Skip to main content

აშშ და ვიეტნამის კრიზისი, 1950-1973


აშშ და ვიეტნამის კრიზისი

1950-1956

1947 წელს ჯონ კ. ფეირბენკმა (ინგ. John K. Fairbank) შემდეგი კომენტარი გააკეთა ამერიკაში აგორებულ „ანტიკომუნისტურ“ ტალღაზე:
 „ჩვენი შიში კომუნიზმისა ნაწილობრივ მომავლის შიშია, რომელიც საბოლოოდ გვიბიძგებს ანტიკომუნისტური პოლიტიკისკენ აზიაში და სხვაგანაც. ამერიკელ ხალხს დააჯერებენ, რომ ანტიკომუნისტური მთავრობების მხარდაჭერა აზიაში რამენაირად დაიცავს ამერიკული სტილის ცხოვრებას. ამერიკული პოლიტიკის მსგავსი განვითარება საბოლოოდ მიგვიყვანს გარემოებამდე, რომელშიც ჩვენ მხარს დავუჭერთ ისეთ რეჟიმებს, რომლებიც ეცდებიან ჩაახშონ პოპულარული მოძრაობები აზიაში. ეს ნიშნავს, რომ საბოლოდ ამერიკელი ხალხი იძულებული იქნე, ებრძოლოს აზიელ ხალხს.
 ამერიკული აგრესია საზღვარგარეთ ასოცირებული იქნება ანტიკომუნისტურ ავტორიტარიზმთან, მისი [ავტორიტარული რეჟიმის] მსხვერპლთათვის, ამერიკის შეერთებული შტატების ქმედებები გაიგივებული იქნება ფაშიზმთან... ეს ნამდვილად ასე იქნება, რადგან ამერიკელი ლიბერალებიც კომუნიზმის შიშში შეუერთდნენ პუბლიკას...“[1]
 ზემოხსენებული განცხადების შემდეგ განვითარებული მოვლენები ჭეშმარიტებისგან შორს მაინცდამაინც არ არის. მკითხველი ამაში მალევე დარწმუნდება.
 ვაშინგტონის წარმომადგენლების გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატები იქამდე არ ჩართულა ვიეტნამის კონფლიქტში, სანამ „ჩრდილოეთ ვიეტნამმა სამხრეთს არ შეუტია“. აშშ 1950 წლიდან უკვე აქტიურად იყო ჩართული ინდოჩინეთის ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებში.
 ვიეტნამი დიდი ხნის განმავლობაში იყო საფრანგეთის კოლონიალური კონტროლის ქვეშ. 50-იან წლებში წარმართული შეტაკებები ძირითადად მიდიოდა ვიეტნამის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლებსა და ფრანგ კოლონიალისტებს შორის. ამ კონფლიქტმა თავი მას შემდეგ იჩინა, რაც მოკავშირეებმა ვიეტნამური ძალების დახმარებით გააძევეს იაპონელი ფაშისტები. ვიეტნამის ჩრდილოეთ ნაწილზე კონტროლი გამოაცხადა „ვიეტმინმა“, რადგან სამხრეთ ტერიტორიის დათმობას საფრანგეთი არ გეგმავდა. 1945 წელს ფრანგმა გენერალმა ჟან ლეკლერკმა განაცხადა:
 „მე ინდოჩინეთში იმიტომ არ დავბრუნებულვარ, რომ ინდოჩინეთი უკან გადავცე ინდოჩინეთის ხალხს“.[2]
 ამ განცხადების უკან ისეთივე კოლონიალისტური დამოკიდებულება იდგა, როგორიც შეინიშნებოდა უილიამ მაკ-კინლის რიტორიკაში ფილიპინებთან მიმართებით. ვიეტნამელებს, ფილიპინელების მსგავსად, არ შეეძლოთ საკუთარი თავის მიხედვა.
 ამერიკის შეერთებული შტატები ფრანგული „ალტრუიზმის“ გულითადი მხარდამჭერი გახლდათ. 1950 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში აშშ დიდი რაოდენობის სამხედრო შეიარაღებასა და საბრძოლო ტექნიკას აგზავნიდა სამხრეთ ვიეტნამში მებრძოლ ფრანგებთან. მიუხედავად იმისა, რომ გლობალური ეკონომიკური დომინანტობისთვის მებრძოლ ამერიკის შეერთებულ შტატებს მაინცდამაინც გულზე არ ეხატებოდა საფრანგეთის მცდელობები, აღედგინა კოლონიალური მმართველობა ვიეტნამში, აშშ-ის მთავრობას უფრო მეტად არ აწყობდა კომუნისტური ჩინეთის გაძლიერება. ამის მიზეზი, მე თუ მკითხავთ, საკმაოდ გამჭვირვალეა:
 ჩინეთი, რუსეთის მსგავსად, მეტწილად აგრარული სახელმწიფო იყო, რომელიც მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა მსოფლიოს ინდუსტრიულ განვითარებას. საბჭოთა კომუნიზმი, მიუხედავად იმისა, რომ მმართველობის სისტემათა შორის ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი რამ არის, რასაც კი უარსებია დედამიწაზე, ეკონომიკური განვითარებისა და ინდუსტრიული პროგრესისთვის ბევრად სასარგებლო პოლიტიკური მოდელი აღმოჩნდა, ვიდრე ფეოდალიზმი. ლენინისა და სტალინის დროინდელ საბჭოთა კავშირში დაჩქარებული ინდუსტრიალიზაცია თავბრუდამხვევი სისწრაფით მიდიოდა, რაც თავისთავად უზარმაზარი პრობლემა იყო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ეს უკანასკნელი ნაკლებად ღელავდა იმ ამაზრზენ აქტებზე, რომელიც ლენინმა და სტალინმა ჩაიდინეს კაცობრიობის წინაშე. მთავარი იყო, რომ ჩინეთს იგივე მოდელი „წარმატებით“ არ გადმოეღო. ეს უზარმაზარი პრობლემა იქნებოდა, რადგან ყოფილი კოლონიები: ფილიპინები, კამბოჯა, ვიეტნამი და ა.შ. — ცხადია, ვაჭრობას საბჭოთა კავშირთან და ჩინეთთან ამჯობინებდნენ. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მეზობელი ქვეყნები იყვნენ, მეორე მიზეზი კი ისაა, რომ აზიელი ხალხი ნაკლებად კეთილგანწყობილი გახლდათ ევროპისა და დასავლეთისადმი, თუ გავითვალისწინებთ, რომ ათობით, ზოგ შემთხვევაში კი ასობით წლის მანძილზე, ისინი დასავლური იმპერიის ტყვეობის ქვეშ იყვნენ.
 ვაჭრობა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო გლობალური სუპერსახელმწიფოს ჩამოსაყალიბებლად. გარდა იმისა, რომ ყოფილ კოლონიებს შესაძლოა ინტენსიური ვაჭრობა დაეწყოთ სსრკ-სა და ჩინეთთან, იყო შანსი, რომ მათ მაგალითს მიჰყვებოდნენ სხვა ქვეყნებიც, კერძოდ, სამხრეთ კორეა და იაპონია. კორეის ომის დაწყებამდე იქ არსებობდა პროვიზიული მთავრობა, რომელმაც თავის თავზე აიღო უამრავი საორგანიზაციო და სავაჭრო საკითხი. პროვიზიულ მთავრობაში, გარდა იმისა, რომ იყვნენ სოციალისტებიც და კომუნისტებიც, ასევე დიდი რაოდენობით იყვნენ კონსერვატორები და მემარჯვენეები, მაგალითად, ისინმან რი, რომელიც მოგვიანებით სამხრეთ კორეის პრეზიდენტი გახდა. პროვიზიულ მთავრობას და მასში დარჩენილ პოლიტიკურ პარტიებსა თუ პოლიტიკოსებს მოგვიანებით სამხრეთის არჩევნებში მონაწილეობის მიღება აეკრძალათ კომუნიზმში ბრალდებების გამო. მას შემდეგ, რაც ისინმან რიმ დატოვა პროვიზიული მთავრობა, ის შეუერთდა „აშშ-ის არმიის სამხედრო მთავრობას კორეაში“ (ინგ.US Army Military Government in Korea).
 ეს მნიშვნელოვანი იმიტომ არის, რომ სამხრეთ კორეისთვის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შექმნა ძალიან კონკრეტული ეკონომიკური მოდელი, რომელსაც რის მთავრობა პირნათლად ასრულებდა. მაგალითად, მიწები და ინდუსტრიები დარჩათ ფაშისტური იაპონიის მხარდამჭერებს, ყოფილ გენერლებს, სამხედრო ელიტებს და ა.შ, ნაცვლად იმისა, რომ აგრარული და ინდუსტრიული სექტორი კორეელ გლეხებსა და ბიზნესმენებს დაჰბრუნებოდათ.[3] ამერიკის შეერთებული შტატები უამრავ ფულს დებდა კორეულ და იაპონურ ინდუსტრიალიზაციაში, რათა ამ ორს ჩინეთსა და რუსეთთან არ დაეწყო ვაჭრობა.
 მიუხედავად იმისა, რომ ვიეტმინსა და ჩრდილოეთ ვიეტნამის სხვა განმათავისუფლებელ მოძრაობებში ნამდვილად იყვნენ კომუნისტები, ფრანგი კოლონიალისტების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული იყვნენ ნაციონალისტები, კონსერვატორები და მემარჯვენეებიც, რადგან უფრო მეტად დამოუკიდებლობის საკითხი იდგა, ვიდრე ქვეყნის პოლიტიკური მოწყობის. მაგალითად, ჰო ში მინი (ინგ. Ho Chi Minh), მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გამუდმებით ითხოვდა ამერიკის შეერთებული შტატებისგან დახმარების მიღებას. ის წერდა, რომ მსოფლიოს მშვიდობა საფრთხის ქვეშ იყო ფრანგული კოლონიალისტური მცდელობების გამო და თხოვდა საბჭოთა კავშირს, ბრიტანეთს, ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, დახმარებოდნენ პრობლემის მოგვარებაში.[4] მიუხედავად იმისა, რომ მინი მშრომელთა პარტიის ლიდერი იყო, ის ამერიკის შეერთებული შტატების გულითადი მხარდამჭერი გახლდათ პირველი და მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. 1945 წელს, მის მიერ დეკლარირებული კონსტიტუცია შემდეგნაირად იწყებოდა;
 ყველა ადამიანი თანასწორი შეიქმნა. ყველა მათგანს ღმერთმა არგო  სიცოცხლის, თავისუფლებისა და ბედნიერების ძიების ხელშეუხებელი უფლებები.[5]
ყველაფრის მიუხედავად, ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ვიეტნამელებს საერთაშორისო კომუნისტური ლიგის შეთქმულების ნაწილად ასაღებდა და სასტიკად ეწინააღმდეგებოდა შეჩერებას ომისა, რომელსაც საფრანგეთი გეგმავდა, რადგან ომი ვიეტნამის წინააღმდეგ ზედმეტად ძვირადღირებული აღმოჩნდა. აშშ საფრანგეთს ფინანსური და ინფრასტრუქტური დახმარების შეწყვეტით დაემუქრა, იმ შემთხვევაში, თუ საფრანგეთი ომის ნაცვლად მოლაპარაკებების წამოწყებას ეცდებოდა.[6]
 თავდაპირველად, საფრანგეთმა მართლაც უარი განაცხადა მოლაპარაკებების წამოწყებაზე, რის გამოც მათ მოქმედებებს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაუზარდა. 1954 წელს „New York Times-ში“ დაიწერა, რომ „ფრანგული საჰაერო ძალა თითქმის მთლიანად არის აღჭურვილი ამერიკული თვითმფრინავებით“.
 1954 წლის აპრილში, როდესაც ვიეტნამის დამოუკიდებლობის მებრძოლებმა მნიშვნელოვანი სტრატეგიული წერტილები აიღეს და საფრანგეთმა სწრაფი ტემპით დაიწყო უკუსვლა, საბოლოოდ გადაწყდა მოლაპარაკებების დაწყება ფრანგულ და ვიეტნამურ მხარეს შორის, რასაც აშშ ისევ ეწინააღმდეგებოდა.
 აპრილშივე ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭომ (National Security Council) პრეზიდენტ აიზენჰაუერს ურჩია: „აშშ აქტიურად შეეწინაღმდეგოს მოლაპარაკებებს“ და „შესაძლოა გააგრძელოს ბრძოლა ფრანგული მხარის მონაწილეობის გარეშე“.[7]
 შესაბამისად, რაღაც პერიოდის განმავლობაში აიზენჰაუერის ადმინისტრაცია სერიოზულად განიხილავდა უშუალო სამხედრო ინტერვენციას. მაისში ადმირალი არტურ რადფორდის (ინგ. Arthur Radford) მემორანდუმში „Studies With Respect to Possible U.S. Actions Regarding Indochina” ვკითხულობთ: „განიხილება ბირთვული იარაღის გამოყენება...“
 ბირთვული იარაღის გამოყენების სენტიმენტი გააჟღერა ჩარლზ უილობიმ (ინგ. Charles Willoughby), რომელიც ამბობდა, რომ შეიძლებოდა ატომური ბომბის გამოყენება „აზიური ველურების კომუნიზმის შესაბოჭად...“
 მაისში ჩრდილოეთ ვიეტნამში, ტონკინის ყურეში, გაიგზავნა ატომური ბომბებით აღჭურვილი ორი თვითმფრინავი. ჯონ ფოსტერ ალენ დულსმა ფრანგ კოლეგას, ჟორჟ ბიდოს, შესთავაზა მათი გამოყენება, რაზეც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა.[8]
 ამ პერიოდში ანტიკომუნისტური ისტერია უკვე საკმაოდ თვალსაჩინო იყო ამერიკაში, თუმცა ეს საკმარისი არ იყო. დულსის დავალებით, ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს დაევალა ანტიკომუნისტური პროპაგანდის გავრცელება აზიურ ქვეყნებში, ყველაზე მეტად კი, ვიეტნამის მოსახლოებაში. ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსთან ასოცირებული ჟურნალისტები მუდამ წერდნენ იმის შესახებ, რომ ვიეტმინი გლობალური კომუნისტური იმპერიალიზმის ნაწილი იყო და რომ ვიეტმინს, ვიეტნამის განმანთავისუფლებელ მოძრაობებს კომუნისტური ჩინეთი და საბჭოთა კავშირი აფინანსებდა.[9] ვიეტნამში პროპაგანდას უძღვებოდა ედვარდ ლენსდეილი, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს გამოჩენილი მუშაკი, რომელმაც წარმატებით დაამყარა ამერიკის მხარდაჭერილი დიქტატურა ფილიპინებში.[10] ლენსდეილისა და ვიეტნამში განთავსებული ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მუშაკებისთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო მასობრივი მიგრაციის წამოწყება ჩრდილოეთიდან სამხრეთ ვიეტნამისკენ. გარდა იმისა, რომ ლენსდეილის გუნდს ჩრდილოეთის გლეხები ხშირად იძულებით გადაჰყავდა, შედარებით „დამჯერ“ ვიეტნამელებს პრესითა და საინფორმაციო ბუკლეტებითაც უბიძგებდნენ სამხრეთისკენ სვლას. ამ პროპაგანდის სამიზნე პუბლიკა ხშირად ქრისტიანები იყვნენ:
„ქრისტე სამხრეთში წავიდა“... „ღვთისმშობელმა მარიამმა ჩრდილოეთი დატოვა“... ეწერა ბუკლეტებზე.
 მიგრაციის წამოწყება ამერიკის შეერთებული შტატებისთვის რამდენიმე მიზეზის გამო იყო მნიშვნელოვანი. პირველ ყოვლისა, ცხადია, ამერიკას უნდა შეექმნა მითი, რომ ჩრდილოეთში დესპოტური რეჟიმი ყალიბდებოდა (სამხრეთისგან განსხვავებით) და რომ ვიეტმინი, იმავენაირად ესხმოდა თავს რელიგიურ ხალხსა და ეთნიკურ უმცირესობებს, როგორც ამას, თავის დროზე, ლენინი აკეთებდა.
  მსგავსი პროპაგანდა კიდევ უფრო მეტად ცხადყოფს, რამდენად სერიოზული იყო ვიეტნამთან ომის წამოწყების მოტივაცია ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. აქედანვე შეიძლება განსაზღვრა, რომ ამერიკას საერთოდ არ აინტერესებდა ჟენევის კონფერენცია და მშვიდობა ინდოჩინეთში. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო, ომის დაწყებისთვის საჭირო პირობებს ჯერ კიდევ 50-იან წლებში ამზადებდა.
 1954 წლის 20 ივლისს, აშშ-ის მცდელობების მიუხედავად, ჟენევის კონფერენციაზე ვიეტნამის ომს ბოლო მოეღო. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც საბოლოო დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს ამბობდა, იყო ამერიკის შეერთებული შტატები. თუმცა, საბოლოოდ, ამერიკის შეერთებული შტატები დათანხმდა მოთხოვნას, რომლის თანახმადაც ის „არ იხმარდა ძალას, შეეჩერებინა ჟენევის ხელშეკრულების მიხედვით გაწერილი შეთანხმებები“.[11]
 ჟენევის შეთანხმებით, 1956 წლის ივლისში ვიეტნამში დემოკრატიული არჩევნები იგეგმებოდა, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება უნდა დაჰკვირვებოდა, თუმცა არჩევნების ჩატარებამდეც აშკარა იყო, რომ გამარჯვებული ჰო ში მინი იქნებოდა.
 1955 წელი უნდა დათმობოდა კონსულტაციებსა და საარჩევნო შტაბების ჩამოყალიბებას, მონიტორინგს. თუმცა, არჩევნებთან დაკავშირებული კონსულტაციების დაწყებამდე ოთხი დღით ადრე სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, დინ დიემმა, გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც ცხადყოფდა, რომ გარდა იმისა, რომ მას არ სურდა არჩევნებში მონაწილეობა, ის, ზოგადად, არჩევნებს ეწინააღმდეგებოდა. ეს გააშუქა დასავლურმა პრესამაც.[12]
 ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დაკვირვებით, დიემს (რომლის რეჟიმსაც თავად ლენსდეილმა „ფაშისტური“ უწოდა) არჩევნებში გამარჯვების არავითარი შანსი არ ჰქონდა.[13]
 დიემის განცხადების გამოქვეყებიდან 3 დღეში ჩრდილოეთის მხარემ მას წერილი გაუგზავნა, სადაც წამოყენებული იყო მოლაპარაკებების განახლების თხოვნა, რაც დიემმა უპასუხოდ დატოვა. მოლაპარაკების განახლების მცდელობები ჰქონდა ბრიტანეთსა და საფრანგეთსაც, თუმცა დიემი მკაცრად იდგა თავის პოზიციაზე.
 აშშ-ის პრეზიდენტის, დუაით აიზენჰაუერის, მემუარებში წერია:
 „მე არასდროს მილაპარაკია ინდოჩინეთში განვითარებული მოვლენების ისეთ მცოდნესთან, რომელიც უარყოფდა, რომ არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, შესაძლოა მოსახლეობის 80 პროცენტი ჰო ში მინს აირჩევდა...“
 აქამდე განხილულ მოვლენებს ხშირად ინდოჩინეთის პირველ ომად მოიხსენიებენ. დიემის გაუქმებული არჩევნების შემდეგ საფუძველი ჩაეყარა ინდოჩინეთის მეორე ომს, რომელსაც პირდაპირ ამერიკა-ვიეტნამის ომად მოიხსენიებენ. აქამდე განხილული ისტორია ცხადყოფს, რომ ამერიკული ჩართულობა ვიეტნამის კონფლიქტში და საბოტაჟის მცდელობები კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების იმედს თავიდანვე კლავდა. ინდოჩინეთის მეორე ომი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ჰუმანიტარული კრიზისის საფუძველი გახდა.
 მას შემდეგ, რაც არჩევნები არ შედგა, ვიეტმინმა (ჩრდილოეთ ვიეტნამი) დაიწყო სამხრეთით დარჩენილი ექსტრემისტული დაჯგუფების, ვიეტკონგის, ანუ ეროვნული განმათავისუფლებელი ფრონტის, დაფინანსება. ეს უკანასკნელი, მიუხედავად იმისა, რომ 1954 წელს ჩამოყალიბდა, რეალურად გააქტიურდა მას შემდეგ, რაც დიემმა არჩევნების ჩატარებაზე უარი განაცხადა. დაახლოებით ამავე პერიოდში, კონფლიქტში ჩაერთო საბჭოთა კავშირი და ჩინეთი.



1956-1968
აშშ-ის ეკონომიკური და პოპულაციური კრიზისი ვიეტნამში
 ვიეტნამის კრიზისი კონფლიქტის იზოლირებული კერა არასდროს ყოფილა. ესეის პირველ ნაწილში ჩვენ განვიხილეთ ის ეკონომიკური გარემოებები, რომელთა დამკვიდრებასაც ამერიკის შეერთებული შტატები კონფლიქტის დასაწყისშივე ცდილობდა. საბჭოთა კავშირისა და ჩინეთის ეკონომიკური მოკავშირეობის ალბათობა მაღალი იყო მთელ ინდოჩინეთში, იმ მიზეზების გამო, რომლებიც უკვე განვიხილეთ. შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესში მარტო ვიეტნამი კი არ შედიოდა, არამედ დანარჩენი მეზობელი სახელმწიფოებიც, უფრო კონკრეტულად, ლაოსი და კამბოჯა.
 1959 წელს ჩამოყალიბდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის პარტნიორობის ორგანიზაცია (SEATO), რომლის „მთავარი ამოცანა“, დულსის თქმით, იყო „პრეზიდენტისთვის ლეგალური ავტორიტეტის მინიჭება ინდოჩინეთში ინტერვენციისთვის“.[14] ეს ორგანიზაცია მიზნად ისახავდა სამხრეთ ვიეტნამისა და ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიურ და ეკონომიკურ პარტნიორობას. 1959 წლის კონტექსტში ცხადია, რომ მსგავსი პარტნიორობა ნამდვილად გახდებოდა ამერიკული ინტერვენციის „ლეგიტიმური“ მიზეზი, პირველ ყოვლისა, იმიტომ, რომ ეკონომიკური მოკავშირეობის გასაძლიერებლად და, შესაბამისად, სამხრეთვიეტნამური ეკონომიკის დასაწინაურებლად, საჭირო იყო მეზობელი ქვეყნების, კამბოჯისა და ლაოსის, შეზღუდვა, რაც ნაწილობრივ წარმატებით განხორციელდა კიდეც. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების დაფინანსებით სამხრეთ ვიეტნამმა და ტაილანდმა დაიწყო კამბოჯის სანაპირო ზოლის ბლოკადა და შემდგომ ადგილობრივი მთავრობის გადაგდების მცდელობები, რომლებიც, ლაოსის შემთხვევისგან განსხვავებით, კრახით დასრულდა. ლაოსში სამხედრო გადატრიალება მოეწყო პროვიზიული მთავრობის წინააღმდეგ და დამყარდა ფუმი ნოსავანის მილიტარისტული დიქტატურა. ათწლეულის წინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იგივე გააკეთა ტაილანდში.[15]
 გარდა იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და მასთან ასოცირებული სამხედრო დიქტატურების ქმედებები შეიძლება ეკონომიკური გარემოებებით აიხსნას, ცხადია, რომ ლაოსსა და კამბოჯაში განხორციელებული სამხედრო მოქმედებები სტრატეგიული მნიშვნელობისაც იყო.
 მომდევნო წლებში ინდოჩინეთის ტერიტორიაზე 500 000-ზე მეტი ჯარისკაცი იყო მობილიზებული. გარდა იმისა, რომ ეს სამხედრო პერსონალი მეტწილად სწორედ სამხრეთ ვიეტნამში იყო განთავსებული, ბარაკების, საჰაერო და სამხედრო ბაზების საკმაოდ დიდი ნაწილი სატელიტურ ქვეყნებშიც უზარმაზარი რაოდენობით შეგხვდებოდათ. აგრეთვე აშშ-ის მთავრობის მიერ დამყარებული რეჟიმები უხვად იღებდნენ ცოცხალ სამხედრო ძალასაც, ანუ ადგილობრივ ჯარისკაცებს, რომელთა გაწვრთნასა და შესაფერის მომზადებას აშშ და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ხშირად თავის თავზე იღებდა. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ფილიპინები, სადაც ვიეტნამის ომის დაწყებამდე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ლენსდეილის და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მეთაურობით, 50 000-მდე ჯარისკაცი გაწვრთნა.[16]
 მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის მოკავშირე მთავრობებს მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდათ განვითარებულ სამხედრო მოქმედებებში, რეჟიმების შენახვა საკმაოდ ძვირი ჯდებოდა. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ინდოჩინეთის კონფლიქტში (ათვლა 1960 წლიდან იწყება), საერთო ჯამში, 950 მილიარი დოლარი დაიხარჯა (დოლარის 2011 წლის ღირებულებით, დღევანდელი ინფლაციის გათვალისწინებით, ტრილიონზე მეტი გამოდის).
 აშშ-ის მთავრობას პოლიტიკური რეჟიმების შენახვა დაახლოებით 300 000 000 000 დოლარი დაუჯდა. მომდევნო რამდენიმე პარაგრაფში განვიხილავთ, რატომ ჯდებოდა სამხედრო რეჟიმების შენარჩუნება ასეთი ძვირი.
 ნოამ ჩომსკის შეფასებით, ამერიკული ომი ინდოჩინეთში ორი პრინციპის მიხედვით მიმდინარეობდა:
(1)   იმ ტერიტორიების ფიზიკური განადგურება, სადაც ქვეითი ომის წარმართვა შეუძლებელი იყო.
(2)   „პოპულაციის კონტროლი“[17]
 აქედან პირველის მნიშვნელობა მეტწილად გამჭვირვალეა. ინდოჩინეთის ტერიტორია განსაკუთრებულ კლიმატურ და გეოგრაფიულ არეალშია. ჩრდილოეთის ნაწილი ცნობილია ტენიანი სუბტროპიკული კლიმატით, მაშინ როცა სამხრეთი ტროპიკულ სარტყელშია და ბევრად უფრო ნალექიანია. არტილერიული და მძიმე საბრძოლო ტექნიკის გადაყვანა ჯუნგლებსა და ჭაობებში იმ დროს პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო. გასათვალისიწინებელია ისიც, რომ ხშირ შემთხვევაში ადგილობრივი გზები და მაგისტრალებიც შეუფერებელი იყო მსგავსი მანევრებისთვის. შესაბამისად, წარმართული ომი ძირითადად ქვეით დანაყოფებს შორის მიმდინარეობდა, თუმცა ჩრდილოეთით და სამხრეთის გარკვეულ ნაწილებში ჯარისკაცების მოძრაობაც კი დიდ სირთულეს წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე, საჰაერო თავდასხმები ყველაზე ხშირი პრაქტიკა იყო, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები მიმართავდა. ყველაფერთან ერთად იყენებდნენ ნაპალმსა და ქიმიურ იარაღს, რომელიც ტყეების „ეფექტური“ განადგურებისთვის მნიშვნელოვანი იყო. ცხადია, რომ საჰაერო თავდასხმები იქ არსებული სამხედრო იერიშთაგან ყველაზე ძვირადღირებულია, თუმცა ყველაზე ძვირადღირებული სიამოვნება ვიეტნამის ტყეებისა და სოფლების გადაწვა არ ყოფილა.
 როგორც უკვე აღვნიშნე, სამხედრო რეჟიმების შენახვა შეერთებულ შტატებს 300 მილიარდამდე დოლარი დაუჯდა. ამ თანხის დიდი ნაწილი, ზემოხსენებული რეჟიმების ეკონომიკურ შენარჩუნებასთან ერთად, იხარჯებოდა ურბანიზაციასა და „პოპულაციის კონტროლზე“, რაც მეტწილად იძულებით გადასახლებას ნიშნავდა. დიდი დანახარჯების მიუხედავად, საბოლოოდ, მცდელობები საშინლად წარუმატებელი აღმოჩნდა.
 სამხრეთ ვიეტნამში ვიეტკონგმა, რომელიც მეორენაირად ეროვნული განმათავისუფლებელი ფრონტის სახელით იყო ცნობილი, უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა ქვეყნის აგრარულ ნაწილში, რადგან ისინი მისდევდნენ რევოლუციის მაოისტურ დოქტრინას.
 მარქსისტული ფილოსოფიით, კომუნისტური რევოლუცია და მუშათა აჯანყებების ცენტრი ინდუსტრიული ცენტრები იქნებოდა, თუმცა რეალობაში არსებული აჯანყებები, ანუ  საბჭოეთის, ჩინეთისა და აზიის კომუნისტური მოძრაობები, პირიქით — აგრარულ სექტორში აღმოცენდა. ეს გასაკვირი არც არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ აზიაში მთავრობისა და კოლონიალისტების მიერ ყველაზე მეტად მარგინალიზებული ჯგუფები სწორედ გლეხები და ფერმერები იყვნენ. ამაზე ვრცლად წერს ჰარვარდის პროფესორი სამუელ ჰანტინგტონი:[18]
 „მექანიკური და კონვენციური ძალის გამოყენება უზარმაზარი მასშტაბების არის და მიზნად ისახავს სოფლიდან ქალაქისკენ მასობრივ მიგრაციას. შესაბამისად, მაოისტური დოქტრინა, რომელიც საფუძვლად უდევს რევოლუციურ ომს, ვეღარ ხორციელდება. მაოიზმით შთაგონებული აგრარული რევოლუცია შეფერხებულია ამერიკის მიერ დაფინანსებული ურბანული რევოლუციით“.
 ლენინისტური მოძღვრების ცენტრალური დებულება, რომელსაც სტალინიც აქტიურად ახორციელებდა, იყო მასობრივი, იძულებითი ურბანიზაცია და ინდუსტრიალიზაცია. მაოიზმით შთაგონებული რევოლუციური ბრძოლა კი ემყარებოდა მოსაზრებას, რომ საჭირო იყო აგრარული სექტორის შენარჩუნება, სოციალიზაცია და ამის შედეგად განვითარება. ვიეტ-კონგი ამ უკანასკნელი მსოფლმხედველობის მხარდამჭერი გახლდათ, შესაბამისად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მას, გასაოცარი ირონიით, სწორედ ლენინისტური მოდელი დაუპირისპირა. იძულებითი ურბანიზაცია ვიეტნამში მიზნად ისახავდა აგრარული რევოლუციის ფრონტის შეფერხებას. „ურბანიზაცია“, რომელზაც ჰანტინგტონი საუბრობს, რეალურად ნიშნავს ვიეტ-კონგის ან დამოუკიდებლად მებრძოლი გლეხების გადაყვანას ქალაქებსა და ბანაკებში, სადაც მთავრობა მათ „უკეთ“ გააკონტროლებდა. დაჩქარებული ურბანიზაციის შედეგად, 60-იანი წლებისთვის საიგონი უფრო მჭიდროდ იყო დასახლებული, ვიდრე ტოკიო.[19]
 სამხრეთ ვიეტნამში დრო მეტწილად მთავრობის მხარეს არის. თუმცა, ახლო მომავალში, მაშინ როცა [სამხრეთ] ვიეტნამის მოსახლეობის ნახევარი ჯერ კიდევ აგრარულ სექტორში ცხოვრობს, ვიეტ-კონგი დარჩება ძლიერ ძალად, რომელსაც მხარდამჭერებს ვერ მოწყვეტენ... ვიეტ-კონგის კონტროლის ლიკვიდაცია ამ [აგრარულ] რეგიონში ძვირი, შრომატევადი და ხანგრძლივი ამოცანა იქნებოდა. ამისთვის [ლიკვიდაციისთვის] საჭირო იქნება ბევრად მეტი სამხედრო ოპერაციები, რომელთათვისაც საიგონი და ვაშინგტონი მზად არიან.
 მიუხედავად იმისა, რომ დაჩქარებული ურბანიზაციის სტრატეგიას თეორიულად უნდა შეესუსტებინა ვიეტ-კონგის მხარდაჭერა, პრაქტიკაში ეს ასე ნაკლებად მოხდა. უმთავრესად იმიტომ, რომ, როგორც ჰანტინგტონმა აღნიშნა, „ახლო მომავალში... ვიეტ-კონგი დარჩება ძლიერ ძალად“. ურბანიზაციის პოლიტიკა, რომელიც ხორციელდებოდა პრაქტიკაში, ცუდად იყო გაწერილი შორეული მომავლისთვის. პირველ ყოვლისა, ის „ზედმეტად“ სწრაფი ტემპებით მიმდინარეობდა. მსგავსი სულსწრაფობა დამღუპველი იყო სამხრეთ ვიეტნამის ეკონომიკისთვის, რადგან ის ადამიანები, რომლებმაც ხშირ შემთხვევაში წერა-კითხვაც არ იცოდნენ და აგრონომიულ ხელობაში იყვნენ გაწაფულნი, მოულოდნელად საკმაოდ დიდი რაოდენობით აღმოჩდნენ გიგანტურ ქალაქებში, რომლებშიც, რასაკვიველია, შრომით ბაზარზე ადგილის პოვნა გაუჭირდებოდათ, რადგან ინდუსტრიული საქმიანობისთვის საჭირო ხელობას არ ფლობდნენ. ფერმერების ინდუსტრიულ მუშაკებად ქცევისთვის საჭირო იყო მათი „მომზადება“, აკომოდაცია და, ბოლოს, დასახლება. საამისო თანხა, ცხადია, სამხრეთ ვიეტნამის რეჟიმს არ ჰქონდა, შესაბამისად, ფინანსდებოდა ამერიკის შეერთებული შტატებისგან. რა თქმა უნდა, ამით პრობლემა არ მოგვარებულა. ბუნებრივი დასაშვებია, რომ ცენტრალურად დაგეგმარებული ეკონომიკა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ახორციელებდა ვიეტნამში, იმავე პრობლემებს წარმოქმნიდა, რომლებმაც თავის დროზე თავი იჩინეს საბჭოთა კავშირში. მართლაც, ცენტრალური დაგეგმარების პრობლემებმა პრაქტიკულად მომენტალურად გაჩნდა. ამას ისიც ემატებოდა, რომ ვიეტ-კონგმა ბევრად უფრო აგრესიული ტერაქტების მოწყობა და საიგონზე თავდასხმები დაიწყო. შედეგად, ამერიკის შეერთებულ შტატებს დღითიდღე უფრო დიდი ფინანსური რესურსის გაღება უწევდა სამხრეთ ვიეტნამის რეჟიმის შენარჩუნებისთვის. ყველაფერს ისიც დაემატა, რომ 1963 წელს დიემის რეჟიმს აუჯანყდნენ არაკომუნისტებიც, კერძოდ, სამხრეთ ვიეტნამის გენერლები და სხვა სამხედრო ელიტები, რაც საბოლოოდ დიემის მკვლელობითა და სამხედრო გადატრიალებით დასრულდა.
 მომდევნო სამხედრო რეჟიმი კიდევ უფრო წარუმატებელი აღმოჩნდა შიდა კონფლიქტის ლოკალიზებაში, რაც მეტწილად ისევ დაჩქარებული ურბანიზაციის შედეგი იყო. შესაბამისად, სამხრეთ ვიეტნამისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს დიქტატურის ხარისხი.
 60-იანი წლების მიწურულს სამხრეთ ვიეტნამში წარმოიშვა მასობრივი სტუდენტური საპროტესტო ტალღა, რომლის დროსაც სტუდენტი აქტივისტები ბლომად წერდნენ ადგილობრივ პრესაში და მიმართვებს უგზავნიდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას, რომელსაც პრეზიდენტი ჯონსონი მეთაურობდა. 1967 წლის სექტემბერში სამხრეთ ვიეტნამის სტუდენტების დაარსებულმა ასოცირებულ პრესამ არაერთი სტატია გამოაქვეყნა, რომლებშიც ისინი და პროფესორები აკრიტიკებდნენ არსებულ მთავრობასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს. საპასუხოდ, სამხრეთ ვიეტნამის მთავრობა მიყოლებით ხურავდა გამომცემლობებს და უკონტროლოდ აკავებდა აქტივისტებს, რამაც ტრაგიკული შედეგები გამოიღო. 1968 წლისთვის 100 000-მდე ადამიანი დაიჭირეს. მათ რიცხვში შედიოდნენ კომუნისტები, ანტიკომუნისტები და ნაციონალისტები.[20] სამხრეთ ვიეტნამში დამკვიდრებული დიქტატურის, სავარაუდოდ, თვით სტალინს შეშურდებოდა.



ცივი ომის ფარისევლობა
 (1969-1973 წლებში საკმაოდ საინტერესო მოვლენები ვითარდებოდა, თუმცა, ვშიშობ, მათი დეტალური განხილვა არ ძალმიძს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ აკურატული განხილვა ესეის ფორმატისთვის შეუფერებელია, წიგნის დაწერა კი ნამდვილად არ მაქვს განზრახული)
 1973 წლის 27 იანვარს პარიზში გამართულ შეხვედრებზე გადაწყდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უმოკლეს დროში დატოვებდა ინდოჩინეთის ტერიტორიას. ვიეტნამის ორივე მხარემ, ჩრდილოეთმაც და სამხრეთმაც, მიიღო მონაწილეობა მოლაპარაკებებში, თუმცა შემდგომ ორივე მხარე არღვევდა პარიზის შეთანხმებებს. საბოლოოდ, ყველაფერი ჩრდილოეთ ვიეტნამის გამარჯვებით დამთავრდა, მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა 1975 წელს სამხრეთ ვიეტნამის დედაქალაქი, საიგონი აიღო, შედეგად კი ჩამოყალიბდა ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკა.
 60-იანი წლები ვიეტნამში, მეტწილად ცივი ომის სტანდარტულ ნარატივს მიყვებოდა. ჩრდილოეთსა და ვიეტ-კონგს აფინანსებდა საბჭოთა კავშირი და ჩინეთი, ხოლო სამხრეთ ვიეტნამს და ლაოსში დამყარებულ რეჟიმს — ამერიკის შეერთებული შტატები, ინდონეზია და ნაწილობრივ სამხრეთ კორეაც.
 1966-1967 წლებში, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი ერთმანეთის მოსისხლე მტრებად ითვლებოდნენ, მცირე დროით, ამ ორს შორის საკმაოდ მჭიდრო ეკონომიკური კავშირი წარმოიშვა. მაგალითისთვის, საბჭოთა კავშირმა ამერიკის შეერთებულ შტატებს 16 000 000-ის ღირებულების მაგნეზიუმი მიყიდა[21], რომელსაც შეერთებული შტატები სამხედრო საავიაციო წარმოებისთვის იყენებდა. ავიაცია კი იმ პერიოდისთვის დიდწილად ვიეტნამში იყო საჭირო.
 ცივი ომის ფარისევლობა კიდევ უფრო გამოკვეთილი გახდა 1973 წლის შეთანმების შემდეგ, რომლის 21-ე პარაგრაფში ვკითხულობთ:
 ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს რეპარაციების გადახდას და პოსტსაომარ რეკონსტრუქციას ვიეტნამის დემოკრატიულ რესპუბლიკასა [ჩრდილოეთ ვიეტნამი] და მთელ ინდოჩინეთში“
 პრეზიდენტი ნიქსონი ჩრდილოეთ ვიეტნამის პრემიერ-მინისტრს დაჰპირდა, რომ ომის რეპარაციებში ამერიკის შეერთებული შტატები 3.25 მილიარდ დოლარს დახარჯავდა მომდევნო 5 წლის განმავლობაში.
 ერთადერთი „დახმარება“, რომელიც ვიეტნამმა მიიღო ამერიკის შეერთებული შტატებისგან, იყო სრული და ტოტალური ემბარგო, რომელიც 1994 წლამდე გაგრძელდა და სიმკაცრით არ ჩამოუვარდებოდა ჩრდილოეთ კორეაზე დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს.[22]
 ცენტრალური ფარისევლური დოგმა, რომელიც საფუძვლად უდევს ცივ ომსა და დღევანდელ კონფლიქტებსაც, რომლებშიც ამერიკის შეერთებული შტატებია ჩართული, საკმაოდ ნათელი უნდა იყოს ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც მცირედ ინტერესს მაინც გამოიჩენს უახლესი ისტორიისადმი. ის ფარისევლური დოგმატული არგუმენტი, რომელზეც ვსაუბრობ, არის ამერიკის შეერთებული შტატების სწრაფვა, დაამყაროს და გაავრცელოს, მხარი დაუჭიროს დემოკრატიულ ან თავისუფალ მოძრაობებს. ის სტრატეგია, რომელიც გამოყენებული იყო ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ინდოჩინეთში, ნათელს ხდის, რაოდენ აბუსრდულია „დემოკრატიზაციის“ მტკიცება. გარდა იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ფავორიტი დიემი პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა დემოკრატიას და ელემენტარულად არჩევნების ჩატარებას, მის ხელზე ათიათასობით უდანაშაულო ვიეტნამელის სისხლია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეკონომიკური მოდელი, რომელიც დაინერგა სამხრეთ ვიეტნამში და რომელიც მხარდაჭერილი იყო ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, პრაქტიკულად 1973 წლამდე სულაც არ ემყარებოდა იმ თავისუფალი ბაზრის კაპიტალიზმის პრინციპებს. სამხრეთ ვიეტნამში „პოპულაციის კონტროლი“, იძულებითი ურბანიზაცია, უზარმაზარი ინვესტიციები სახელმწიფო, სამხედრო და ინფრასტრუქტურულ ორგანოებში და კერძო სექტორის სასტიკი კონტროლი, ბევრად უფრო აახლოებს სამხრეთ ვიეტნამს ნაცისტურ გერმანიასა და სტალინისტურ რუსეთთან, ვიდრე ამერიკული კაპიტალიზმის მოდელთან.
1953 წელს ამერიკის შეერთებული შტატების გვატემალაში ინტერვენციის მიზეზი ჯაკობო არბენცის კომუნისტობა იყო. მის ეკონომიკურ გეგმებს და იმდროინდელი მთავრობის ქმედებებს რომ გადახედოთ, სამხრეთ ვიეტნამთან შედარებით, მემარჯვენე ლიბერტარიანული შეიძლება ეთქვას.
 ამერიკის შეერთებული შტატები ისტორიის არცერთ ეტაპზე არ ცდილობდა საკუთარი, კონსტიტუციურად გაწერილი რესპუბლიკური და დემოკრატიული მოდელის დანერგვას, არცერთ იმ ქვეყანაში, რომელშიც იჭრებოდა. აშშ-ის მთავრობის მთავარი მიზანი იყო კლიენტი სახელმწიფოების ჩამოყალიბება და მნიშვნელობა არ ჰქონდა, იმ სახელმწიფოების პოლიტიკურ ცხოვრებას ფაშისტები წარმართავდნენ თუ ექსტრემისტი დიქტატორები.
 ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა სულსწრაფად მიანიშნებს ხოლმე დანაშაულებზე, რომლებსაც უცხო მთვრობები ჩადიან, მაგრამ პასუხისმგებლობას ირიდებს იმ საშინელებებზე, რომლებსაც თვითონ ან მისი კლიენტი სახელმწიფოები სჩადიან უდანაშაულო ადამიანების წინაშე. მარტო ვიეტნამში ამერიკულ და სამხრეთვიეტნამურ აგრესიას 4 000 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა. აქედან ბევრი მოკვდა წამებით, შიმშილითა და დამცირებით საკონცენტრაციო ბანაკებსა და უმოწყალო ჭაობებში.
 არ მაქვს სურვილი, რომ დამბრალდეს, თითქოს ემოციებზე ვთამაშობ, ამიტომ აშშ-ისა და სამხრეთ ვიეტნამის წარმოებული არაადამიანური ხოცვა-ჟლეტის დეტალებზე არ ვისაუბრებ, თუმცა ამაზეც არსებობს ლიტერატურა, რომლის მოძიებაც საკმაოდ მარტივი იქნება.
 ხანდახან, როდესაც, უბრალოდ, ვიხსენებ ჩემს ცხოვრებას ან ვაკვირდები ჩემ გარშემო ადამიანებს, ვისმენ მათ წუხილს ან ბედნიერებას, ვუყურებ მათ ნიჭიერებას, წარმატებას თუ წარუმატებლობას, ძალიან აშკარა ხდება, რომ ერთი ადამიანის სიცოცხლეც კი უსასრულოდ ღირებულია. ის ადამიანები, რომლებსაც არ მიეცათ არჩევანის გაკეთების უფლება და დიდ პოლიტიკურ თამაშებს ემსხვერპლნენ, ზუსტად ისეთივე ადამიანები იყვნენ, როგორებიც მე და თქვენ ვართ. მათაც ჰქონდათ გატაცებები, მოგონებები, კომპლექსები, სურვილები, ოცნებები და მიზნები. ეს ადამიანები ყოველგვარი ლეგიტიმური მიზეზის გარეშე გაწირეს მატლების საკვებად.
ცხადია, დემოკრატიის სახელით.












[1] Noam Chomsky, At war with Asia, p.6
[2] Hans Askenasy, Are we all Nazis? P.64
[3] Bruce Cummings, The Origins of the Korean War: Liberation and the Emergence of Separate Regimes, 1945-1947, pp.152-156
[4] The Pentagon Papers, p.xi
[5] William Blum, Killing hope, p.123
[6] New York Times, 7 jan 1976, p.1
[7] The Pentagon Papers, p.11 & p.36
[8] Bernard Fall, Hell in a Very Small Place, p.307, Chester Cooper, The Lost Crusade, p.72
[9] Joseph Burkholder, Portrait of a Cold Warrior, pp.172-174
[10] Fall, Two Vietnams, pp.153-154
[11] US policy toward Geneva Conference: Cooper, ch.4 (კუპერი ამერიკული დელეგაციის წარმომადგენელი იყო ჟენევის კონფერენციაზე).
[12] New York Times, 17 july 1955
[13] Noam Chomsky & Edward Herman, P.370 (ციტირებულია US Department of Defence, United States-Vietnam Relations-დან).
[14] Victor Bator, Vietnam: A Diplomatic Tragedy, p.220
[15] Noam Chomsky, American Power and the New Mandarins, p. 61
[16] William Blum, Killing Hope, p.40, New York Times, 19 December, 1952, p.13
[17] Noam Chomsky, At war with Asia, p.33
[18] Samuel Huntington, “The Bases of Accomodation”, Foreign Affairs, Vol.46, No.4 (july 1968)
[19] Noam Chomsky, At War with Asia, p.35
[20] Ibid., pp.40-51
[21] Blum, P.130
[22] U.S Aid to North Vietnam, Hearings before the Subcommittee on Asian and Pacific Affairs, House Committee on International Relations, 19 july 1977, Appendix 2

Comments

Popular posts from this blog

გლობალური დათბობა, პოლიტიკა და მეცნიერება

ეძღვნება ვატოს 2019 წლის 23 სექტემბერს, 16 წლის აქტივისტი- გრეტა ტუნბერგი გაეროში სიტყვით გამოვიდა. გამოსვლა საკმაოდ ბანალური იყო, როგორც ეს ზოგადად გაეროში სიტყვით გამოსვლებისთვისაა დამახასიათებელი, თუმცა აქტივისტის სიტყვებს საკმაოდ საინტერესო რეაქცია მოჰყვა. კლიმატის ცვლილების „სკეპტიკოსებმა“ მალევა დაიწყეს 16 წლის ბავშვის ლანძღვა და მისთვის ბრალდებების წაყენება, თითქოს ტუნბერგს „იყენებდნენ“, თითქოს მისი ემოციურობა ფარსი იყო. ზოგს აქტივისტის გულწრფელობაში ეჭვი არ შეჰპარვია, მაგრამ იმ ფაქტმა გააღიზიანა, რომ სიტყვით ბ ა ვ შ ვ ი გამოვიდა და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ მოსაზრებას, რომ ტუნბერგი უბრალო თოჯინაა. ისინი ვინც, ამას ამტკიცებენ რატომღაც მიიჩნევენ, რომ 16 წლის ადამიანს არ შეუძლია ჰქონდეს დამოუკიდებელი აზროვნების უნარი ან არ შეუძლია იყოს ემოციური. უშუალოდ ის ფაქტი, რომ ემოციურობა საჯარო სივრცეში ავტომატურად მონათლულია არაგულწრფელობად, საკმაოდ შემაძრწუნებელი ფაქტია და კარგად მიანიშნებს საზოგადოების ამჟამინდელ მდგომარეობაზე.   ტუნბერგის გამოსვლამ, უფრო სწორად მისი გამოსვ

ედვარდ ჰოპერის მხატვრობა

 ბლოგებს და ბლოგერებს ზოგადად ძალიან ირონიულად ვუყურებდი, თუმცა ეჭვი მქონდა, რომ ოდესმე მეც მოვირგებდი "ბლოგერის" სტატუსს, რადგან უმეტეს შემთხვევებში რასაც დავცინი, ბოლოს სწორედ ის ვხდები. თავის გამართლებად ეს საკმარისი იქნება, ახლა დროა საქმეს შევუდგეთ.  დღეს ჩემი განხილვის საგანი იქნება ამერიკელი რეალისტი მხატვრის, ედვარდ ჰოპერის ესთეტიკა. ანუ ვეცდები ავხსნა რა მხატვრულ ხერხებს ხმარობს ის გარკვეული ეფექტის მისაღწევად.   სანამ უშუალოდ რამის გარჩევას დავიწყებდე, მინდა ავღნიშნო რომ მეოცე საუკუნის ამერიკულ მხატვრობაში, ყველაზე მეტად გავრცელებული თემატიკებია; მარტოობა და გაუცხოება. ეს "ტრენდი" ალბათ გამოწვეულია მეორე მსოფლიო ომით, საბჭოთა კავშირთან იდეოლოგიური ჭიდილით და რა თქმა უნდა წარმოუდგენლად დაჩქარებული ეკონომიკური ზრდით. (დეტალებს შემდეგი პოსტისთვის შემოვინახავ)  დასავლური მხატვრობის ისტორიაში გაუცხოების განცდის შესაქმნელად მხატვრები ძალიან კონკრეტულ ხერხებს მიმართავდნენ. პირველ რიგში ფერები უნდა ყოფილიყო ცივი, მაგრამ ძალიან კონტრასტული. სინათლე უნდა მოდ