Skip to main content

ვენესუელა- არსებული მდგომარეობა და ინტერვენციის პერსპექტივები




  პირველ რიგში, ღირს განვიხილოთ „სოციალიზმის“ ბრალდებები;
 ვენესუელა არნახული მასშტაბის ეკონომიკურ კრიზისში იმყოფება. ეკონომიკური რეცესიის მთავარი მიზეზის პოვნა საკმაოდ მარტივია- ნავთობი. ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნად ეყრდნობა ნაციონალიზებული ნავთობის ექსპორტს. ბოლო წლებში, ნავთობის ფასის კლება და საეჭვო ეკონომიკური გადაწყვეტილებები, მიღებული ჯერ ჩავესის და მოგვიანებით მადუროს მიერ, მეტწილად განაპირობებს ასეთ ტრაგიკულ მდგომარეობას ვენესუელაში. დაახლოებით იგივე (თუმცა ბევრად მცირე მასშტაბის) ჩავესის მოსვლამდე ერთი წლით ადრე, როდესაც ინფლაციამ 90 პროცენტს მიაღწია. ისიც აღსანიშნავია, რომ ვენესუეალაში ნავთობწარმოების ნაციონალიზაცია მოხდა 1976 წელს[1], ჩავესამდე ბევრად ადრე, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ვენესუელას „ანტი-კომუნისტური“ მთავრობა ჰყავდა, რომელიც დასაბამს იღებს ჯერ კიდევ 50იანი წლებიდან. ნავთობის ნაციონალიზაციას არაფერი კავშირი არ აქვს „სოციალიზმთან“. ნავთობის რესურსის უმეტესობა ან სრული მარაგი ნაციონალიზებულია ისეთ ქვეყნებში როგორიცაა ქუვეითი, ირანი, რუსეთი, ნორვეგია, ფინეთი და ბევრი სხვა.[2] თუმცა განსხვავებით მაგალითად ნორვეგიისგან, ვენესუელას არ გააჩნია ნავთობის ფონდი, რომელიც კრიზისის შემთხვევაში მოქმედებს და ქუვეითისგან განსხვავებით, ვენესუელა არ სარგებლობს სათანადო საერთაშორისო მხარდაჭერით. ვენესუელას მთავარი პრობლემა ისაა, რომ ის ზედმეტად ეყრდნობა ნავთობს, რომლის ფასის კონტროლი ხშირად პოლიტიკური მიზნებით არის მოტივირებული მსოფლიოში. მაგალითისთვის, საუდის არაბეთის მცდელობა მოიპოვოს მონოპოლია ნავთობის ექსპორტზე ახლო აღმოსავლეთში, არაპირდაპირ მოქმედებს ვენესუელის ეკონომიკაზე.[3] ეკონომიკის მრავალფეროვნება, რომელიც ვენესუელას არ აქვს, მნიშვნელოვანია ეკონომიკური რეცესიის დროს. მიუხედავად ნავთობის ნაციონალიზაციისა, ვენესუელის ინდუსტრიების, იქნება ეს ინდუსტრიული წარმოება თუ აგრარული პრივატიზებულია. ვენესუელის სახელმწიფო დანახარჯები მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, 38%-ია. რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია თუ მას შევადარებთ ისეთ ქვეყნებს როგორებიცაა; საფრანგეთი (57%), ფინეთი (53%), გერმანია (43.90%), ბრიტანეთი (41.10%) და ასე შემდეგ.[4] თუ შეხედავთ მშრომელთა უფლებებს და შრომით რეგულაციებს, აქაც ვენესუელა ნამდვილად არ არის მოწინავე.[5] კვლევის მიხედვით შრომითი რეგულაციების და შრომითი უფლებების მიხედვით, ევროპული ქვეყნები ყველაზე წინ არიან. ჩავესის პერიოდში, ვენესუელის პროფკავშირებმა შედარებით მეტი უფლებები მიიღეს და ზოგ შემთხვევაში გარკვეულ საწარმოებს და აგრონომიულ მიწებს მშრომელთა ფედერაციები აკონტროლებენ, თუმცა ეს არარსებულია ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით. არსებული სტატისტიკით, და სოციალიზმის თანამედროვე კრიტერიუმებით (რაც გულისხმობს მთავრობის წილს მშპ-ში, პროფკავშირების გაზრდილ უფლებებს და რეგულაციებს), ვენესუელა, ბევრ ევროპულ ქვეყანასთან შედარებით, მილტონ ფრიდმანის სამოთხეა. იმ კრიტერიუმებით, რომლითან ვენესუელა სოციალისტური ქვეყანაა, მაშინ დანია, გერმანია, ჰოლანდია, სკანდინავიის ქვეყნები და ისლანდიაც სოციალისტურია. თუმცა მსგავს განცხადებებს იშვიათად შეხვდებით თანამედროვე პროპაგანდაში. მოკლედ რომ შევაჯამო, ვენესუელის სოციალიზმი მითია, თანაც მარტივად დასაბუთებადი. ამას გარდა, ვენესუელაზე არსებობს უფრო მნიშვნელოვანი მითები, რომელთა განხილვაც ღირს. პირველი მითი ეხება არჩევნების გაყალბებას.

არჩევნების გაყალბების ბრალდებები ხშირი პრაქტიკაა განვითარებად სახელმწიფოებში. მაგალითად ეს წელს, საქართველოში, არჩევნების გაყალბებაში დადანაშაულებული იყო ქართული ოცნება, მანამდე კი ნაციონალური მოძრაობა. ორივე შემთხვევაში, ბრალდებები საფუძველმოკლებული იყო. იგივე მდგომარეობაა ვენესუელის შემთხვევაშიც, სადაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო ნიკოლას მადურომ. Latin American Council of Electoral Experts-ის მიხედვით, არჩევნები ვენესუელაში სამართლიანად ჩატარდა. გაეროს ორგანიზაციის მიერ დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა იპოვეს საარჩევნო სტანდარტების დარღვევები, რაც მეტწილად შეეხებოდა კერძო საარჩევნო უბნებს და არჩევნების დანიშვნის დროს. გაყალბების საბუთი კი არ მოიძებნა. გაეროს დებულების გამოქვეყნების შემდეგ, გაეროსსავე გაგზავნილმა დამკვირვებლებმა გააპროტესტეს გაეროს დეკლარაცია ვენესუელას არჩევნების შესახებ.[6] აქვე უნდა გავაქარწყლოთ მითი, რომ აშშ-ის მთავრობა, ვენესუელის დემოკრატიის და არჩევნების სტანდარტებით წუხს, და ამიტომ უჭერს მხარს ოპოზიციას. აშშ-ს მოკავშირე ქვეყნებს მიეკუთვნებიან ფილიპინები და საუდის არაბეთი, ისევე როგორც მაგალითად ჰონდურასი, სადაც არჩევნების სტანდარტები ძალიან შორს არის „დემოკრატიულობისგან“.[7] 2018 წლის ვენესუელის არჩევნებში, მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ, არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა, რამაც განაპირობა არჩევნებზე, მოქალაქეების მხოლოდ 48%-ის გამოცხადება, რაც ქვეყნისთვის ისტორიულად დაბალია.[8] კანადური არასამთავროების და ჟურნალისტების დაკვირვებით, საარჩევნო პროცესი ვენესუელაში, ძირითადად შეესაბამებოდა დაწესებულ სტანდარტებს.[9]
 მიუხედავად იმისა, რომ ვენესუელას საკმაოდ ავტორიტარული მთავრობა ყავს, რთულია მადუროსთვის და განსაკუთრებით ჩავესისთვის დიქტატორის დაძახება, თუ გავითვალისწინებთ, რომ ორივემ არჩევნებით მოიპოვა ძალაუფლება. მადუროს შედარება შეიძლება მაგალითად ვლადიმერ პუტინთან, რომლის მმართველობაც ასევე მხარდაჭერილია რუსეთში (ბევრად მეტად ვიდრე მადუროსი, ვენესუელაში). პუტინთან შედარება კარგი რამ საერთოდ არ არის, პირიქით ამით ხაზს ვუსვამ იმას, რომ ვენესუელას ავტორიტარული და კორუმპირებული მთავრობა ჰყავს, თუმცა დიქტატურისგან საკმაოდ შორს არის.

აშშ-ის და გარკვეული ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციები, რა გასაკვირია და საერთოდ არ ეხმარება ვენესუელის ეკონომიკას და პოლიტიკურ მდგომარეობას. თავდაპირველად, ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, სანქციები დაუწესეს მთავრობაში მომუშავე და მთავრობასთან ასოცირებულ კონკრეტულ ინდივიდებს ( მაგალითად, გაყინეს მათი საბანკო ანგარიშები), თუმცა მოგვიანებით სანქციები გადასწვდა მთლიანად ვენესუელის ეკონომიკას. გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ახალი სანქციებს, ყველაზე მეტად გამანადგურებელი ეფექტი ვენესუელას მოქალაქეებზე აქვთ.[10] ეს შეზღუდვები მნიშვნელოვნად აფერხებენ ვენესუელას ეკონომიკური რეცესიის შემობრუნების პერსპექტივას.[11] ისინიც კი, რომლებიც მნიშვნელოვან ოპონირებას უწევენ მადუროს რეჟიმს და ემხრობიან ოპოზიციურ პარტიებს, მიიჩნევენ, რომ ახალ სანქციებს „გამანადგურებელი“ ეფექტი აქვთ.[12]

 ამ ყველაფრის ფონზე, სიტუაცია ვენესუელაში ძალიან საგანგაშოა. ტრამპის ადმინისტრაციას და დისიდენტ ოფიცრებს შორის, რომლებიც სამხედრო გადატრიალებას ისახავენ მიზნად, მნიშვნელოვანი კონტაქტი და მოლაპარაკებები არსებობს.[13] სამხედრო გადატრიალების პერსპექტივა განსაკუთრებით საგანგაშოა იმიტომ, რომ ვენესუელის მოსახლეობის დიდი ნაწილი, არსებულ მთავრობას მხარს უჭერს და ეწინააღმდეგება აშშ-ის გადაწყვეტილებას, გუაიდო პრეზიდენტად აღიაროს. ოპოზიციის გამოსვლების გარდა, კარაკასში მოეწყო საკმაოდ მასშტაბური პრო-სამთავრობო აქციები. გარდა იმისა, რომ ოპოზიციის ლიდერის პრეზიდენტად გამოცხადება, საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევაა, გუაიდო საპრეზიდენტო არჩევნებში არც კი მონაწილეობდა. კონკრეტულად მისი პოპულარობა ვენესუელაში, კი საკმაოდ მწირია. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ საერთაშორისო საზოგადოების ის წარმომადგენლები, რომლებიც მხარს უჭერენ გუაიდოს, ეწინააღმდეგებიან ვენესუელაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ის მხარს დაუჭერს გუაიდოს, თუ ეს მადურო 8 დღის განმავლობაში არ ჩაატარებს ხელახალ არჩევნებს.[14]





[1] Alejandro Velasco, “Explaining the Venezuelan Crisis,” NACLA
[2] https://mg.co.za/article/2011-09-08-oil-together-now-nationalisation-lessons-from-norway, The Political Economy of Oil Production in Latin America, Osmel Manzano and Francisco Monaldi, LACEA’s Journal, fall 2008
[3] https://theconversation.com/venezuela-crisis-is-the-hidden-consequence-of-saudi-arabias-oil-price-war-82178
[4] https://tradingeconomics.com/country-list/government-spending-to-gdp
[5] https://www.ituc-csi.org/IMG/pdf/ituc-global-rights-index-2018-en-final-2.pdf
[6] https://venezuelanalysis.com/analysis/13899
[7] Alexander Main, “Dirty Elections in Honduras, with Washington’s Blessing,” NACLA
[8] Ociel Ali Lopez, “The Venezuelan Opposition Could Win the Elections. Why are they Boycotting?”, NACLA
[9] Venezuelan Presidential Election, Canadian Delegation Observation, Common Frontiers Report- june 2018
[10] Gregory Shupak, 22 March 2018, FAIR
[11] Mark Weisbrot, “Trump’s Sanctions Make Economic Recovery in Venezuela Nearly Impossible,” Nation
[12] Steve Ellner, 25 May 2018, NACLA
[13] Ernesto Londõno & Nicholas Casey, 8 Sept. 2018, New York Times
[14] https://www.reuters.com/article/us-venezuela-politics-france-idUSKCN1PK0CI?utm_campaign=trueAnthem:+Trending+Content&utm_content=5c4c540304d3014bf5ae1294&utm_medium=trueAnthem&utm_source=twitter

Comments

Popular posts from this blog

გლობალური დათბობა, პოლიტიკა და მეცნიერება

ეძღვნება ვატოს 2019 წლის 23 სექტემბერს, 16 წლის აქტივისტი- გრეტა ტუნბერგი გაეროში სიტყვით გამოვიდა. გამოსვლა საკმაოდ ბანალური იყო, როგორც ეს ზოგადად გაეროში სიტყვით გამოსვლებისთვისაა დამახასიათებელი, თუმცა აქტივისტის სიტყვებს საკმაოდ საინტერესო რეაქცია მოჰყვა. კლიმატის ცვლილების „სკეპტიკოსებმა“ მალევა დაიწყეს 16 წლის ბავშვის ლანძღვა და მისთვის ბრალდებების წაყენება, თითქოს ტუნბერგს „იყენებდნენ“, თითქოს მისი ემოციურობა ფარსი იყო. ზოგს აქტივისტის გულწრფელობაში ეჭვი არ შეჰპარვია, მაგრამ იმ ფაქტმა გააღიზიანა, რომ სიტყვით ბ ა ვ შ ვ ი გამოვიდა და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ მოსაზრებას, რომ ტუნბერგი უბრალო თოჯინაა. ისინი ვინც, ამას ამტკიცებენ რატომღაც მიიჩნევენ, რომ 16 წლის ადამიანს არ შეუძლია ჰქონდეს დამოუკიდებელი აზროვნების უნარი ან არ შეუძლია იყოს ემოციური. უშუალოდ ის ფაქტი, რომ ემოციურობა საჯარო სივრცეში ავტომატურად მონათლულია არაგულწრფელობად, საკმაოდ შემაძრწუნებელი ფაქტია და კარგად მიანიშნებს საზოგადოების ამჟამინდელ მდგომარეობაზე.   ტუნბერგის გამოსვლამ, უფრო სწორად მისი გამოსვ

ედვარდ ჰოპერის მხატვრობა

 ბლოგებს და ბლოგერებს ზოგადად ძალიან ირონიულად ვუყურებდი, თუმცა ეჭვი მქონდა, რომ ოდესმე მეც მოვირგებდი "ბლოგერის" სტატუსს, რადგან უმეტეს შემთხვევებში რასაც დავცინი, ბოლოს სწორედ ის ვხდები. თავის გამართლებად ეს საკმარისი იქნება, ახლა დროა საქმეს შევუდგეთ.  დღეს ჩემი განხილვის საგანი იქნება ამერიკელი რეალისტი მხატვრის, ედვარდ ჰოპერის ესთეტიკა. ანუ ვეცდები ავხსნა რა მხატვრულ ხერხებს ხმარობს ის გარკვეული ეფექტის მისაღწევად.   სანამ უშუალოდ რამის გარჩევას დავიწყებდე, მინდა ავღნიშნო რომ მეოცე საუკუნის ამერიკულ მხატვრობაში, ყველაზე მეტად გავრცელებული თემატიკებია; მარტოობა და გაუცხოება. ეს "ტრენდი" ალბათ გამოწვეულია მეორე მსოფლიო ომით, საბჭოთა კავშირთან იდეოლოგიური ჭიდილით და რა თქმა უნდა წარმოუდგენლად დაჩქარებული ეკონომიკური ზრდით. (დეტალებს შემდეგი პოსტისთვის შემოვინახავ)  დასავლური მხატვრობის ისტორიაში გაუცხოების განცდის შესაქმნელად მხატვრები ძალიან კონკრეტულ ხერხებს მიმართავდნენ. პირველ რიგში ფერები უნდა ყოფილიყო ცივი, მაგრამ ძალიან კონტრასტული. სინათლე უნდა მოდ

თანამედროვე სექსიზმი და ევოლუციური ფსიქოლოგია (feat.Jordan Peterson)

 21-ე საუკუნის დებატები პოლიტიკურ და სოციალურ ფილოსოფიაში ნამდვილად აქამდე არნახულია. იმიტომ არა, რომ 21-ე საუკუნეში ახალმა დებატებმა იჩინეს თავი (მცირე გამონაკლისების გარდა; გლობალური დათბობა, მასობრივი მიგრაცია) არამედ იმიტომ, რომ დებატები განახლდა ისეთ საკითხებზე, რომლებიც თითქოს წარსულს ჩაბარდა და ამჟამად მათზე თითქოს კონსენსუსი არსებობს. მაგალითად განახლდა დებატები ეთნოსახელმწიფოების არსებობის ლეგიტიმაციაზე, ინტელექტის რასობრივ განსხვავებებზე და ბოლოს ფემინიზმის ლეგიტიმურობაზე. ახლად აღმოცენებული (ძველი) საკითხების აქტუალობას ბევრი უკავშირებს კაპიტალიზმის ან ლიბერალიზმის კრიზისს, ზოგი სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიების ერას და ა.შ. ეს მოსაზრებები თავისთავად საინტერესოა, თუმცა ერთი რამ მაინც აშკარაა. რაც არ უნდა განაპირობებდეს ანტი-ფემინისტური, ანტი-პლურალისტური და ანტი-ინტერნაციონალისტური განწყობების აღმოცენებას, ის ცუდი არგუმენტები რომლებსაც ეს დისკურსები ემყარებოდა, ისევ ცუდი არგუმენტებია და ამას დრო, კარგად აჩვენებს.  ანტი-ფემინისტური დისკურსის მთავარი არგუმენტის კარიკატ