Skip to main content

ქარის წისქვილები, ანუ POSTV-ის ვრცელი კრიტიკა






წავედი დრაკონებს უნდა ვეჩხუბო- უთხრა დონ კიხოტმა სანჩოს
კი მაგრამ ეგ ქარის წისქვილებია- მიუგო სანჩო პანსამ

(მოგონილი ციტატა დონ კიხოტიდან (უბრალოდ სულ მინდოდა ციტატის გამოყენება ესეის წინ(შესაფერისი ციტატის მოძიება კი რთულია ამიტომ ვიფიქრე სათაური უკვე მაქვს და ბარემ ამას მოვარგებ თქო(მაგრამ დონ კი ხოტის წიგნი არ მქონდა ამიტომ ვერაფერი ვიპოვე)))

(ყურადღება, ტექსტი რომელიც ახლა უნდა წაიკითხოთ შეიცავს საშინელ გრამატიკულ შეცდომებს და არ არის არც გადამოწმებული, არც შესწორებული)


საქართველოში, პოლიტიკა ერთობ უცნაური რამ არის. ერთი მხრივ არსებობს რეალური, ადგილობრივი პოლიტიკური პრობლემები, რომლების საჯაროდ განხილვა ნამდვილად ღირს, მეორე მხრივ გარკვეულ წრეებში, საჯარო დისკუსია მეტწილად არარსებული ან მეორეხარისხოვანი პრობლემების განხილვას ეთმობა. თვითონ ეს ფაქტი უცნაური არაა, მსგავსი ვითარება ხშირად სხვაგანაც იჩენს თავს, თუმცა საქართველოსთვის ეს უცნაური იმიტომ არის, რომ აქ მიმდინარე პოლიტიკური დისკურსი ჩემნაირ და POSTV -ის ანალიტიკოსებისნაირ პრივილეგირებულ ახალგაზრდებს შორის,   ხშირად უბრალო მირაჟია იმისა რაც სხვაგან ხდება და მეტი არაფერი. ეს თავისთავად პრობლემურია თუმცა, როდესაც არარელევანტურ საკითხებს მე განვიხილავ ეს ნაკლებად საზიანოა ქვეყნისთვის იმიტომ, რომ მე ფართო აუდიტორია არ მყავს (არც ვითხოვ რომ მყავდეს) და ჩემ ესეებს ძირითადად რამდენიმე კეთილშობილი ამხანაგი თუ კითხულობს. ვფიქრობ საზიანოა ის, რასაც POSTV აკეთებს იმიტომ, რომ მის ლოგომორგებულ ვიდეოებში ვხედავთ ისეთ ადამიანებს როგორებიც არიან შალვა რამიშვილი, ზაზა შათირიშვილი და ბაჩო ოდიშარია გურისთან ერთად (აქვე გამოვტყდები მე ბაჩოს ფანი ვარ და თვაილაითშიც ედუარდს ვქომაგობდი. ჯეიკობმა რომ თმა შეიჭრა მერე ცოტა იმისკენ გადავიხარე, მაგრამ არ ვიცი... რთული სათქმელია).

 ზედმეტი (თუმცა არაუკანასკნელი) გადახვევების გარეშე იმას ვიტყვი, რომ ნებისმიერ ადამიანს რომელმაც საჯაროდ გადაწყვიტა აზრის გამოთქმა, ეკისრება ერთგვარი პასუხისმგებლობა. ამ შემთხვევაში არ მაქვს საუბარი სამართლებლივ და ლეგალურ პასუხისმგებლობაზე არამედ პიროვნულ და სოციალურზე. მგონია რომ ელემენტარული, საყოველთაოდ გაზიარებული მორალური პრინციპია ადამიანის საჯარო და პრივატული ცხოვრების გამიჯნვა. მავანმა საკუთარ თავს მეტი პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს თუ ის საჯაროდ საუბრობს და მისი ნათქვამის წვდომა ფართოა, რადგან შესაძლოა თქმულს მოჰყვეს ისეთი შედეგები რაც აისახება არამხოლოდ მასზე და მის პუბლიკაზე, არამედ მთლიანად საჯარო სივრცეზე. ამ გაგებით, მაგალითად გიორგი გაბუნია საკმაოდ უპასუხისმგებლო ადამიანია და მიხარია, რომ მის მსგავს ექსტრავაგანტულ გამოსვლეს მეტწილად უარყოფითი რეაქცია მოჰყვება ხოლმე საზოგადოებისგან. გაბუნიასკენ, რუსთავი 2-ისკენ ან იმედისკენ და მსგავსი ტელევიზიებისკენ ხელის გაშვერა მარტივია, თუმცა მე ყოველთვის ისეთი მავნებლობათა გამოაშკარავება მსურს როგორიც არის ჯეიკობის სრულიად არაადეკვატური ქცევა დაოჯახებული ქალის მიმართ (თუმცა აქ ბელა თითქმის თანაბრად დამნაშავეა... ედუარდი უკეთესს იმსახურებს) ან როგორიცაა POSTV ანალიტიკის დაუღალავი შრომა გადაიტანოს საზოგადოების ყურადღება ძალაუფლების ცენტრის კრიტიკიდან, მარგინალიზებული ჯგუფების და იდეოლოგიების კრიტიკაზე. ღირს დაკონკრეტება;

 ბევრი რამ შეიძლება ითქვას მავანზე მის სათქმელზე დაყრდნობით. მასზე თანაბრად ბევრი შეიძლება ითქვას იმის გათვალისწინებით თუ რას არ ამბობს ის. უფრო ზუსტად რომ ვთქვა (და აქ ჰოვარდ ზინის ციტატის დამახინჯებულ პერიფრაზსს გთავაზობთ) ისტორიკოსი რომელიც წარმოადგენს გარკვეულ ისტორიულ ფაქტებს, თუმცა უგულებელყოფს სხვებს არ არის სრულად გულწრფელი. მაგალითად, ისტორიკოსი რომელიც ქრისტეფორე კოლუმბის მოგზაურობას აღწერს როგორც შესანიშნავი აღმოჩენებით და გმირული თავგადასავლებით სავსე ისტორიას და არ ახსენებს ყოველივეს რაც მან და მისმა ქვეშერმდგომებმა ჩაიდინეს ამერიკის კონტინენტზე ისტორიას ძალიან მიკერძოებულად ხატავს. იგივე შეიძლება ითქვას ნებისმიერ მავანზე რომელიც რაიმე მომხდარის ანალიზსს გვთავაზობს, მითუმეტეს საჯაროდ.  იმის მიხედვით თუ რაზე აკეთებს აქცენტს მთხრობელი, ძალიან კარგად ჩანს მისი პრიორიტეტები. ხოლო თუ შევხედავთ რაზე აკეთებს აქცენტებს POSTV და მისი ანალიტიკური ჯგუფი, ძალიან სამწუხარო სურათს ვხედავთ;

 მომიტევეთ ლიბერალური გულუბრყვილობა, თუმცა მგონია რომ მსოფლიოში პირველი კრიტიკის ობიექტი უნდა იყოს ის რაც ყველაზე მჭიდროდ არის ასოცირებული ძალაუფლებასთან და შესაბამისად მოაზროვნე ადამიანის ვალია აკრიტიკოს ის ინსტიტუტები, რომლებსაც გააჩნიათ რეალური ძალაუფლება ადამიანებზე და მათ ცხოვრებაზე. ამგვარად თუ ჩემი მიზანია, საჯარო მიმართვით იქნება ეს ვიდეო ესეი თუ რამე სხვა, შევცვალო მსოფლიო ან უშუალო გარემოცვა უკეთესობისკენ, ლოგიკურია ვაკრიტიკო ის ვისაც ან რასაც უკავია ძალაუფლება. ეს ცხადია არ გამორიცხავს პოპ-კულტურის, მუსიკის ან რაიმე სხვის საჯაროდ კრიტიკას. გააჩნია უბრალოდ რა არის ჩემი მიზანი. თუ კი საერთოდ რამე ცვლილება მოაქვს ჯანსაღ საჯარო დისკუსიას (და მჯერა რომ ასეა), ლოგიკურია რომ ის ამოვიღო მიზანში რაც წინ უდგას ამ ცვლილებას. აქედან გამომდინარე, თუ მიზანზე ვთანხმდებით, პრიორიტეტების განსაზღვრაც მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ საქართველოს მოქალაქისთვის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს პირველ რიგში ქართული საზოგადოების, მისი მთავრობის, მასთან ასოცირებული კორპორაციების და ფინანსური ინსტიტუტების კრიტიკა იმიტომ რომ ყველაზე დიდი გავლენა ქართველ ხალხს, პოლიტიკური ცხოვრების ამ მოთამაშეებზე აქვს და სწორედ ეს ინსტიტუტები სარგებლობენ ყველაზე დიდი ძალაუფლებით და ყველაზე მეტად ისინი განსაზღვრავენ საქართველოს ყოფას. ამის შემდეგ მიზანშეწონილია ვაკრიტიკოთ ჩვენი ქვეყნის და მათი მოკავშირეების ქმედებები და სულ ბოლოს უნდა განიხილებოდეს ჩვენი „მტრების“ კრიტიკა.

 როგორც ჩანს, POSTV ანალიტიკის და მთლიანად ამ „ტელევიზიის“ გუნდი ზემოხსენებულს- ჩემთვის ძალიან აშკარა სენტიმენტს არ იზიარებს. ამ შემთხვევაში მხედველობაში მაქვს ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. თქვენი ყურადღება მინდა მივიქციო POSTV-ის ბოლო რამდენიმე ვიდეოზე.

 მაგალითად ვიდეო „რ2-ის ფეიკი საპროტესტო აქციაზე“ დრამატულ მუსიკასთან თანხლებით მაყურებელს უსვამს კითხვას; „რატომ არსებობს ეჭვი რომ პარლამენტის წინ მინდინარე პერმანენტულ აქციას ნაც მოძრაობის მხარდამჭერები წარმართავენ?“ კითხვა სრულიად არარელევანტურია, თუმცა ამაზე მოგვიანებით. როგორც POSTV-ის გენიალური დეტექტიური საქმიანობიდან ვიგებთ, მიშა მშვილდაძემ აქციის მსვლელობისას განაცხადა რომ გია ჯალაღონია და აქციის დამშლელი სპეცრაზემელები მთავრობამ ანტალიაში გაუშვა დასასვენებლად. სინამდვილეში კი აქციის დარბევისას დაშავებული სპეცრაზმელები სამკურნალოდ მიფრინავდნენ სტამბულში და მათ  მკურნალობს აფინანსებდა ფონდი „ქართუ“. ამას მოგვიანებით მოჰყვა ინტერვიუ სპეცრაზმელის მეუღლესთან, რომელიც დრამატული სენტიმენტური მუსიკის ფონზე კალთაში ჩასმულ ბავშვს ეკითხება; „გენატრება მამიკო?“ მერე ბავშვი ტირის და სპეცრაზმელის მეუღლე საზოგადოებას მოგვმართავს რომ არ დავიჯეროთ რ2-ის სიცრუე და რომ „ისინი (სპეცრაზმელის ოჯახი) არიან დაზარალებული მხარე“. (შენელებული კადრები მეტი დრამატული ეფექტისთვის).

 რატომ არის ჩემთვის ეს ვიდეო პრობლემური?
გარდა იმისა, რომ ოჯახის ტრაგედია ამ შემთხვევაში საზიზღარი  მუსიკალური აკომპანიმენტით არის გადმოცემული ის მიზნად ისახავს იმას, რასაც მინიმუმ ყოველი მეორე POSTV-ის ვიდეო ისახავს მიზნად, რ2-ის და ოპოზიციური პარტიების დისკრედიტაციას. ყალბი ინფორმაციის გამოაშკარავება მნიშვნელოვანია და ამის გაკეთება საკმაოდ კარგი საქმეცაა თუმცა ვიდეოს პათეტიკურობა და ის ფაქტი, რომ ვიდეო არ პასუხობს მის პროლოგში წამოჭრილ შეკითხვას, POSTV-ის აცლის ყველანაირ გულწრფელობას. ვიდეოს მიზანია ყველაზე იაფფასიანი ხრიკებით ითამაშოს მაყურებლის სენტიმენტებზე, რამაც უნდა გაამყაროს მათში შემდეგი აზრი; რ2 და ნაცმოძრაობა-ცუდი.

 ზოგადად მიმდინარე საპროტესტო აქციების გაშუქება POSTV-ის მხრიდან, ცდილობს მოახდინოს ძალიან გულწრფელი საპროტესტო მუხტის დისკრედიტაცია და პასუხიმსგებლობა დააკისროს არა მთავრობას, რომელიც მთავარი დამნაშავეა 20 ივნისის ღამის მოვლენებში, არამედ ნაციონალურ მოძრაობას. ამავე ვიდეოში იკვეთება რამდენიმე აშკარა პრობლემა, რომელიც ამ მთავრობის პირობებში არსებობს თუმცა ამ პრობლემებზეც POSTV ჩუმად არის. მაგალითისთვის;

 რატომ აფინანსებს ფონდი ქართუ, რომლეიც იდეაში საქველმოქმედო ფონდია, განყენებული პოლიტიკისგან, სპეცრაზმელების მკურნალობას? ან საერთოდ რატომ მიდიან სამკურნალოდ სპეცრაზმელები სტამბულში? რა მორალური საფუძველი შეიძლება ჰქონდეს საქველმოქმედო ფონდს, რომელიც აფინანსებს სპეცრაზმელების მკურნალობას მაგრამ თვალზე ხელს იფარებს ( pun intended) პროტესტის დაშავებულ მონაწილეებზე? ან საერთოდ კი რა შეიძლება ითქვას იმაზე, რომ ფონდი ქართუ ასე მკვეთრად არის ჩართული ქართულ პოლიტიკაში, რომ სპეცრაზმელებს აფინანსებს და თან საქართველოს მოქალაქეების ვალებს ისტუმრებს. ასეთი საქველმოქმედო ფონდის არსებობა გარდა იმისა რომ თავისთავად საეჭვოა, შემაცბუნებელია ისიც, რომ ეს ფონდი ძალიან მჭიდრო კავშირშია (და მჭიდრო კავშირი აქ ევფემიზმია) ბიძინა ივანიშვილთან, ძალაუფლებაში მყოფი პარტიის არათუ წევრთან არამედ მის დამფუძნებელთან და ლიდერთან. წარმოიდგინეთ რამხელა სკანდალი იქნებოდა მსგავსი მოვლენა ნებისმიერ განვითარებულ სახელმწიფოში? ნუთუ არ ვიმსახურებთ ბაჩო ოდიშარიასგან ერთ-ორ სიტყვას დელუზეს და ფუკოს ნაშრომებზე დაყრდნობით საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, მმართველ პარტიაზე და მის მავნებლობებზე? (ორი რამ მინდა მარტო ახლო მომავალში, ლავა ნათურა და ბაჩო ოდიშარიას საუბრის მოსმენა ფუკოზე. (მარტო ვიზუალური მსგავსების გამო არა, თუმცა მეტწილად ამიტომ)).
 ყოველივე რაც ვახსენე POSTV ანალიტიკის გუნდისთვის, როგორც ჩანს უინტერესოა. მათი პრიორიტეტი, როგორც აღვნიშნე ნაციონალური მოძრაობის კრიტიკაა. შესაბამისად ამხანაგი ოდიშარია და სულთანიშვილიც იგივე არასწორ აქცენტებს აკეთებენ საჯარო მიმართვებისას, რასაც POSTV-ის დანარჩენი გუნდი უშვებს;

 გურიზმების ბოლო სერიაში, ბატონი გური სულთანიშვილი 1-2 სიტყვას ამბობს მთავრობის „შეცდომაზე“, როგორ ვერ შეძლო პოლიტიკური უპირატესობის მოპოვება ოცნებამ, როგორ დავიდა ის ნაციონალების დონეზე და ა.შ, თუმცა მთავარი ბრალდება ოცნების (და სავარაუდოდ ჩვენ ლიბერალ ახალგაზრდათა მიმართ) არის ის, რომ მან ვერ შეძლო ნაციონალური მოძრაობის გარიყვა. მისი თქმით, [პოლიტიკური] კრიზის დაძლევისთვის აუცილებელია „განაჩენის კომპონენტი“. „შესაბამისად განაჩენი უნდა იყოს ნაციონალური მოძრაობის მიმართ, აუცილებელია ნაციონალურ მოძრაობას, ყოფილ და ახლანდელ წევრებს, მათ საჯარო დისკურსს... მიეცეს შეფასება და აღარ ჰქონდეთ წვდომა საჯარო სივრცეზე, დისკურსების შექმნაზე...“

 აქ არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რამდენად ტოტალიტარულ და საფუძველს მოკლებულია ბატონი სულთანიშვილის ეს რიტორიკა.  საღად მოაზროვნე ადამიანისთვის, ეს აშკარა უნდა იყოს თუმცა თუ ბატონი სულთანიშვილი შემომედავება, სიამოვნებით განვუმარტავ. 

ის, რომ ნაციონალური მოძრაობის აკვიატება პარლამენტში შევარდნილიყვნენ, ტოტალური სიბრიყვის მწვერვალი იყო, თითქმის ყველას ძალიან კარგად გვესმის. ეს ესმით მათაც ვინც ორ კვირაზე მეტია პარლამენტის წინ დგას. ისიც ვიცით, მათ შორის მათ ვინც პარლამენტთან დგას, რომ რ2 მუდამ ავრცელებს დეზინფორმაციას. მარტივად რომ ვთქვა, „გვახსოვს“.

 ის „ლიბერალები“, რომლებზეც გური და ბაჩო (ახლა ბაჩო მხვდება ყურში ცუდად, მაგრამ გური და ოდიშარია ცუდად ჟღერს.) იმ „ლიბერალების“ ჯგუფში,  მუდმივად ატარებენ გამოკითხვებს. ამ ჯგუფის მარტივი გადამოწმებით POSTV ანალიტიკის გუნდი მარტივად შენიშნავდა, რომ „თავისუფლების გამავრცელებელ საზოგადოებაში“ (ღმერთო რა პრეტენზიული სახელია) ნიკა მელიას დაკითხვას და გასამართლებას აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობოდა. ბატონი გური და ბაჩო იმასაც შენიშნავდნენ, რომ იმ აქციაზე მყოფი ადამიანები ნაცმოძრაობის და ევროპული საქართველოს წარმომადგენლებს მთლად კეთილგანწყობით არ ხვდებიან.  უბრალოდ მოცემულობაა ასეთი; ხალხი, მათ შორის „ლიბერალები“ უკმაყოფილონი არიან მთავრობით. გახარია, განურჩევლად იმისა გასცა თუ არა მან უშუალოდ ბრძანება რეზინის ტყვიების გამოყენების ან/და ხალხისთვის დამიზნებით სროლის, უნდა გადადგეს. მითუმეტეს უნდა გადადგეს თუ სპეცრაზმის ძალადობა ორკესტრირებული იყო ნაციონალური მოძრაობის მიერ, როგორც ამას ერთი ახალი შეთქმულების თეორია მოგვითხრობს. იმიტომ, რომ გარდა იმისა, რომ სპეცრაზმმა უმოწყალოდ დაარბია უდანაშაულო ადამიანები , მთავრობის ცხვირწინ საქართველოსთვის არნახული ზომის შეთქმულება მოეწყო. არ აქვს მნიშვნელობა, რა „დასკვნას“ წარმოადგენს დარბევის გამოძიება. როგორიც არ უნდა იყოს გამოძიების გამოსავლიანობა, გახარია უნდა გადადგეს. ეს მოთხოვნა ძალიან ლეგიტიმურია, არ აქვს მნიშვნელობა მას ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო უჭერენ მხარს, თუ არა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ აქციის მონაწილეთა უმრავლესობა ძალიან ღიად მიესალმა პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებას, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების წუწუნის მიუხედავად. საპროტესტო აქციებზე შეთანხმებული 3 მოთხოვნა არის სრულად ლეგიტიმური და ეს იცის როგორც ბაჩომ, ისე გურიმ.

 ბოლოს ისიც მინდა ვთქვა, რომ გურიც და ბაჩოც მუდმივად იმეორებენ, რომ თანამედროვე ლიბერალებს უყვართ ადამიანებისთვის იარლიყების მიკერება და რომ ისინი მუდამ „განდევნიან“ მათ, ვინც ლიბერალურ ნარატივს არ იზიარებენ და ა.შ. ეს მხოლოდ ნაწილობრივ არის მართალი. თუ ლიბერალიზმის ხატად, წარმოვადგენთ გაბრაზებულ თინეიჯერს ფეისბუქზე რომელიც მისთვის არასასურველ ფოტოებს/ვიდეოებს აჰაჰაჰა-ვებს ან თამარ ჩერგოლეიშვილს, კი, ლიბერალიზმი მართლაც ისაა რასაც ბატონი გური და ბაჩო აღგვიწერენ. იგივე წარმატებით, მე შემიძლია ვთქვა, რომ „კონსერვატორები“ ჰომოფობი ნაცისტები არიან და კონსერვატორის ხატად მოვიყვანო ბრეგაძე ან კორკოტა. იარლიყების მიკერება არ არის „ლიბერალური ნარატივის“ არც გავრცელებული, არც მოგონილი, ის პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია და სამწუხაროდ გარდაუვალი.

 საკმაოდ დიდ ხანს ვიფიქრე დამეწერა თუ არა ეს ესეი, თუ ჯობდა მესამედ მენახა თვაილაითის ტრილოგია მარტოს ბეთანიაში. ჩემი ყოყმანი იმან განაპირობა, რომ ჩემკენაც ყოფილა მიმართული მსგავსი „იარლიყების მოკერება“. თუ ჩემ ბლოგს გადახედავთ, მარტივად აღმოაჩენთ რატომ. რუსეთუმეს თითქმის ყველა კრიტერიუმს ვაკმაყოფილებ; მგონია, რომ საქართველოა დამნაშავე 8 აგვისტოს კონფლიქტის ესკალაციაში, არ მინდა ნატოს წევრობა, მგონია რომ აშშ-ის საგარეო პოლიტიკა ძალიან არასწორია და ა.შ, მაგრამ ეს ყველაფერი უმნიშვნელოა. რაც არ უნდა მძაგდეს ნატო, ნაციონალური მოძრაობა, მისი „ნეო-ლიბერალური“ პოლიტიკა, ბელა და ჯეიკობი... ჩემი ჩართულობა ამ საპროტესტო აქციებზე და მათი მხარდაჭერა განპირობებულია იმით, რომ მოთხოვნები არის სამართლიანი და არარელევანტურია ვინ დგას ამ მოთხოვნებს მიღმა.

მოქალაქის ვალი, მითუმეტეს ისეთი მოქალაქის რომელიც თავს „კულტურის კრიტიკოსს“ ეძახის, არის გამოაშკარავება იმ ძალაუფლების მქონე ინსტიტუტების, რომლებიც შეიძლება უდანაშაულოდ გვევლინებიან მაგრამ მეტწილად ისინი განაპირობებენ ჩვენ ცხოვრებას. ის რაც მოხდა 20 ივნისს, მიუხედავად იმისა რომ ნაციონალური მოძრაობის პროვოცირებული იყო თუ არა, არის მთავრობის პასუხისმგებლობა. და ბატონი სულთანიშვილის სიტყვებით რომ ვთქვა, კრიზისის გადაჭრისთვის განაჩენი უნდა იქნეს გამოტანილი. ოღონდ პირველ რიგში, უნდა დაისაჯოს ჯალათი.

P.S
#TeamEdward



Comments

  1. ჩემი აზრის დაფიქსირება მომინდა და იმის თქმა რომ ძალიან საინტერესო ნააზრევია, საღი და ობიექტური! ბევრს ვერ ნახავ ეგეთს დღეს, ბევრს რა - საერთოდ ვერ ნახავ 🙄. ეს არხი (პოსტვ) ზუსტად ასახავს დღევანდელობას საქართველოში, კერძოდ იმას რომ ობიექტური კრიტიკა ამ ქვეყანაში არ არსებობს. კრიტიკის კულტურა არ გაგვაჩნია არაფერში, რა ვქნათ 🤷‍♀️. მთავრობას თუ აკრიტიკებ აპრიორში ნაცი ხარ, მორჩა და დამთავრდა! წარმოუდგენელია, რომ უბრალოდ გაუმჯობესების მიზნით აკრიტიკო ვინმე (ფიდბექის აუცილებლობის მნიშვნელობა არ ესმის არავის). ამ არხს რო მოუსმენ ისეთ ბრტყელ ბრტყელ ფრაზებს აბრეხვებენ შეიძლება იფიქრო გენიოსები არიანო :დ და მერე იმდენ სისულელეს ამბობენ, არც მჯერა რომ მასე ფიქრობენ. სჯერათ ალბათ, აბა ვინ აძალებთ ლაპარაკს, ხოდა ილაპარაკონ! ჩვენც მათ ნუ დავემსგავსებით და ქოცობას ნუ დავწამებთ :დ საღი აზროვნების ადამიანებს მაინც სასაცილოდ არ ყოფნით მაგათი მაღალფარდოვანი ბოდიალი. ან აი რა საჭიროა ასე ლაპარაკი სხვაზე ჭკვიანები მაინც ვერ ჩანან 🤷‍♀️
    კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო რომ ძალიან საინტერესო ნააზრევია! ბლოგს გამოვიწერდი ამის საშუალება რომ იყოს :)

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

გლობალური დათბობა, პოლიტიკა და მეცნიერება

ეძღვნება ვატოს 2019 წლის 23 სექტემბერს, 16 წლის აქტივისტი- გრეტა ტუნბერგი გაეროში სიტყვით გამოვიდა. გამოსვლა საკმაოდ ბანალური იყო, როგორც ეს ზოგადად გაეროში სიტყვით გამოსვლებისთვისაა დამახასიათებელი, თუმცა აქტივისტის სიტყვებს საკმაოდ საინტერესო რეაქცია მოჰყვა. კლიმატის ცვლილების „სკეპტიკოსებმა“ მალევა დაიწყეს 16 წლის ბავშვის ლანძღვა და მისთვის ბრალდებების წაყენება, თითქოს ტუნბერგს „იყენებდნენ“, თითქოს მისი ემოციურობა ფარსი იყო. ზოგს აქტივისტის გულწრფელობაში ეჭვი არ შეჰპარვია, მაგრამ იმ ფაქტმა გააღიზიანა, რომ სიტყვით ბ ა ვ შ ვ ი გამოვიდა და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ მოსაზრებას, რომ ტუნბერგი უბრალო თოჯინაა. ისინი ვინც, ამას ამტკიცებენ რატომღაც მიიჩნევენ, რომ 16 წლის ადამიანს არ შეუძლია ჰქონდეს დამოუკიდებელი აზროვნების უნარი ან არ შეუძლია იყოს ემოციური. უშუალოდ ის ფაქტი, რომ ემოციურობა საჯარო სივრცეში ავტომატურად მონათლულია არაგულწრფელობად, საკმაოდ შემაძრწუნებელი ფაქტია და კარგად მიანიშნებს საზოგადოების ამჟამინდელ მდგომარეობაზე.   ტუნბერგის გამოსვლამ, უფრო სწორად მისი გამოსვ

ედვარდ ჰოპერის მხატვრობა

 ბლოგებს და ბლოგერებს ზოგადად ძალიან ირონიულად ვუყურებდი, თუმცა ეჭვი მქონდა, რომ ოდესმე მეც მოვირგებდი "ბლოგერის" სტატუსს, რადგან უმეტეს შემთხვევებში რასაც დავცინი, ბოლოს სწორედ ის ვხდები. თავის გამართლებად ეს საკმარისი იქნება, ახლა დროა საქმეს შევუდგეთ.  დღეს ჩემი განხილვის საგანი იქნება ამერიკელი რეალისტი მხატვრის, ედვარდ ჰოპერის ესთეტიკა. ანუ ვეცდები ავხსნა რა მხატვრულ ხერხებს ხმარობს ის გარკვეული ეფექტის მისაღწევად.   სანამ უშუალოდ რამის გარჩევას დავიწყებდე, მინდა ავღნიშნო რომ მეოცე საუკუნის ამერიკულ მხატვრობაში, ყველაზე მეტად გავრცელებული თემატიკებია; მარტოობა და გაუცხოება. ეს "ტრენდი" ალბათ გამოწვეულია მეორე მსოფლიო ომით, საბჭოთა კავშირთან იდეოლოგიური ჭიდილით და რა თქმა უნდა წარმოუდგენლად დაჩქარებული ეკონომიკური ზრდით. (დეტალებს შემდეგი პოსტისთვის შემოვინახავ)  დასავლური მხატვრობის ისტორიაში გაუცხოების განცდის შესაქმნელად მხატვრები ძალიან კონკრეტულ ხერხებს მიმართავდნენ. პირველ რიგში ფერები უნდა ყოფილიყო ცივი, მაგრამ ძალიან კონტრასტული. სინათლე უნდა მოდ

თანამედროვე სექსიზმი და ევოლუციური ფსიქოლოგია (feat.Jordan Peterson)

 21-ე საუკუნის დებატები პოლიტიკურ და სოციალურ ფილოსოფიაში ნამდვილად აქამდე არნახულია. იმიტომ არა, რომ 21-ე საუკუნეში ახალმა დებატებმა იჩინეს თავი (მცირე გამონაკლისების გარდა; გლობალური დათბობა, მასობრივი მიგრაცია) არამედ იმიტომ, რომ დებატები განახლდა ისეთ საკითხებზე, რომლებიც თითქოს წარსულს ჩაბარდა და ამჟამად მათზე თითქოს კონსენსუსი არსებობს. მაგალითად განახლდა დებატები ეთნოსახელმწიფოების არსებობის ლეგიტიმაციაზე, ინტელექტის რასობრივ განსხვავებებზე და ბოლოს ფემინიზმის ლეგიტიმურობაზე. ახლად აღმოცენებული (ძველი) საკითხების აქტუალობას ბევრი უკავშირებს კაპიტალიზმის ან ლიბერალიზმის კრიზისს, ზოგი სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიების ერას და ა.შ. ეს მოსაზრებები თავისთავად საინტერესოა, თუმცა ერთი რამ მაინც აშკარაა. რაც არ უნდა განაპირობებდეს ანტი-ფემინისტური, ანტი-პლურალისტური და ანტი-ინტერნაციონალისტური განწყობების აღმოცენებას, ის ცუდი არგუმენტები რომლებსაც ეს დისკურსები ემყარებოდა, ისევ ცუდი არგუმენტებია და ამას დრო, კარგად აჩვენებს.  ანტი-ფემინისტური დისკურსის მთავარი არგუმენტის კარიკატ