. კლიმატის ცვლილების „სკეპტიკოსებმა“ მალევა დაიწყეს 16 წლის ბავშვის ლანძღვა და მისთვის ბრალდებების წაყენება, თითქოს ტუნბერგს „იყენებდნენ“, თითქოს მისი ემოციურობა ფარსი იყო. ზოგს აქტივისტის გულწრფელობაში ეჭვი არ შეჰპარვია, მაგრამ იმ ფაქტმა გააღიზიანა, რომ სიტყვით ბ ა ვ შ ვ ი გამოვიდა და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ მოსაზრებას, რომ ტუნბერგი უბრალო თოჯინაა. ისინი ვინც, ამას ამტკიცებენ რატომღაც მიიჩნევენ, რომ 16 წლის ადამიანს არ შეუძლია ჰქონდეს დამოუკიდებელი აზროვნების უნარი ან არ შეუძლია იყოს ემოციური. უშუალოდ ის ფაქტი, რომ ემოციურობა საჯარო სივრცეში ავტომატურად მონათლულია არაგულწრფელობად, საკმაოდ შემაძრწუნებელი ფაქტია და კარგად მიანიშნებს საზოგადოების ამჟამინდელ მდგომარეობაზე.   ტუნბერგის გამოსვლამ, უფრო სწორად მისი გამოსვ

ედვარდ ჰოპერის მხატვრობა

 ბლოგებს და ბლოგერებს ზოგადად ძალიან ირონიულად ვუყურებდი, თუმცა ეჭვი მქონდა, რომ ოდესმე მეც მოვირგებდი "ბლოგერის" სტატუსს, რადგან უმეტეს შემთხვევებში რასაც დავცინი, ბოლოს სწორედ ის ვხდები. თავის გამართლებად ეს საკმარისი იქნება, ახლა დროა საქმეს შევუდგეთ.  დღეს ჩემი განხილვის საგანი იქნება ამერიკელი რეალისტი მხატვრის, ედვარდ ჰოპერის ესთეტიკა. ანუ ვეცდები ავხსნა რა მხატვრულ ხერხებს ხმარობს ის გარკვეული ეფექტის მისაღწევად.   სანამ უშუალოდ რამის გარჩევას დავიწყებდე, მინდა ავღნიშნო რომ მეოცე საუკუნის ამერიკულ მხატვრობაში, ყველაზე მეტად გავრცელებული თემატიკებია; მარტოობა და გაუცხოება. ეს "ტრენდი" ალბათ გამოწვეულია მეორე მსოფლიო ომით, საბჭოთა კავშირთან იდეოლოგიური ჭიდილით და რა თქმა უნდა წარმოუდგენლად დაჩქარებული ეკონომიკური ზრდით. (დეტალებს შემდეგი პოსტისთვის შემოვინახავ)  დასავლური მხატვრობის ისტორიაში გაუცხოების განცდის შესაქმნელად მხატვრები ძალიან კონკრეტულ ხერხებს მიმართავდნენ. პირველ რიგში ფერები უნდა ყოფილიყო ცივი, მაგრამ ძალიან კონტრასტული. სინათლე უნდა მოდ

აშშ და ვიეტნამის კრიზისი, 1950-1973

აშშ და ვიეტნამის კრიზისი 1950-1956 1947 წელს ჯონ კ. ფეირბენკმა (ინგ. John K. Fairbank ) შემდეგი კომენტარი გააკეთა ამერიკაში აგორებულ „ანტიკომუნისტურ“ ტალღაზე:  „ ჩვენი შიში კომუნიზმისა ნაწილობრივ მომავლის შიშია, რომელიც საბოლოოდ გვიბიძგებს ანტიკომუნისტური პოლიტიკისკენ აზიაში და სხვაგანაც. ამერიკელ ხალხს დააჯერებენ, რომ ანტიკომუნისტური მთავრობების მხარდაჭერა აზიაში რამენაირად დაიცავს ამერიკული სტილის ცხოვრება ს. ამერიკული პოლიტიკის მსგავსი განვითარება საბოლოოდ მიგვიყვანს გარემოებამდე, რომელშიც ჩვენ მხარს დავუჭერთ ისეთ რეჟიმებს, რომლებიც ეცდებიან ჩაახშონ პოპულარული მოძრაობები აზიაში. ეს ნიშნავს, რომ საბოლოდ ამერიკელი ხალხი იძულებული იქნე ბ ა , ებრძოლოს აზიელ ხალხს.   ამერიკული აგრესია საზღვარგარეთ ასოცირებული იქნება ანტიკომუნისტურ ავტორიტარიზმთან, მისი [ავტორიტარული რეჟიმის] მსხვერპლთათვის, ამერიკის შეერთებული შტატების ქმედებები გაიგივებული იქნება ფაშიზმთან... ეს ნამდვილად ასე იქნება, რადგან ამერიკელი ლიბერალებიც კომუნიზმის შიშში შეუერთდნენ პუბლიკას...“ [1]  ზემოხს